საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ერთობლივი საერთაშორისო მისიები განიხილეს.
“გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფოს მეთაურის რანგში, ნატოში პირველი ვიზიტისას აქცენტი გააკეთა იმ პროგრესზე, რომელიც საქართველომ ალიანსთან ინტეგრაციის გზაზე განიცადა. საუბრის თემა ასევე იყო ის გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო დგას. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს, საოკუპაციო ზოლში მავთულხლართების ინსტალაციის გაგრძელებას და ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებების გაფორმებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან.
ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ნატო იჩენს საქართველოს ინტეგრაციის გზაზე და ასევე იმ განცხადებებისთვის, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებების გაფორმების შეფასებისას გააკეთა. ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე ლიდერებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს შიეარაღებული ძალების მონაწილეობაზე საერთაშორისო მისიებში და მათ წვლილზე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“,-აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.