ხარძიანის პირველი მეუღლე 2003 წელს თაღლითობის ბრალდებით დააკავეს
„2003 წელს თბილისში თაღლითობის ბრალდებით დამაკავეს, ეს რა კავშირშია დღევანდელ პრესკონფერენციასთან“, – აღნიშნა ინგა ბაბუაძემ.
მისი თქმით, იგი ბესიკ ხარძიანის პირველი კანონიერი მეუღლე იყო და მას დღემდე ერთი თეთრიც არ მიუღია. ინგა ბაბუაძე ამბობს, რომ მათ წლების წინ, 80-იან წლებში იქორწინეს და სამი შვილი შეეძინათ. მისივე ინფორმაციით, სამი შვილიდან ერთ-ერთი – ვაჟი გარდაცვლილი ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილებმა პირველი ქორწინებიდან – მიხეილ და ანა ხარძიანებმა, ასევე მისმა პირველმა მეუღლემ ინგა ბაბუაძემ ბიზნესმენის მკვლელობის შეკვეთაში მისი მეორე მეუღლე – ეკა ნონიკაშვილი დაადანაშაულეს – ამის შესახებ ინგა ბაბუაძემ და მისმა შვილებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ბრალდებებს დღესვე ბესიკ ხარძიანის დამ და ნათესავებმა უპასუხეს. მაია ხარძიანმა კატეგორიულად უარყო მისი ძმის პირველი ოჯახის წევრების განცხადებები. ხოლო, გარდაცვლილი ბესიკ ხარძიანის ძმისშვილი გიორგი ხარძიანი დღევანდელ პრესკონფერენციას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
„გვრცხვენიხარ ხარძიანებს! სულ რომ ვიღაც გმართავდა, ეგ ვიცოდი, მაგრამ ასე თუ დაეცემოდი, არ მეგონა…ფულზე გაყიდულები!!! ტფუი, მიმიფურთხებია შენისთანა ბიძაშვილისთვის!! მოგცეს პარიზული ევროები“, – წერს გიორგი ხარძიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ინგა ბაბუაძემ „კვირასთან“ საუბრისას ბესიკ ხარძიანის დას და ნათესავებსაც უპასუხა.
„ევროები თვითონ აიღეს ხარძიანებმა უდესიანისგან, როდესაც კუს ტბა მიჰყიდეს 15 მილიონად და ჩვენ ერთი თეთრიც კი არ აგვიღია. მაია აღშფოთებული რატომ არის?! ტყუილებით რომ არიან გავსებული მთელი ოჯახი? 20 წელია სიცოცხლე გაგვიმწარეს მე და ჩემს შვილებს?! ტყუილების გუდები და შანტაჟისტები … ავანტიურისტები ეგენი არიან“, – ამბობს ინგა ბაბუაძე.