რა წერია არასწორად პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებულ განკარგულებაში – “ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტების“ განცხადება

“საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციაში “ აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით გამოცემულ განკარგულებაში სიტყვები „დღის წესრიგი“ არასწორად არის გამოყენებული. ორგანიზაცია განცხადებაში მითითებას აკეთებს საქართველოს კონსტიტუციაზე, რომლის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, პრეზიდენტს აქვს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრთა ერთი მეოთხედის მოთხოვნის ან მთავრობის წარდგინების საფუძველზე. საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის განკარგულება კონსტიტუციის აღნიშნულ მუხლს ეფუძნება. „მიუხედავად იმისა, რომ განკარგულებაში მითითებული არ არის, კონკრეტულად რომელი საფუძვლით მოხდა რიგგარეშე სხდომის მოწვევა, საჯარო განცხადებების გათვალისწინებით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული მოწვევის საფუძველი საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნა გახდა, რაც ლეგიტიმურ საფუძვლად უნდა შეფასდეს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ასოციაცია ყურადღებას ამახვილებს დღის წესრიგის შედგენისა და სხდომაზე დეპუტატთა და მთავრობის წევრთა დასწრების საკითხზეც. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განკარგულებაში სიტყვები „დღის წესრიგი“ არასწორად არის გამოყენებული და ამის ნაცვლად უნდა ეწეროს სიტყვები: „განსახილველ საკითხთა ნუსხა“. ამ კონტექსტში, ორგანიზაცია მიუთითებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლზე, რომელიც, თავის მხრივ, დღის წესრიგთან დაკავშირებით მითითებას აკეთებს რეგლამენტის 129-ე და 131-ე მუხლებზე. „აღსანიშნავია, რომ რიგგარეშე სხდომის/სესიის დღის წესრიგის პროექტის შედგენისას, ისევე როგორც მასზე დასწრების ნაწილში, მოქმედებს პლენარული სხდომის წარმართვისას არსებული რეგულაციები. კერძოდ, რეგლამენტის 129-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის ბიურო განსახილველი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს პარლამენტის სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღი სწესრიგის პროექტს. ხოლო 127-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას თან უნდა ერთვოდეს მხოლოდ რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვთ, რომ პრეზიდენტის განკარგულებაში არასწორად არის გამოყენებული ტერმინი „დღის წესრიგი“, რამაც საზოგადოებაში გაუგებრობა გამოიწვია. ამასთან, აუცილებელია, ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ ტერმინებს შორის არის მხოლოდ ფორმალური განსხვავება და ეს არ ატარებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. შესაბამისად, საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიურობა ამ ნაწილში გაზვიადებულია. ამის გარდა, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გაკეთდეს განმარტება დეპუტატთა მიერ სხდომაზე დასწრების საკითხთან დაკავშირებით. პარლამენტის რეგლამენტის 134-ე მუხლის მიხედვით, პლენარული სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მხოლოდ: ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა და სამსახურეობრივი მივლინება. შესაბამისად, კამათი იმ საკითხებზე, თუ ვინ უნდა შეადგინოს დღის წესრიგი და აღნიშნული სხდომაზე დაუსწრებლობა რა დროს შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად, უნდა ჩაითვალოს არაგონივრულად, გამომდინარე იქიდან, რომ საკითხები საკმაოდ ცალსახად არის დარეგულირებული საქართველოს კანონმდებლობით“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები