ბელორუსიის პრეზიდენტის განცხადებით, ის საქართველოში არასდროს ყოფილა, გარდა სოხუმისა, – აღნიშნული განცხადება ალექსანდრე ლუკაშენკომ რამდენიმე წუთის წინ ქართველ კოლეგასთან – გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას გააკეთა.
“ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა შევხვედროდით აქ, ამ ლეგენდარულ ქალაქში, ლეგენდარულ ქვეყანაში. ჩემდა სამარცხვინოდ, არასდროს ვყოფილვარ თბილისში და, ფაქტობრივად, არ ვყოფილვარ საქართველოში, გარდა სოხუმისა, სადაც საბჭოთა პერიოდში გახლდით. როგორც ისტორიკოსს, ბევრი მაქვს წაკითხული, ბევრი რამ ვიცი საქართველოს შესახებ და, აქედან გამომდინარე, ჩემთვის საქართველო ლეგენდარული ქვეყანა იყო. ამიტომ, ალბათ, დიდი ხნის წინ უნდა ჩამოვსულიყავი აქ”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, ბელორუს ხალხს ყოველთვის დიდი პატივისცემა ჰქონდა საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში.
საქართველოს რეზიდენციასთან ბელორუსიის დელეგაციას დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში ელოდებოდნენ. საქართველოს მხრიდან ბელორუსიის პრეზიდენტს ელოდებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები.