ე.წ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ნატოს გენერალური მდივანი განცხადებას ავრცელებს

რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ნატოს გენერალური მდივანი განცხადებას ავრცელებს. იენს სტოლტენბერგის განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ შეთანხმება არის კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომელიც აბრკოლებს საერთაშორისო საზოგადოების მცდელობებს, გააძლიეროს რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა.
“ნატო არ აღიარებს თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ შეთანხმებას, რომელსაც ხელი საქართველოს რეგიონს სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის 18 მარტს მოეწერა. ეს ე.წ შეთანხმება არის კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომელიც აბრკოლებს საერთაშორისო საზოგადოების მცდელობებს, გააძლიეროს რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა. ის არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობისა და ეუთოს პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს”, – წერია ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ასევე აცხადებს, რომ ე.წ შეთანხმება არ უწყობს ხელს საქართველოში ვითარების მშვიდობიან მოგვარებას.
“სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან” , – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები