თამარ ბერუჩაშვილი: შეჯერდა საერთო მიდგომები, რომლითაც საქართველო, მოლდოვა და უკრაინა რიგის სამიტზე წარდგებიან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, შეჯერდა საერთო მიდგომები, რომლითაც საქართველო, მოლდოვა და უკრაინა რიგის სამიტზე წარდგებიან. ამის შესახებ თამარ ბერუჩაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებთან სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან ძალიან ინტენსიური დიალოგი იყო. პრაქტიკულად შეჯერდა საერთო მიდგომები, რომლითაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა წარდგებიან რიგის სამიტზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი. ამ სამმხრივი დიალოგის ინიციატორი იყო საქართველო, პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, ამავე ფორმატის ფარგლებში იგეგმება უკვე სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
“დარწმუნებული ვარ, ეს ფორმატი ძალიან წარმატებული იქნება, რამეთუ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, გვაერთიანებს ძალიან სერიოზული, ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური კავშირები. ასევე გვაერთიანებს მკაფიო განცხადება სამი ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ. მიუხედავად გამოწვევებისა და სირთულეებისა, სამივე ქვეყანა, სამივე ქვეყნის ხალხი ევროპული არჩევანის ერთგულია “, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.