“თანაინვესტირების ფონდის“ ხელმძღვანელი “პანორამა თბილისის” პროექტის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობას უარყოფს

“თანაინვესტირების ფონდის“ ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი უარყოფს ბრალდებას სოლოლაკის ქედზე პროექტ „პანორამა თბილისის” ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
ბაჩიაშვილის თქმით, ადგილზე ”პანორამა-თბილისის” ფარგლებში, მათი განკარგულებით, არანაირი სამშენებლო პროცესი არ მიმდინარეობს. თანაინვენსტირების ფონდის დირექტორის თქმით, ”პანორამა-თბილისის” განხორციელების ნებართვისთვის ისინი შესაბამის უწყებებს უახლოეს პერიოდში მიმართავენ.
რაც შეეხება სოლოლაკის მაღლობზე მიმდინარე მშენებლობას, გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ამ სამუშაოებს კომპანია „ჯიდიესი” აწარმოებს და მას „პანორამა თბილისთან” კავშირი არ აქვს. “რაც შეეხება თავისუფლების მოედანზე ყოფილ „ცეკავშირის“ შენობასთან დაკავშირებით, მის ნებართვაზე მალე იქნება შეტანილი საბუთები სრულად, ახლა რაღაც ეტაპი უკვე შეტანილია, მაგრამ ბოლომდე როცა შევა, მერე უკვე მოეწყობა განხილვა მერიაში.
დანარჩენ ორ პროექტს რაც შეეხება – რომლიდან ერთ-ერთიც არის ერეკლე მეფის მოედანზე, იქ არსებობს ძველი პროექტი, რომელიც წლების წინ იყო დამტკიცებული და ჯერჯერობით ჩვენ ამ პროექტს ვუყურებთ. თუმცა, მომავალში, შეიძლება ეს იყოს შეცვლილი, მაგრამ არანაირი სამშენებლო სამუშაო არცერთ ამ მონაკვეთზე ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.
რაც ეხება სოლოლაკის მაღლობს, გავრცელებული ინფორმაცია არ არის სწორი, არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს. რაღაც მცირე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს „ჯიდიესის” ტერიტორიაზე და ეს სხვა პროექტია, ეს არ ეხება „პანორამას“ პროექტს,” – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები