„არ შეიძლება, დეპუტატის პოზიცია მთლიანად ვიღაცის ნაკარნახევი იყოს“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივნის არმაზ ახვლედიანის განცხადებას გამოეხმაურა.
ფოფხაძის განცხადებით, პოლიტიკური ცხოვრების აუცილებელი სეგმენტია გარკვეული დისციპლინა, მაგრამ არ შეიძლება, დეპუტატის პოზიცია მთლიანად ვიღაცის ნაკარნახევი იყოს.
„თუკი ასეთი პოზიცია არსებობს, მე ეს კატასტროფად არ მიმაჩნია, თუმცა მე მგონია, რომ ასეთი აქცენტი ამ შემთხვევაში სწორი არ არის. დეპუტატების კორპუსი გარკვეულ შტოს წარმოადგენს და ამიტომაც ინსტიტუციებს შორის კონსენსუსი უნდა მოხდეს.
პარტიულ და პოლიტიკურ დისციპლინას, როგორც პოლიტიკური ცხოვრების აუცილებელ სეგმენტს, მე არ უარვყოფ და მიმაჩნია, რომ გარკვეული დისციპლინა უნდა იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. არ შეიძლება დეპუტატის პოზიცია მთლიანად ვიღაცის ნაკარნახევი იყოს. მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, შინაგანი რწმენის მიხედვით იმოქმედონ, თუმცა ამ შემთხვევაში კოალიციის ერთიანობა მნიშვნელოვანი იყო, და თუ ვინმეს განსხვავებული აზრი ექნებოდა, ისე უნდა გაკეთებულიყო, რომ ამის საჯაროდ წარმოჩენის ფორმა მაქსიმალურად კორექტული ყოფილიყო. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი გარკვეულ საკითხებში არ არის მართალი. მისი დამოკიდებულება სხვადასხვა შტოსთან, თუნდაც პარლამენტთან მიმართებაში ხანდახან მეტ გულისხმიერებას ითხოვს. რაც შეეხება წარმოდგენილ კანდიდატს – ნინო გვენეტაძეს, მის მიმართ სიმპათია მაქვს და მიმაჩნია, რომ ქალბატონი ნინო ცუდი თავმჯდომარე არ იქნება. ის, რომ იგი თავის დროზე სააკაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა, არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ავტომატურად ცუდია. მე მას, როგორც მოქალაქეს და იურისტს, დადებითად ვაფასებ“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ არმაზ ახვლედიანმა განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან – ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით გააკეთა. არმაზ ახვლედიანის თქმით, თუკი დეპუტატები არ დაემორჩილებიან პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება. მისივე განცხადებით, პოლიტსაბჭომ და პრემიერმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება და პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარს უჭერენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები