პავლე კუბლაშვილი ფინანსთა მინისტრს მიმართავს: რატომ არ ისაუბრეთ თქვენს მოხსენებაში დაუბეგრავი მინიმუმის საკითხზე?

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პავლე კუბლაშვილი ფინანსთა მინისტრს მიმართავს და აცხადებს, რომ ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული ვერ იქნება, რადგან დაუბეგრავი მინიმუმის შესახებ კანონი ერთი წლის წინ თავად შემოიტანა. დეპუტატის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი რეალურად სხვა საქართველოში ცხოვრობს.
“ბატონ ნოდარ ხადურს ვულოცავ. როგორც ჩანს, ის არის ბედნიერი სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრი, რადგან მის სახელმწიფოში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სწორად გეგმავს ბიუჯეტს. მისი ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული, ფასები მცირედით იზრდება, ლარი მყარდება და ეს კარგია ნოდარ ხადურის საქართველოსთვის.
სინამდვილეში, საქართველოს რეალობა სულ სხვაა. რეალობა არის ის, რომ სოციალურად ორიენტირებული ეს ბიუჯეტი ვერანაირად ვერ იქნება, რადგან პენსიონერს პენსიას სექტემბრიდან უზრდიან, ლარის კურსის ვარდნის გამო კი დღეს უკვე მათი პენსია გაუფასურებულია. ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული ვერ იქნება, რადგან ერთი წლის წინ თვითონ შემოიტანა დაუბეგრავი მინიმუმის შესახებ კანონი. მინდა, ბატონ ნოდარ ხადურს მივმართო, რატომ არ ისაუბრეთ თქვენ მოხსენებაში დაუბეგრავი მინიმუმის საკითხთან დაკავშირებით? მეორე – როცა უყურებთ, რომ ლარი ასე უფასურდება, რატომ არ სვამთ საკითხს, პენსია დაუყოვნებლივ გაიზარდოს და არა სექტემბრიდან? თქვენ მართლა გგონიათ, რომ ერთადერთი პრობლემა, რაც აქვს სახელმწიფოს, არის მრჩეველი, რომელმაც თურმე უნდა დააკავშიროს ომბუდსმენი ფინანსთა სამინისტროსთან? მართლა გგონიათ, რომ ეს მრჩეველია მთავარი პრობლემა?”, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა.
პავლე კუბლაშვილის განცხადებით, შევარდნაძის პერიოდის შემდეგ ფინანსთა მინისტრი პირველად წარადგენს სეკვესტრს.
“რეალურად, ბატონი ნოდარ ხადური ამ პარლამენტში წარმოადგენს სეკვესტრს და ეს იქნება პირველი სეკვესტრი შევარდნაძის პერიოდის შემდეგ. ბატონო ნოდარ, მე მაინტერესებს, რატომ შეიცვალა თქვენი მიდგომები ეკონომიკის პროგნოზებთან დაკავშირებით 2 თვეში, მაშინ როცა ჯერ კიდევ იანვარში 5 %-იან ზრდაზე საუბრობდით?”, – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტარებმა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების მოხსენება მოისმინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები