ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის მუსლიმური თემის ლიდერებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში დღეს ის შენობები დაათვალიერა, რომლებიც აჭარის მუსლიმ თემს გადაეცა.
ნაგებობები, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციისა და მუსლიმური თემის სასულიერო სასწავლებლისთვის, პრემიერის დავალებით და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მონაწილეობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეისყიდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მუსლიმური თემის ლიდერებმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ასეთი ძვირფასი საჩუქარი არასოდეს მიუღიათ, რადგან ახალი შენობები ძირითადი საშუალებაა ბათუმის “ორთა ჯამეში” ლოცვის პირობების შესაქმნელად.
პრემიერმა მუფთებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლების ვალდებულებაა, თუმცა წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას დრო სჭირდება.
“ჩვენ, ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ და გვაღელვებს მომავალი თაობის ბედი. დარწმუნებული ვარ, ერთად კიდევ უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ. მთავარია სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და უკეთესი მომავლის რწმენა”, – მიმართა პრემიერმა მუსლიმური თემის სულიერ ლიდერებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს აჭარის მთავრობის მეთაურს მედრესესა და სამუფთო რეზიდენციას შორის განთავსებული 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შესყიდვაზე მუშაობაც დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები