პრეზიდენტი: ხელისუფლება ამომრჩევლის ნების საფუძველზე იქმნება და ფორმირდება
საზოგადოებას უკვე სჯერა, რომ ხელისუფლება ამომრჩევლის ნების საფუძველზე იქმნება და ფორმირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში ინტერპარტიული ჯგუფის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაა.
„ჩვენი შეხვედრების რეჟიმში ვსაუბრობთ იმ ამოსავალ პირობებზე, რომელმაც უნდა შექმნას შესაძლებლობა უფრო დემოკრატიული, პლურალისტური საზოგადოების შექმნისა. საქართველოს პოლიტიკური მდგრადობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად პლურალისტურ პოლიტიკურ ველს შევქმნით და ის წინ გადადგმული ნაბიჯია. საზოგადოებას უკვე სჯერა, რომ ხელისუფლება ამომრჩევლის ნების საფუძველზე იქმნება, იცვლება და ფორმირდება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მარგველაშვილის თქმით, კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ და ისეთი პოლიტიკური სისტემა შექმნას, როდესაც საქართველო მართლა ევროპულ სათამაშო ველს შექმნის.