აბაშიძე-კარასინის შეხვედრა შესაძლოა, 26 თებერვალს გაიმართოს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრა პრაღაში შესაძლოა, 26 თებერვალს შედგეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა. “გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა პრაღაში თვის ბოლოს, შესაძლოა, 26 თებერვალს შედგეს”, – განაცხადა ლუკაშევიჩმა. აბაშიძე-კარასინის ფორმატში რუსეთ-საქართველოს შორის 2013-2014 წლებში პრაღაში 7 დისკუსია გაიმართა. პირველი შეხვედრა 2012 წლის დეკემბერში ჟენევაში შედგა. შეხვედრებისას, ძირითადად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული საკითხები განიხილება.