ლევან მამალაძე: პრეზიდენტზე ზეწოლას ახდენენ, რომ ჩემი შეწყალება არ მოხდეს

„პრეზიდენტზე ზეწოლას ახდენენ, რომ ჩემი უფლებები არ აღადგინოს და არ მოხდეს ჩემი შეწყალება“,- აღნიშნული განცხადება ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ჩართვისას გააკეთა.
მამალაძემ ჟურნალისტებთან ინტერნეტპრესკონფერენციისას მის მიმართ „შეკერილ“ საქმეზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორც მამალაძემ განმარტა, ის პრეზიდენტის შემდგომ საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას და სასამართლოს მიმართავს. „ არანაირი ოქრო, რომელიც ჩემს საქმეში დევს, არ არსებობს. ეს თავის დროზე თვითონ პროკურატურამაც ვერ იპოვა. ამის შემდეგ აიღო პროკურატურამ ოფიციალური დოკუმენტი, ჩემი ქონებრივი დეკლარაცია და გამოაცხადა, რომ ეს ყველაფერი იყო ქრთამის სახით მიღებული“,- განაცხადა მამალაძემ.
მამალაძის თქმით, პროკურატურა გარიგებაში შევიდა „კვარციტის“ ყოფილ დირექტორთან და ერთ უცხოელთან, რომლებიც მასზე განაწყენებულები იმყოფებოდნენ, პარალელურად კი მათზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, რომელიც პროკურატურამ მამალაძის წინააღმდეგ მათი მოწმედ გამოსვლის გამო შეაჩერა.
„მათზე საქმე იყო აღძრული. პროკურატურამ მათ შესთავაზა გარიგება, რომ მათზე საქმეს შეაჩერებდნენ, ოღონდ ეთქვათ, რომ მე ფული გამოვძალე. იმის გამო, რომ ჩემი, ჩემი მეუღლისა და დედაჩემის ბარათებზე სამი წლის განმავლობაში მხოლოდ 18 000- დოლარიანი ბრუნვა იყო, ეს არ მოეწონათ. მათ ბანკის ხელმძღვანელის და თანამშრომლის ბექაურის, კოკაიას და სხვა პირების ანგარიშები მე მომაბეს. რაც დეკლარაციაში მეწერა, ყველაფერი უკანონოდ და ქრთამად გამოაცხადეს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სამი მიმართულება – ერთი პრეზიდენტი, მეორე პროკურატურა და მესამე არის სასამართლო. პრეზიდენტს მივმართეთ, რადგან ის არის დღეს ქვეყანაში კონსტიტუციის გარანტი. კონსტიტუციის 73-ე მუხლით და სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლით მას ევალება, რომ არ დაუშვას პოლიტიკური ანგარიშსწორება, აღადგინოს სამართლიანობა და ამის ფონზე ადამიანები შეიწყალოს“,- განაცხადა მამალაძემ.
ლევან მამალაძე მასზე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს პოლიტიკურ დევნილად თვლის. მისი ინფორმაციით, პრეზიდენტზე ზეწოლას ახდენენ, რომ მან იგი არ შეიწყალოს.
„ მე მაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტზე ზეწოლას ახდენენ, რათა მან ჩემი შეწყალება არ განახორციელოს, რომ გაექცეს ამ საკითხს და პასუხი არ გასცეს. ჩემი საქმე, გარდა პრეზიდენტისა, პარალელურად შევა პროკურატურაშიც, რომ აღადგინონ ჩემი უფლებები. ხვალ კი გაიმართება აქცია, რომ ხალხმა პრეზიდენტს მოუწოდოს, რათა ხალხისა და სამართლის მხარეს იდგეს“,- განაცხადა ლევან მამალაძემ.
შეგახსენებთ რომ ყოფილ გუბერნატორს ბრალად თანხის გამოძალვა და ანგარიშებზე თანხის არ ასახვა ედება. მამლაძის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხვალ, 13 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები