კახა კალაძე: მე ზოგადად, ტარიფებში სუბსიდირების მომხრე არ ვარ

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის სავარაუდო მატებასთან დაკავშირებულმა თემამ გარკვეული ხმაური გამოიწვია. ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
„მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კომპანიებმა მარეგულირებელ კომისიაში განაცხადი შეიტანეს და მარეგულირებელი კომისია სრულიად დამოუკიდებელი ორგანოა. ის ვალდებულია, დათვალოს თუ რაიმე პრობლემები შეუქმნა ლარის დევალვაციამ ენერგოკომპანიებს, შესაბამისად, მათ 10 სექტემბრამდე აქვთ ვადა, რომ ტარიფის გადათვლა მოახდინონ და თუ იქნება ტარიფის მომატებაზე საუბარი, ეს იქნება ყველასთვის ცნობილი, ანუ თუ მოიმატებს ელექტროენერგიაზე საფასური. შემდეგ მთავრობამ უნდა იმსჯელოს ისევ სუბსიდირებას მოახდენს, თუ მოსახლეობისთვის და კომერციული ობიექტებისთვის ტარიფის მომატება მოხდება“, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, არის თუ არა ის პირადად სუბსიდირების მომხრე, კალაძემ აღნიშნა, რომ ამის მომხრე არ არის.
„მე ზოგადად, სუბსიდირების მომხრე არ ვარ. მიმაჩნია, რომ ეს გარკვეულ ეტაპზე შეიძლება მისაღები იყოს, მაგრამ გრძელვადიან პროცესში ეს ძალიან მძიმე იქნბება ჩვენი ბიუჯეტისთვის, იქნება რთული კომპანიებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.
„ენეორგო-პრო ჯორჯიამ“ სემეკ-ს ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვის მოთხოვნით 23 აპრილს მიმართა. ენერგოსადისტრიბუციო კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ტარიფების კორექტირების აუცილებლობა ელექტროენერგიის შესყიდვის საფასურის გაძვირებამ გამოიწვია. სადისტრიბუციო კომპანია „ენერგო-პრო“, რომელიც ელექტროენერგიას ყიდულობს და შედმეგ საქართელოს აბონენტებზე ყიდის აცხადებს, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის ფასი 30%-ით გაძვირდა. დააკმაყოფილებს თუ არა სემეკი კომპანიის ამ მოთხოვნას, 10 სექტემბერს გახდება ცნობილი. სემეკ-მა ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 10 სექტემბრამდე უნდა გამოიტანოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები