საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საჯარო ინფორმაციის 98%-იანი ხელმისაწვდომობისთვის დაჯილდოვდა

სიგელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დააჯილდოვა.
IDFI-ის წლიური ანგარიშის თანახმად, მთავრობის ადმინისტრაციამ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე მეტად გააუმჯობესა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი.
კერძოდ, 2012-2013 წლების მაჩვენებელთან (75%) შედარებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 23%-ით გაუმჯობესდა და 98% შეადგინა.
სიგელი, ანგარიშის პრეზენტაციაზე, IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ნინო კობახიძეს გადასცა.
„წინა წლებთან შედარებით ჩვენ გავაუმჯობესეთ მაჩვენებელი, რადგან მთავრობის ადმინისტრაცია გამჭვირვალედ მუშაობს და ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ამ პროექტში და იმავეს მოვუწოდებთ სხვა უწყებებს. ანგარიშის თანახმად, გარკვეული ხარვეზები არის ცალკეული მუნიციპალიტეტებისა და გამგეობების მაჩვენებლებში, რაც შესაძლოა, ადმინისტრირების პრობლემა იყოს. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია მოთხოვნები. ჩვენ IDFI-ისთან ერთად ვაპირებთ ტრენინგების ორგანიზებას სხვადასხვა უწყებისთვის, ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობას დასამალი არაფერი აქვს”, – აღნიშნა ნინო კობახიძემ.
სპეციალური ჯილდოები, სიგელები 2014 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის ასევე მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.
2014 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის სიგელი გადაეცათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

10927968_344190709120452_1366886030_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები