რამდენი დევნილი ოჯახი მიიღებს იპოთეკური სესხის დასაფარად გამოყოფილ 20-ათასლარიან დახმარებას და რა “სოციალური კრიტერიუმია” საჭირო თანხის ასაღებად?
დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის დევნილი ოჯახები, რომლებსაც მიმდინარე იპოთეკური სესხი აქვთ, სამინისტროსგან 20 -ათასლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ, თუმცა თანხა მხოლოდ იმ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც იპოთეკის ხელშეკრულება 2015 წლის 1 იანვრამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაცხადების შეტანა 14 აპრილს დაიწყო და 1 მაისამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ თანხა გარკვეული სოციალური კრიტერიუმების თანახმად გაიცემა.
48 წლის თამაზ კაჭარავა ქალაქ გაგრიდან არის, 20 წელია თბილისში ცხოვრობს, თუმცა კომპენსირებული ამ დრომდე არ ყოფილა. ამბობს, რომ დახმარების თხოვნით დევნილთა სამინისტროსთვის არაერთხელ მიუმართავს, თუმცა უშედეგოდ.
„ჩემი ოჯახი კომპენსირებული არასდროს ყოფილა. 1992 წლის შემდეგ ქირით ვცხოვრობდით, ბევრჯერ დაგვიწერია განცხადება, თუმცა უშედეგოდ. 3 წლის წინ ბინა იპოთეკით შევიძინეთ. ის თანხა, რაც გადასახდელი დაგვრჩა, 8 ათას დოლარს შეადგენს. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ სამინისტრო დაგვეხმარება, თუმცა იმედი ნაკლებად მაქვს, დღემდე არავინ დაგვხმარებია და რაღა ახლა დაგვეხმარებიან ?“,- აცხადებს კაჭარავა.
56 წლის გია თადუმაძე ქალაქ სოხუმიდან არის, წლებია თბილისში ცხოვრობს, თუმცა კომპენსირებული არც ის არის. დევნილთა სამინისტროს ახალი პროექტის შესახებ ის ინფორმირებულია და იმედი აქვს, რომ სამინისტრო ფინანსურ დახმარებას აუცილებლად გაუწევს.
„კომპენსირებულები არასდროს ვყოფილვართ, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ სამინისტრო დაგვეხმარება. ბინა იპოთეკით ვიყიდეთ. იმ თანხას, რომელსაც ყოველთვიურად ვიხდით, მთელი ოჯახი ვეჭიდებით, თანხა დიდი არ არის, თუმცა ჩვენთვის მაინც სოლიდურია. განაცხადს ორშაბათს შევიტანთ. 6 ათასი დოლარი დაგვრჩა გადასახდელი. ახლა დოლარიც გაძვირდა და თანხის გადახდა უფრო გავიჭირდა. თუ დაგვეხმარებიან, ძალიან კარგი იქნება“,- აცხადებს თადუმაძე.
იმის გასარკვევად, თუ რა თანხა დაიხარჯება აღნიშნული პროექტისთვის, რამდენი ადამიანი დაკმაყოფილდება 20 – ათასლარიანი ფულადი კომპენსაციით, რას ნიშნავს ის „სოციალური კრიტერიუმი“, რომლის მიხედვითად ეს თანხები უნდა გაიცეს და, რაც მთავარია, რა ელით იმ დევნილებს, რომლებსაც არამცთუ იპოთეკური სესხები, არამედ, საერთოდ არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართები, “კვირა” დევნილთა სამინისტროს დაუკავშირდა. დევნილთა დეპარტამენტის უფროსის მურად აბლოთიას განცხადებით, საზოგადოების აქტივობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ დიდია.
– კონკრეტულ ციფრს ახლა ვერ გეტყვით, თუმცა დევნილების რაოდენობა რამდენიმე ათეულს შეადგენს. ვერ გეტყვით, თუ რამდენ განაცხადს ველოდებით, შესაძლოა, ეს იყოს 200 ან 250 განაცხადიც, თუმცა უფრო ზუსტი რაოდენობა მომდევნო კვირაში გვეცოდინება. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი აქტივობა იქნება. გამოხმაურება საკმაოდ დიდია.
– ბატონო მურად, პროექტისთვის რაიმე კონკრეტული თანხაა გამოყოფილი თუ თანხას იმ განაცხადების მიხედვით განსაზღვრავთ, რამდენი განაცხადიც შემოვა?
– არა, ჩვენ კონკრეტული თანხა გვაქვს განსაზღვრული. დევნილების რაოდენობა შესაძლოა, ძალიან ბევრი იყოს, თანხა გაწერილია სამოქმედო გეგმის მიხედვით და ამ ეტაპზე 1 მილიონ ლარს შეადგენს.
– დევნილთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია გარკვეულ “სოციალურ კრიტერიუმებზე” რა იგულისხმება ამ კრიტერიუმებში?
-სოციალურ კრიტერიუმში მრავალი დეტალი იგულისხმება, მათ შორის ოჯახის შემადგენლობა, მცირეწლოვანება, შესაძლოა, ოჯახი მრავალშვილიანი იყოს, იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მარტოხელა დედა, ქვრივი პენსიონრები და ა.შ. ავადმყოფობაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კიდევ ცალკეა, ასეთ შემთხვევაში დევნილებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა. ფორმა 100.
– დევნილებს კონკრეტული ქულები ეწერებათ. შესაბამისად, ის, რომ სოციალურ კრიტერიუმში სოციალურად დაუცველი ადამიანები იგულისხმება არასწორია?
– რა თქმა უნდა არა, ამ ტერმინში სოციალურად დაუცველი ადამიანები არ იგულისხმება.
– ნიშნავს თუ არა ამ თანხის მიღება იმას, რომ დევნილი უკვე კომპენსირებული იქნება?
– რა თქმა უნდა, ასეთი დევნილი დაკმაყოფილებულად ჩაითვლება და ვეღარ მიიღებს გრძელვადიან დახმარებას.
– ბატონო მურად ეს ერთჯერადი პროექტია თუ შესაძლოა მომავალშიც გაგრძელდეს?
– ერთჯერადი ნამდვილად არ არის. 2015 წლისთვისთვის 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტის წარმატების შემთხვევაში ამაზე მთავრობა იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს.
– რას ეტყვით იმ დევნილებს, ვისაც არამცთუ იპოთეკით დატვირთული ბინები არა აქვთ, არამედ საცხოვრებელი ფართებითაც არ არიან დაკმაყოფილებულები?
– ჩვენი პროექტების 90 პროცენტი სწორედ ასეთ ადამიანებზეა გათვლილი. ადამიანებზე, ვისაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ იპოთეკით შეეძინათ ეს ბინები და ასეთ პროგრამებში მიეღოთ მონაწილეობა.
ნინი ჯაფარიძე