ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანი საქმის კეთებაა, შოუ მასკარადების გარეშე
პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თაობაზე კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, “ჩემთვის გაუგებარი და აბსოლუტურად უინტერესოა ვინ რას მოიწვევს და ვინ რას გააკეთებს”.
“ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ხალხზე, ადამიანებზე, დანარჩენი ფორმალობები – ეს არ არის ჩემთვის საინტერესო. ჩვენთვის მთავარია, რომ საქმე გავაკეთოთ და ვიფიქროთ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე, ყველამ ერთად, რაღაც შოუ მასკარადების გარეშე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ღიაა და დაინტერესებული პირებისთვის რაიმე ტიპის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი არასდროს უთქვამს. “ვინც არის დაინტერესებული საქმე გააკეთოს, ის საქმეს გააკეთებს. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ და კომუნიკაცია გვაქვს ყველა უწყებასთან. არასდროს უარი არ გვითქვამს არავისთვის რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე, შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარი და აბსოლუტურად უინტერესოა, ვინ რას მოიწვევს, ვინ რას გააკეთებს. ჩვენ ყველანი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები, გამგებლები, მერები, უნდა ვიყოთ ორიენტირებული ჩვენს ქვეყანაზე, ადამიანებსა და საქმის კეთებაზე”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.