“სურსათის ბანკის” სასაწყობო სივრცეების მოწყობა დაწყებულია – FAO-ის პოლიტიკის უფროსი მრჩეველი პროექტის დეტალებზე საუბრობს

საქართველოში “სურსათის ბანკის” შექმნაზე მუშაობის ფარგლებში უკვე დაწყებულია სასაწყობო სივრცეების მოწყობა, სადაც სურსათი განთავსდება, შემდეგ კი ბენეფიციარებს გადაეცემა. ამის შესახებ “სურსათის ბანკის” პროექტის ინიციატორი „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს) პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“სურსათის ბანკის” შექმნის მეშვეობით უვნებელი და საკვებად ვარგისი სურსათი აღარ გადაიყრება.

“ახლა, ფაქტობრივად, ლოჯისტიკური ნაწილის მოსამზადებელი პროცესი მიმდინარეობს. ერთი ლოჯისტიკური ცენტრი თბილისში, მეორე კი წყალტუბოში ფუძნდება. ეს საპილოტე პროცესი იქნება. საპილოტე რეჟიმი იმას ნიშნავს, რომ ის ჩვეულებრივად იფუნქციონირებს, ბენეფიციარები ეყოლება, მაგრამ ამავე დროს იმასაც ნიშნავს, რომ დავაკვირდეთ, რა დამატებითი საჭიროებები გაჩნდება იმისთვის, რომ სისტემამ სრულფასოვნად იფუნქციონიროს. შევხედავთ, იქნება, თუ არა რაიმე ტიპის ხარვეზი, რაიმეს გაუმჯობესების საჭიროება. საპილოტე პროცესი 2 წლის განმავლობაში იქნება. მიმდინარეობს მთლიანი სისტემის აწყობა. ჩვენი ინფორმაციით, რითეილ სექტორთან აქტიური მუშაობა მიდის, ინტერესი მაღალია. ახლა, ფაქტობრივად, პრაქტიკის დონეზე სასაწყობო სივრცეების მოწყობა, შესაბამისი მენეჯმენტის გადამზადება ხდება. პროცესში აქტიურადაა ჩართული “ევროპის სურსათის ბანკების ასოციაცია”. თბილისში შემგროვებელი ცენტრი იქნება, რომელიც პროდუქტს წყალტუბოს “სურსათის ბანკს” მიაწვდის. “სურსათის ბანკი” რეალურად წყალტუბოში იქნება, როგორც საპილოტე, თბილისში შემგროვებელი ლოჯისტიკის ცენტრი იქნება”- განაცხადა მარუაშვილმა.

მისივე თქმით, “სურსათის ბანკში” დაბალი რისკის მქონე პროდუქტი განთავსდება.

“საუბარია დაბალი რისკის მქონე პროდუქტზე. კანონის დამტკიცების შემდეგ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქტიურად ვიმუშავეთ. შემუშავებულია მთავრობის ორი დადგენილება. გაწერილია პროდუქტები, რომელიც დაბალი რისკის პროდუქტია, ეს შეიძლება იყოს ბურღულეული, მშრალი პროდუქცია, შეფუთული, ხილი, ბოსტნეული. პირველ ეტაპზე “სურსათის ბანკი” ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების გადანაწილებას ვერ უზრუნველყოფს, რადგან უვნებლობის თვალსაზრისით აქ მაღალი რისკებია. უნდა აღინიშნოს, რომ ჭარბი სურსათი, რომელიც “სურსათის ბანკში” აკუმულირდება, ქაოსურად ვერ გაიცემა. პირობითად, შეიძლება 100 კგ კარტოფილი, ხილი, ბოსტნეული დაგროვდეს. ერთი ბენეფიციარი ამ რაოდენობას ვერ წაიღებს. აქ საუბარია ე.წ. კალათებზე, სადაც სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტი განთავსდება, შეიძლება, იყოს 1 კგ ხილი, 1 კგ ბოსტნეული, შეფუთული ბურღულეული. ანუ, კვების რაციონი კეთდება, რომელიც 1 ბენეფიციარზე გაიწერება. ბენეფიციარი “სურსათის ბანკს” მიმართავს, რეგისტრაცია მოხდება, დადასტურება იმისა, რომ სურსათი ბენეფიციარმა მიიღო.
კანონით, არავის ეკრძალება [“სურსათის ბანკით” სარგებლობა]. კანონით შეიძლება, მეც მივიდე, იმისთვის, რომ ჭარბი სურსათი “სურსათის ბანკშიც” არ ჩარჩეს და ნარჩენად არ იქცეს, მეც ავიღო. აქ საუბარია აბსოლუტურად უვნებელ სურსათზე. ბუნებრივია, პრიორიტეტი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას ენიჭება.
რაც შეეხება “სურსათის ბანკის” ამოქმედების თარიღს – მთავარი მექანიზმი აქ საგადასახადო ნაწილი იყო, რომელიც 2025 წლის პირველ იანვარს უნდა ამოქმედდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ლოჯისტიკური ნაწილის მომზადება მიმდინარეობს, ვფიქრობთ, 2025 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში პროცესი უნდა ჩაეშვას, ანუ “სურსათის ბანკი” უნდა გაეშვას , თუ რაიმე შემაფერხებელი ფაქტორი არ იქნა”- განაცხადა ჯუბა მარუაშვილმა.

მისივე თქმით, სხვადასხვა მეთოდოლოგიით, “გაეროს” გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ დადგენილი იქნა, რომ საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 600 000 ტონა სასურსათო პროდუქტი იყრება. როგორც მარუაშვილმა განაცხადა, ეს მაჩვენებელი აუცილებლად უნდა შემცირდეს.

“ეს გლობალური პრობლემაა – მსოფლიოს მასშტაბით წარმოებული სურსათის თითქმის მესამედი იყრება, ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება, მათ შორის, უვნებელი სურსათი, რომელიც ჭარბად გროვდება როგორც მომხმარებელთა მიერ, ისე ჰორეკა, რითეილ სექტორში. აქედან გამომდინარე, ათწლეულებია, FAO მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად მუშაობს, რათა ქვეყნებში რაც შეიძლება ეფექტიანი მექანიზმები შეიქმნას იმისთვის, რომ სურსათის დანაკარგები და ნარჩენების წარმოქმნა შემცირდეს, ასევე, გარკვეულწილად, ამის პრევენცია მოხდეს. იმ ფონზე, რომ შიმშილის დონე გლობალურად ძალიან მაღალია, ჭარბი სურსათი რომელიც, სამწუხაროდ, ნარჩენად გადაიქცევა, სწორად მართვის შემთხვევაში მოხმარდება ადამიანებს, რომლებსაც სურსათზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით განსაკუთრებული გამოწვევა აქვთ. შემოტანილი იქნა გადანაწილების, შეწირულობაში ჩაშვების რგოლი, რასაც “სურსათის ბანკი” ჰქვია. ამ თვალსაზრისით არც საქართველოა გამონაკლისი. დაახლოებით 5 წელზე მეტია ამ თემაზე აქტიურად ვმუშაობთ. სხვადასხვა მეთოდოლოგიით, “გაეროს” გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ დადგენილი იქნა, რომ საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 600 000 ტონა სასურსათო პროდუქტი იყრება. ეს მაჩვენებელი აუცილებლად უნდა შემცირდეს. აუცილებელია ისეთი მექანიზმების არსებობა, მათ შორის საკანონმდებლო მექანიზმების, რომელიც, ერთი მხრივ, სურსათის დანაკარგების და ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას მოახდენს და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ჭარბი, უვნებელი სურსათის არა გადაყრას, არამედ მოსახლეობაზე გადანაწილებას. ამიტომ ეს პროცესი აქტიურად დავიწყეთ, როგორც აღმასრულებელ, საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ასევე კერძო სექტორთან, სადაც ჭარბი სურსათი წარმოიქმნება, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან. მივედით დასკვნამდე, რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო გარკვეული წამახალისებელი მექანიზმი, ან მინიმუმ არ უნდა ყოფილიყო ჩამკეტი მექანიზმი იმისთვის, რომ სურსათი შეწირულობაში თავისუფლად ჩაშვებულიყო. ვნახეთ, რომ არსებული საგადასახადო კოდექსით, თუ პირობითად რითეილ სექტორი შეწირულობაში სურსათს გასცემდა, აღნიშნული ოპერაცია დღგ-თი იბეგრებოდა. დავიწყეთ მექანიზმების შემუშავებაზე მუშაობა, თუ როგორ წაახალისებდა კანონი, ან მინიმუმ რამდენად შეძლებდა, შეწირულობაზე ბარიერი მოხსნილიყო. კანონის მიხედვით, რომელიც გასულ წელს დამტკიცდა, გაუქმდა დამატებითი ღირებულების გადასახადი და ასევე მოგების გადასახადი ბიზნესოპერატორისთვის, რომელიც დონაციაში სურსათს ჩაუშვებს. საჭირო გახდა სისტემის არსებობა. ამ მთელ რგოლში დავაინიცირეთ კომპონენტი – “სურსათის ბანკი”, რომელიც შეწირულობის პროცესის ორგანიზებას გულისხმობს. საქართველოში ამ რგოლის ფუნქციონირება კანონმა განსაზღვრა.

“სურსათის ბანკი” სურსათის ბიზნესოპერატორი გახლავთ, თავიდან ბოლომდე ინსპექტირებას ექვემდებარება, მას გაწერილი ვალდებულებები აქვს სურსათის შენახვასთან, საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებით. რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის სასაწყობო სივრცე, რომელსაც აქვს ვალდებულება, იმდაგვარად განათავსოს სურსათი, როგორც ეს სურსათის ბიზნესოპერატორს მოეთხოვება. ეს პროცესი ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
დაინიცირდა პირველი, საპილოტე “სურსათის ბანკის” გახსნა საქართველოში, რომელსაც ჩეხური ორგანიზაცია People in Need (“ადამიანი გაჭირვებაში”) ახორციელებს. ჩვენ მათთან აქტიურად ვმუშაობთ”- განაცხადა ჯუბა მარუაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები