„ჩვენთვის ღირებულია ქართული კულტურა…“
„ყოველთვის ძალიან მიყვარდა კლასიკური ლიტერატურა, რაც ჩემი სკოლის მასწავლებლის დამსახურებაა. ამიტომ გადავწყვიტე თურქოლოგი გამვხდარიყავი და სკოლის დამთავრების შემდეგ, ანკარის ათათურქის სახელობის უნივერსიტეტში თურქული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სადიპლომო კი დოსტოევსკის რომანების მიხედვით დავიცავი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მოსკოვში წავედი სამუშაოდ, რუსული ენა რომ მესწავლა და ორიგინალში წამეკითხა რუსული კლასიკური ნაწარმოებები. რუსეთის შემდეგ, სხვადსხვა ქვეყნებში ვმუშაობდი და ათი წლის წინ ჩემი ნაცნობის მოწვევით, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, მეც ჩამოვედი. საქართველოდან უფრო ახლოს ვარ თურქეთთან და დედასთან…“ – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, პრორექტორი სამეცნიერო-კვლევით დარგში ილიას უსტუნიერი.
– როგორ საქართველოს იცნობდით და როგორი დაგხვდათ?
– მე საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ დროს ჩამოვედი. ქართველების და საქართველოს შესახებ, ძალიან ცოტა რამ ვიცოდი ერთ-ერთი ქართველისგან, რომელიც ჩემს ქალაქში ცხოვრობდა. აგრეთვე, ერთ-ერთი თურქი მწერლის რომანიდან, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში იყო საქართველოში და თავის წიგნში ქართველებს ძალიან თბილ ადამიანებად ახასიათებს. უნდა ვაღიარო, რომ ნამდვილად ასეა. ბინა რომ ვიქირავე, დიასახლისმა ნატალია რამონამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. მისი დამსახურებაა, რომ მე საქართველო და ქართველები ასე ძალიან მიყვარს. დედას ხშირად ვეუბნებოდი, აქ არის ქალი, რომელიც შენ ძალიან გგავს. მისგან ძალიან ბევრი კარგი მახსოვს, „შვილოს“ მეძახდა და მეც ვთვლი, რომ ის ჩემი მეორე დედაა. როდესაც თურქეთში ეკონომიკური პრობლემები იყო, ძალიან დამეხმარა. დღემდე მისი ხშირი სტუმარი ვარ.
– ყველაზე ძალიან რა მოგწონთ საქართველოში…
– ძალიან მომწონს ქართული კულტურა. ქართველების დამოკიდებულება უცხოელებისადმი, სტუმართმოყვარეობა. შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ქართველები უფრო სტუმართმოყვარეები არიან, ვიდრე თურქები. არადა, თურქი ხალხიც გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით, მაგრამ ქართველები ძალიან ყურადღებიანები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ, გამიჭირდებოდა საქართველოში დარჩენა.
– თქვენ ხართ ექვსი წიგნის ავტორი, რომლებიც საქართველოზე თურქულ ენაზე დაიწერა…
– დიახ. სანამ, საქართველოში ჩამოვიდოდი, მინდოდა გამეცნო ქართული კულტურა, მენტალიტეტი, მაგრამ ერთი წიგნიც კი ვერ ვიპოვე თურქულ ენაზე. საქართველოში რომ ჩამოვედი, ბუკინისტებთანაც კი დავდიოდი, რომ საქართველოს ისტორია და კულტურა შემესწავლა. უკვე ათი წელია, ფაქტობრივად დღე და ღამე ვმუშაობ ამ წიგნების გამოსაცემად, რომელთა შორის არის: „ქართული იდენტობა“, რომელიც თურქეთში ბესტსელერია; აგრეთვე, წიგნი „ქართული კულტურა“. ამ წიგნში მე გადმოვეცი ყველაფერი ის, რაც ჩემი თვალით ვნახე, გავიგე და ვისწავლე. გამოიცა „ქართული ენა და ლიტერატურა“, რომლებიც სახელმძღვანელოებია თურქეთის უნივერსიტეტებში. გამოვიდა წიგნი „შრომები თურქული ლიტერატურის შესახებ საქართველოში: დისერტაციები“, რომლის ავტორიც ვარ. ასევე, ნათარგმნი მაქვს „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა გეოგრაფიაში სოციო-ლინგვისტური პრობლემები“ და „ქართული თურქოლოგიის ფუძემდებელი, აკადემიკოსი სერგი ჯიქია“. ძალიან მალე გამოვა კიდევ ერთი, მეშვიდე წიგნი „ქართველები თურქულ ლიტერატურაში“.
