გიორგი გველესიანი: სრულფასოვნად ვემზადებით და ოქტომბერში განცდილი დასანანი წაგებების შემდეგ ვითარება აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ
ჩვენც მაქსიმუმს გავაკეთებთ და იმედი მაქვს, სამ ქულას მოვიპოვებთ,- ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა გიორგი გველესიანმა ერთა ლიგაზე უკრაინასა და ჩეხეთთან საქართველოს ნაკრების მოახლოებულ მატჩებზე საუბრისას განაცხადა.
„შეკრება, როგორც ყოველთვის, ძალიან დადებითი ენერგიით მიმდინარეობს. სრულფასოვნად ვემზადებით და ოქტომბერში განცდილი დასანანი წაგებების შემდეგ ვითარება აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.
არასდროს მითამაშია ბათუმის ახალ სტადიონზე. რა თქმა უნდა, იქაც განსაკუთრებული გულშემატკივარი გვყავს და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ატმოსფერო დაგვხვდება. ჩვენც მაქსიმუმს გავაკეთებთ და იმედი მაქვს, სამ ქულას მოვიპოვებთ“, – ამბობს გიორგი გველესიანი.
დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს კი საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ქალაქ ოლომოუცში დაუპირისპირდება.