გულიკო ზუმბაძემ და მამუკა ჩოქურმა სამგორის რაიონში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გულიკო ზუმბაძესა და ისანი-სამგორის რაიონის გამგებელ მამუკა ჩოქურს შორის რაიონის გამგეობაში შეხვედრა გაიმართა.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საგორის რაიონში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს.
გულიკო ზუმბაძის განცხადებით, აუცილებელია გამგეობასა და მაჟორიტარს შორის კოორდინაციის გამჭვირვალობის უზრუნველოყოფა, რათა საზოგადოება ყოველთვის იყოს ინფორმირებული ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით.
„დღევანდელი შეხვედრით საფუძველი ჩაეყარა ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიას და მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, კვარტალურად ჩავიბარებ ანგარიშს გამგეობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
კონკრეტულად კი, გავეცნობი არსებულ ვითარებას, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს გამგეობა, არსებობს თუ არა და რა არის სამუშაოების გარკვეული შეფერხების მიზეზები, რამდენად ეფექტურია პრობლემების გადაჭრის გზები და სხვა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელეთ კონკრეტულად სამგორის რაიონში განხორციელებულ და განსახორციელებელ ინფრასტრუქრურულ ღონისძიებებზე“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
სამგორის რაიონის გამგებლმა მამუკა ჩოქურმა აღნიშნული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ სწორედ ამგვარი მჭიდრო კომუნიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი კონკრეტული ამოცანების, როგორც დასახვის, ასევე მათი შესრულების მართებული დაგეგმვა და განხორციელება.
ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, გულიკო ზუმბაძემ და მამუკა ჩოქურმა შეხვედრაზე საკადრო პოლიტიკის საკითხებზეც ისაუბრეს.