საქართველოს მთავრობამ 119 ახალი საწარმო დააფინანსა, – ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მიაწოდა.
მინისტრმა ისაუბრა მედიატურის შესახებ, რომელიც მთავრობის მიერ დაფინანსებულ საწარმოებში მიმდინარეობს და რომლებიც მედიის წარმომადგენლებმა თავად, ლოტოტრონის პრინციპით შეარჩიეს.
ოთარ დანელიას ინფორმაციით, მედიატური გრძელდება და ჟურნალისტები მთავრობის დაფინანსებით შექმნილ საწარმოებს საქართველოს ყველა რეგიონში ესტუმრებიან. მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი განწყობა პოზიტიურია.
პრემიერ-მინისტრი მედიატურის ინიციატივას დადებითად აფასებს.
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვაჩვენოთ თითოეული საწარმო, რომელიც დაფინანსდა ჩვენი მთავრობის მიერ. ვფიქრობ, მედიას და ოპოზიციას აღარ ექნება კითხვები, სად არის დაპირებული საწარმოები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.