შალვა პაპუაშვილი: ჯო უილსონი მოქმედებს პრინციპით, რომ „შეძახილი ხეს გაახმობს“ და ატრიალებს ერთსა და იგივე ნარატივს: ირანი, ჩინეთი, რუსეთი – არ გვინდობს ეპითეტებით
“ჯო უილსონი მოქმედებს პრინციპით, რომ „შეძახილი ხეს გაახმობს“ და ატრიალებს ერთი და იგივე ნარატივს: ირანი, ჩინეთი, რუსეთი – არ გვინდობს ეპითეტებით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ შემუშავებული განცხადების წარდგენამდე განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის კონგრესში არიან ცალკეული წევრები, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრობით.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის კონგრესში სამწუხაროდ, არიან ცალკეული წევრები, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან წინა რეჟიმის, „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრობით, ვხედავთ იმ მფარველობას, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებში, იქნება ეს ევროპასა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ძალიან სამწუხაროა, რომ აგერ უკვე 13 წელი გადის და ლამის გადააყოლონ მიხეილ სააკაშვილს, რაღაც ზრახვებს, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. ნაცვლად ნამდვილი მეგობრობისა, რომელსაც ჩვენ წლებია ჩვენს ყველა სტრატეგიულ პარტნიორს ვაჩვენებთ, მათ შორის აშშ-ს, ჩვენ ვიღებთ დამოკიდებულებას, რომ ვიღაცა მეგობრობას იღებს მორჩილების ნაცვლად და ცდილობს, შემდეგ უკვე ჩვენი ცხოვრების საკუთარი ხელით მოწყობას.
უილსონი მოქმედებს პრინციპით, რომ „შეძახილი ხეს გაახმობს“ და ატრიალებს ერთი და იგივე ნარატივს: ირანი, ჩინეთი, რუსეთი. თავდაპირველად ეს არავის სასაცილოდ არ ეყო, თუმცა ვხედავთ, რომ ეს არის გარკვეულწილად გამოცდილი მანიპულაციის ხერხი. ბატონი უილსონი გამოირჩევა საქართველოს მიმართ რაღაც ეპითეტების გამოგონებით, როგორც პრო-ჩინური, პრო-ირანული თუ ა.შ. არ გვინდობს ეპითეტებით და მისი განცხადების ერთ-ერთ საფუძვლად მოჰყავს ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ამის დავიწყებას, თითქოს, ზოგიერთი ცდილობს, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას რეგიონის ყველა ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა, ისევე, როგორც ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორები. უფრო მეტიც, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ბატონი ენრიკე მორა. ეს გახლავთ ერთ-ერთი უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობა ევროკავშირის შიგნით, ასე რომ ევროკავშირიც წარმოდგენილი იყო ამ ინაუგურაციაზე. ეს არის ზუსტად ის ყალბი ნარატივების გავრცელების მცდელობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ხოლმე.
რაც შეეხება თავად აქტს – ის სავსეა წინააღმდეგობებით. გასაკვირია, რომ წარმომადგენელთა პალატა, ამ აქტის ავტორები მიმართავენ USAID-ს, რომ მან შეიმუშაოს სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით. ეს ის USAID-ია, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციამ თაღლითი ორგანიზაცია უწოდა და რომელიც დახურვის პროცესშია ახლა. არ ვიცი, რას უნდა მივაწეროთ ის, რომ ამერიკის წარმომადგენელთა პალატა ორგანიზაციას, რომელსაც მისივე ადმინისტრაცია თაღლითურად მიიჩნევს და რომელზეც ბევრი ფაქტი უკვე გამომზეურდა, უკვეთავს სტრატეგიას საქართველოსთან შემდგომი საქმიანობის შესახებ,“ -განაცხადა პაპუაშვილმა.