თურქულ ენაზე გამოვიდა ჩვენი უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორის თარგმანი – ქართველი მწერლის და პოეტის ბესიკ ხარანაულის ლექსები და წიგნი „ქართული ენა“. ასევე, თურქეთში გამოიცემა ჩვენი უნივერსიტეტის მოქმედი ლექტორის წიგნი „მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურა“. თურქეთიდან უკვე მწერენ, რომ ჩემი წიგნებით ეცნობიან საქართველოს კულტურას, ლიტერატურას, ხალხს.
ბოლო ათი წლის განმავლობაში თურქეთის ოთხი ქალაქის სხვადასხვა უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტები გაიხსნა. უფრო ღრმავდება ინტერესი ქართული ენის მიმართ, განსაკუთრებით სტამბოლში.
აგრეთვე, მე გარკვეული კვლევა ჩავატარე და შევისწავლე, რომელი თურქი მწერლების შემოქმედება ითარგმნა ქართულ ენაზე. უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს. ორჰან ფამუქი საქართველოში ყველაზე პოპულარული მწერალია და მისი შემოქმედება მთლიანად არის ნათარგმნი. ასევე, ნათარგმნია თურქი ავტორები: ნაზიმ ჰიქმეთი, ორჰან ქემალი, აზიზ ნესიმ, საბაჰათინ ალი და სხვები.
– თქვენ, ძირითადად, უნივერსიტეტში ხართ და ახალგაზრდებთან, მომავალ თაობასთან, მუდმივი კავშირი გაქვთ. მათგან არის ერთმანეთის კულტურის გაცნობის ინტერესი ?
– ჩვენს უნივერსიტეტში ძალზე მულტიკულტურული და მეგობრული ატმოსფერო სუფევს, რის საშუალებითაც ჩვენს სტუდენტობას საშუალება ეძლევა, გაეცნოს სხვადასხვა კულტურებს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთან 14 ქვეყნის სტუდენტები სწავლობენ, რომლებიც ეცნობიან ქართულ კულტურას. მათთვის უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი უფასო კურსებია გახსნილი. სხვა უცხო ენებთან შედარებით, თურქული ენა პოპულარობით არ სარგებლობს. ჩვენი სტუდენტობის მხოლოდ შვიდი პროცენტი სწავლობს თურქულ ენას.
ჩვენი ამოცანაა, ორის ქვეყნის წარმომადგენელებმა უფრო კარგად გავიცნოთ ერთმანეთი. ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობის მძიმე წლები გამოვიარეთ. საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში რომ ჩამოსულიყავი, მოსკოვიდან უნდა აგეღო ნებართვა. არაფერი ვიცოდით ერთმანეთის შესახებ და არაობიექტური წარმოდგენებიც გვქონდა ერთმანეთზე. თურქებს გვაქვს ასეთი გამონათქვამი: „ადამიანს მისი ეშინია, ვისაც კარგად არ იცნობს…“ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, ჩვენ საშუალება მოგვეცა, დავუახლოვდეთ ერთმანეთთს, რადგან ბევრი საერთო გვაქვს. ჩვენთვის ღირებულია ქართული კულტურა. მე ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ საქართველოში ვცხოვრობ. ჩვენი უნივერსიტეტის სახელით მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ ასე თბილად მიგვიღეს. ხოლო, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს კი – დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.
– თქვენი ოჯახი მიეჩვია საქართველოში ცხოვრებას?
– ჩემი შვილები აქ დაიბადნენ. გვიან დავვოჯახდი და პატარა შვილები მყავს. ჩემი გოგონა ახლა ქართულ ენას სწავლობს. იცის ქართული სიმღერები. დიდ პატივს ვცემთ ქართულ კულტურას. ჩემი მეუღლე სტამბოლიდან არის და ხშირად ამბობს, მე მრავალეროვან ქალაქში გავიზარდე, მაგრამ საქართველოში განსხვავებული ატმოსფეროაო. იცის ქართული კერძების მომზადება და უყვარს ქართული ხილი. გარდა ამისა, ჩვენ სართულზე ოთხი მაცხოვრებელია და ვცხოვრობთ ჩემი, აზერბაიჯანული, ებრაული და ქართული ოჯახები. ერთმანეთთან ისეთი ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს, რთულია, ეს ყველაფერი სიტყვებით გადმოსცე.
ლელა ნინუა