„მოქალაქეები მართლმსაჯულებას ელიან, საქმეთა განხილვა კი ძალიან ჭიანურდება“
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო გვენეტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მართლმსაჯულების სისტემის პრობლემებზე ისაუბრა. ნინო გვენეტაძის განცხადებით, განსახილველი საქმეები დიდი დოზით დაგროვდა და საქმეთა განხილვა ძალიან ჭიანურდება.
„დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების დასამკვიდრებლად სასამართლოს ყველა ინსტანციის დონეზე აუცილებელია მაღალი ევროპული სტანდარტი შეიქმნას, ამ მიზნის განსახორციელებლად საკადრო პოლიტიკის გაუმჯობესებაა საჭირო. მოსამართლეთა ნაწილს ვადები ეწურება და მოსამართლეთა ახალი გამწესების საკითხებზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მისაღები.
მოსამართლეები ჯერ გამოსაცდელი ვადით სამი წლით, შემდგომ კი უვადოდ გამწესდებიან. ეს საკითხი აქტუალურია, რადგან სასამართლოში პირველი ინსტანციის დონეზე დაგროვილია განსახილველი საქმეები და გაჭიანურებულია ვადები. ვადების გაჭიანურება მოქალაქეთა უფლებებს აზიანებს, ადამიანები მართლმსაჯულებას ელიან, მაგრამ მსგავსი ტექნიკური მიზეზების გამო დაბრკოლებები ხვდებათ. განსახილველია როგორც მოსამართლეთა შესაძლო დამატება სასამართლოს ყველა დონეზე, ისე დამატების გარეშე სწორი მენეჯმენტით ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა. დღეს საქმეების გაჭიანურება მართლმსაჯულების სისტემაში ნამდვილად დიდი პრობლემაა“,- განაცხადა ნინო გვენეტაძემ.