ანდრაშ ლასლო: ნაწყენნი არიან, რომ აშშ-ში არ გააკეთეს ის არჩევანი, როგორიც ევროპის პოლიტიკურ ელიტას სურდა; იგივეა საქართველოზეც – ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი ეტყვის
“ევროპარლამენტის დებატები არა მარტო საქართველოზე, არამედ შეერთებულ შტატებზეც ჯგუფური თერაპიის სესიას ჰგავს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრაშ ლასლომ ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდებოდა.
როგორც მან აღნიშნა, ევროპის პოლიტიკურ ელიტას ჰგონია, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, მხოლოდ ის უნდა გააკეთონ, რასაც ბრიუსელი ეტყვის.
„ისინი არიან იმედგაცრუებული და ნაწყენები, რომ აშშ-ში ამომრჩეველმა არ გააკეთა ისეთი არჩევანი, როგორიც ევროპის პოლიტიკურ ელიტას სურდა. ზუსტად იგივე ამბავია საქართველოზეც. აქ ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რასაც მათ ბრიუსელი ეტყვის. უნდა გააკეთონ ისიც კი თუ ეს სუვერენიტეტის დათმობას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ქართველებს ეს არ სურთ. ჩემი აზრით საქართველომ უნდა დაიცვას სუვერენიტეტი“, – განაცხადა ანდრაშ ლასლომ.
საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების პოზიციები განსხვავებულია. ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართველ ხალხს თავისუფლად არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ ჰქონდა, მეორე ნაწილი კი ყველას მოუწოდებს, პატივი სცენ ამომრჩევლების უმრავლესობის მიერ გამოხატულ პოზიციას.