დავით ბაქრაძე დავით უსუფაშვილს პასუხობს – მე არ მომწონს მისი ტონალობა

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს პარლამენტის მოქმედი სპიკერის პოზიცია არ მოსწონს და ტონალობას უწუნებს. მიუხედავად ამისა, ბაქრაძე უსუფაშვილთან „აყოლას“ არ აპირებს. მისივე თქმით, დღეს, ოპოზიციაზე საუბრისას დავით უსუფაშვილმა აირჩია მიუღებელი ტონალობა, როდესაც საუბრობდა, რომ ოპოზიცია არის უპასუხისმგებლო.
“მე ვწუხვარ, რომ მან ამ ტონალობაში საუბარი გადაწყვიტა. არ ვაპირებ აყოლას და იგივე ტონალობაში საუბარს, თუმცა ნამდვილად შემეძლო ხელისუფლების უსაქმურობასა და უპასუხისმგებლობაზე ბევრი მესაუბრა. ჩვენი ამოცანა არ არის პიროვნული დაპირისპირება. ჩვენი ამოცანაა საქმის გაკეთება და კონკრეტული გამოსავლის მოძებნა იმ პრობლემიდან, რომელიც დღეს აწუხებს საზოგადოებას. უპასუხისმგებლობა არის არა ის, როდესაც ითხოვ პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე, არამედ უპასუხისმგებლობა არის, რომ არ მიდიხარ ამ სხდომაზე და ემალები ხალხის პრობლემას”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძე მთავრობას მოუწოდებს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობა მიიღოს.
როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა: “მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას და მთავრობას, გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა, მობრძანდით სხდომაზე და გპირდებით, რომ ჩვენ მზად ვართ ძალიან საქმიან, მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში მოვისმინოთ, აქვს თუ არა მთავრობას რაიმე გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და წარმოვადგინოთ ჩვენი გეგმა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ფინანსური და ეკონომიკური კრიზისიდან. ასევე, იყო ბრალდება, თითქოს ჩვენ ვთესავთ პანიკას. პანიკას თესავს არა ამ საკითხის საჯარო განხილვა, არამედ პანიკას თესავს ის, რომ სამთვიანი სავალუტო კრიზისის განმავლობაში ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელაც ვერ მოისმინა მთავრობისგან თუ რის გაკეთებას აპირებს მთავრობა და არსებობს თუ არა რაიმე გეგმა ამ პრობლემის გადასაჭრელად. პანიკას თესავს არა განხილვა, არამედ დამალვა და საზოგადოებისთვის ზურგის შექცევა”, – აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის პრობლემებზე საუბრისთვის პარლამენტის წევრებმა ყველა რესურსი უნდა გამოიყენონ, მათ შორის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფორმატი.
“მიგვაჩნია, რომ დღეს ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის გაძვირებული ცხოვრება, ეკონომიკური პრობლემები, გაზრდილი უმუშევრობა, გაუფასურებული ლარი და უფრო და უფრო მეტი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს გაჭირვებაში. ჩვენი, როგორც პარლამენტის წევრების ვალდებულებაა, ვისაუბროთ ამ თემებზე ყველგან, ვეძებოთ გამოსავალი და თუ საჭირო იქნება, გამოვიყენოთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფორმატიც. ქვეყნის ეკონომიკაში საქმე მიდის ცუდად და სწორედ ამიტომ 21 მარტის აქციაზე ჩვენ საშუალებას ვაძლევთ რუსთაველის გამზირზე მოსულ ათეულობით ათას ადამიანს, მიაწვდინოს თავისი ხმა მთავრობას და უთხრას, რომ ეს უნდა დასრულდეს და საზოგადოება აღარ მოითმენს სიღარებასა და უმუშევრობაში ცხოვრებას. აქედან გამომდინარე, როგორც პარლამენტის წევრები, ვალდებულებად მივიჩნევთ თავს, რომ მათ შორის რიგგარეშე სესიის ფორმატითაც ვიმუშაოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად”, – განაცხადა ბაქრაძემ.
გარდა ამისა, იგი გამოეხმაურა უსუფაშვილის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც რიგგარეშე სხდომისთვის საკითხი ისეა ინიცირებული, რომ პარლამენტი ვერანაირ რეჟიმში ვერ განიხილავს.
“დღეს მოვისმინეთ, თითქოს გაუგებარია, რა ფორმატით უნდა ვიმსჯელოთ და რაზე უნდა ვიმსჯელოთ. მინდა წარმოვადგინო წერილი, რომელიც გავუგზავნეთ საქართველოს პრეზიდენტს სხდომის მოწვევის თაობაზე. ამ წერილში მკაფიოდ გვიწერია, რომ აუცილებლად მიგვაჩნია რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის სრული შემადგენლობის მონაწილეობა. ანალოგიური წერილი გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. როდესაც პრემიერ-მინისტრს უგზავნი წერილს და ეუბნები, რომ რიგგარეშე სხდომაზე განვიხილავთ ლარის სტაბილიზაციის საკითხს და სთხოვ, რომ მთავრობამ მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, მეტად გასაგებ ქართულ ენაზე როგორღა უნდა ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი მოთხოვნა?! რაც შეეხება დეტალებს, ვინ გამოვა, რამდენი წუთი ილაპარაკებს, ეს არის ბიუროს განსასაზღვრი და უხერხულია, რომ საზოგადოებას ასეთ სერიოზულ თემაზე საუბარზე უარს ასეთი წვრილმანების მომიზეზებით ეუბნები”, – განაცხადა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე 13 იანვარს დაგეგმილ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის შესახებ ისაუბრა. უსუფაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის ამოცანაა არა ლარის კურსის გამყარებისთვის ზრუნვა, არამედ საკითხის საგანგაშო რეჟიმში განხილვა და ამ განხილვაში პრეზიდენტის ჩართულობა. მისივე თქმით, უმრავლესობა პოლიტიკურ ოპონენტებს საგანგაშო, საგანგებო რეჟიმის დამკვიდრების მცდელობაში ვერ აჰყვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები