პრემიერ-მინისტრი მომავალი კვირიდან რეგიონების განვითარების პროგრამის პრეზენტაციას იწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მომავალი კვირიდან რეგიონების განვითარების პროგრამის პრეზენტაციას იწყებს, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გუბერნატორებთან, გამგებლებთან და მერებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, შესწავლილია ყველა რაიონსა და ქალაქში არსებული რესურსი და ხელისუფლების მიზანია, მასიმალურად შეუწყოს ხელი რაიონებში ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას.
რეგიონების განვითარების პროგრამაში აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა, რათა მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას. პრემიერი პირველად სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვევა და რეგიონის საწარმოო პოტენციალის შესახებ ისაუბრებს. პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ შეხვედრაზე გამგებლებსა და მერებს რაიონებში დაფიქსირებული ხარვეზების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოსწორებისკენ მოუწოდა და ხელისუფლების მთავარი გზავნილები გადასცა. „ჩვენ ვართ და უნდა ვიყოთ ადამიანზე, მოქალაქეზე ორიენტირებული მთავრობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და მათი ყოფა შევამსუბუქოთ. გუბერნატორებს და გამგებლებს მოვუწოდე, კიდევ უფრო ეფექტიანები იყვნენ, მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ ხალხთან, რათა უკეთ გავიგოთ ხალხის პრობლემები“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა და შესაბამის უწყებებს საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება დაევალათ, რათა პროცედურები გამარტივდეს და გამგებლებმა მარტივად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე შეძლონ გადაწყვეტილებების მიღება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეგიონების წარმომადგენლებთან შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს და 2-3 თვეში ერთხელ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები