„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამერიკის ელჩის ივანიშვილთან ვიზიტს სამთავრობო ცვლილებებთან არავითარი კავშირი არ აქვს“
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მინისტრთა კაბინეტში „რესპუბლიკელთა“ დანიშვნა ამერიკის ჩარევით მოხდა.
როგორც სამინიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ამერიკის ელჩის ივანიშვილთან ვიზიტს მთავრობის ახალი წევრების დანიშვნასთან საერთო არაფერი აქვს. „იმის გამო, რომ დაემთხვა და ამერიკის ელჩი იმ დღეებში, როცა მთავრობაში ცვლილებები იყო, ყოფილ პრემიერთან იმყოფებოდა, ერთგვარი საფუძველი გახდა იმისა, რომ დისკუსია დაწყებულიყო, თითქოსდა, „რესპუბლიკებლების“ დანიშვნა ამერიკის ან დასავლეთის მოთხოვნა თუ შეთავაზება იყო. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამერიკის ელჩის ივანიშვილთან ვიზიტს სამთავრობო ცვლილებებთან არავითარი კავშირი არ აქვს. „რესპუბლიკურ პარტიას“ ამაზე არასდროს არ უმსჯელია მანამ, სანამ ეს ცვლილებები არ განხორციელდა და სანამ მეშვიდე მინისტრმა არ დატოვა მინისტრთა კაბინეტი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, მიგვეღწია იმისთვის, რომ არ მომხდარიყო მინისტრების იმ რაოდენობის ცვლა, რომ ნდობის საკითხი დამდგარიყო“,- აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.