“არმაზს მთლად მოხდენილად არ გამოუვიდა ეს ფორმულირება, თუმცა მის განცხადებას ზედმეტი აჟიოტაჟი მოჰყვა“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივნის არმაზ ახვლედიანის განცხადებას გამოეხმაურა.
ძიძიგურის განმარტებით, დეპუტატებს ახვლედიანის განცხადებაზე ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ, თუმცა, ამის მიუხედავად, თვლის, რომ პარტიის პოლიტიკური მდივნის განცხადებას ზედმეტი აჟიოტაჟი მოჰყვა.
„არმაზის განცხადებას ზედმეტი აჟიოტაჟი მოჰყვა. მას უნდოდა, ხაზი გაესვა იმისათვის, რომ როცა პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას ღებულობს, ყველა ამ გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს. ამას ადმინისტრირება სჭირდება, თუმცა ვფიქრობ, მას ეს ფორმულირება მთლად მოხდენილად არ გამოუვიდა. რეაქცია ადეკვატური იყო, როცა დეპუტატებმა უთხრეს მას, რომ დეპუტატი არის ის, ვისაც ხალხისგან მინიჭებული მანდატი აქვს, აქვს ტრიბუნა და ამ ტრიბუნაზე მას შეუძლია თავისი პოზიცია დააფიქსიროს. ასეთი ტიპის ჩარჩოში დეპუტატის მოქცევა სატელევიზიო ეთერიდან სცადო, ვფიქრობ, მთლად ეფექტური არ არის“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ არმაზ ახვლედიანმა განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით გააკეთა. არმაზ ახვლედიანის თქმით, თუკი დეპუტატები არ დაემორჩილებიან პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება. მისივე განცხადებით, პოლიტსაბჭომ და პრემიერმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება და პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარს უჭერენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები