“ზაფხულში ლარის არათუ გაუფასურებას, არამედ გამყარებას უნდა ველოდოთ”- გიორგი ცუცქირიძე

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ზაფხულში ლარის კურსის  არათუ გაუფასურებას, არამედ გამყარებას უნდა ველოდოთ.

ლარის კურსთან დაკავშირებით ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას  ისაუბრა. ეკონომისტმა განმარტა, რა ფაქტორები განაპირობებს კურსის გამყარებას.

“ექსპორტია  41%-ითაა გაზრდილი, ლარს ესეც პირდაპირ ამყარებს, იმიტომ, რომ ქვეყანაში უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოდის, ვიდრე,შარშან შემოდიოდა.  ლარის კურსზე ესეც პოზიტიურად აისახება. ეროვნული ბანკი  საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს მეთოდურად ზრდის.  გარკვეული  ეჭვები იყო, რომ ეროვნული ბანკი  გასული წლის ბოლოს დახარჯული უცხოური ვალუტის შევსებას  ვერ შეძლებდა. აქ საუბარია იმაზე, როცა დაახლოებით 650 მილიონი დოლარის  ინტერვენცია მოახდინა. საპროტესტო გამოსვლები,  აჟიოტაჟი იყო, ნეგატიური მოლოდინები რომ შეემცირებინა, როგორც აღმოჩნდა,  ეროვნული ბანკი სავსებით სწორად მოიქცა,  ბაზარზე რომ ჩაერია. აქაც კრიტიკა იყო, რომ ეს რეზერვების კატასტროფულ შემცირებას  გამოიწვევდა.  მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ მსგავსი არაფერი ხდება.  ეროვნულმა ბანკმა მარტო ამ წელს, თებერვალ –  მარტის მონაცემებს გეუბნებით,  208 მილიონი ამერიკული დოლარი შეისყიდა.   ჩვენ ვხედავთ, რომ კურსი მყარდება. ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას  დღესაც ყიდულობს. ერთი რამე ფაქტია, რომ ეროვნული ბანკი ვალუტას ვერ იყიდის, ანუ მიმოქცევიდან  ვერ ამოიღებს,  უცხოური ვალუტის სიჭარბე თუ არ იქნება.

ანუ, ეროვნული ბანკი მაშინ შედის ბაზარზე და  ინტერვენციებს ახდენს ( დოლარს ყიდულობს), როდესაც უცხოური ვალუტის ბალანსი პოზიტიურია, ანუ უფრო მეტი ვალუტაა ქვეყანაში, ვიდრე შეიძლება, ეს ეკონომიკის რეალურ მოხმარებას სჭირდებოდეს. აქედანაა პროგნოზი,  რომ ლარის კურსი სტაბილური  იქნება. მით უმეტეს, მოგეხსენებათ, ზაფხულის თვეებში  საერთაშორისო ტურიზმიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემოდინებაა. პირველ კვარტალში  ტურიზმიდან  შემოსავალი სარეკორდო იყო.  ტურიზმი  მომსახურების ექსპორტია. როგორც საქონლის ექსპორტს შემოაქვს ვალუტა, ასევე საერთაშორისო ტურიზმიც, მომსახურების ექსპორტი,  ქვეყანაში ვალუტას ტოვებს. ამ კუთხითაც მოლოდინი უფრო პოზიტიური გვაქვს, რომ  საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება,   ქვეყანაში უფრო მეტი ვალუტა იქნება შემოსული და ეს ბუნებრივია, ლარის გაცვლით კურსზე პოზიტიურად აისახება.

ამიტომ ვამბობთ ხოლმე, რომ  ამ პერიოდში, ზაფხულში ლარის არათუ გაუფასურებას, არამედ გამყარებას უნდა ველოდოთ”- განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7436 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები