ინტერესთა კონფლიქტი ვაზაგაშვილების საქმეებში – „სოსო ჯოგლიძე ფირცხალავასა და სოსანაშვილს შორის შუამავლის როლს შეასრულებს“
“კვირას“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე, ირაკლი ფირცხალავა და მისი მეუღლე ნინო ხვიტია თანაკლასელები არიან, კომენტარს ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი ირმა ჭკადუა აკეთებს. ირმა ჭკადუა ფაქტს ირაკლი ფირცხალავას და მისი თანამზრახველების მიერ წინასწარ დადგმული სცენარის ერთ-ერთ ნაწილს უწოდებს.
როგორც ჭკადუა “კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, ის გარემოება, რომ დაკავებული სოსანაშვილის ადვოკატი ფირცხალავას თანაკლასელია, იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან ფირცხალავას კავშირზე მიუთითებს.
ვაზაგაშვილების ინტერესების დამცველი ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სოსანაშვილს დააკავებდნენ, ფირცხალავას წინასწარ ეცოდინებოდა, რომ სოსანაშვილის ადვოკატი მისი თანაკლასელი სოსო ჯოგლიძე უნდა ყოფილიყო.
ჭკადუა ფიქრობს, რომ აღიშნულმა გარემოებამ შესაძლოა, გამოძიების პროცესი შეაფერხოს.
მისი თქმით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ სოსო ჯოგლიძემ ფირცხალავასა და ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ სოსანაშვილს შორის შუამავლის როლი შეასრულოს და გარკვეული წყაროების მეშვეობით ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა მოხდეს.
“წინასწარ დადგმული სცენარი გრძელდება… ეს ფაქტი არის იმის დადასტურება, რომ ფირცხალავამ და მისმა თანამზრახველებმა წინასწარ გათვალეს ყველაფერი. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა სოსანაშვილის დაკავება, მისი ინტერესები უნდა დაეცვა ფირცხალავას ნდობით აღჭურვილ პირს, ამ შემთხვევაში მის თანაკლასელს სოსო ჯოგლიძეს“, – განუცხადა “კვირას“ ირმა ჭკადუმ.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი ირაკლი ფირცხალავას თანაკლასელია, სამართლებრივი კუთხით დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა საქმე გვაქვს ინტერესთა კონფლიქტთან.
“თუ სოსანაშვილმა თავად არ მოითხოვა ადვოკატ სოსო ჯოგლიძის აცილება, სოსო ჯოგლიძე მისი ინტერესების დაცვას განაგრძობს.ზნეობრივად რამდენად გამართლებულია ეს ფაქტი, ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხის გაცემა საზოგადოებისთვის მიმინდვია“, – აღნიშნა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, “კვირასთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე, ირაკლი ფირცხალავა და მისი მეუღლე ნინო ხვიტია თანაკლასელები არიან.
„კვირასთან“ საუბრისას ნინო ხვიტიამ აღნიშნა, იგი ირაკლი ფირცხალავას და სოსო ჯოგლიძეს ბავშვობიდან იცნობს. მისივე თქმით, ისინი ჯერ საბურთალოზე მდებარე მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ, შემდეგ კი სამივემ სწავლა 101- ე სკოლაში გააგრძელა. „ირაკლის 5 წლიდან ვიცნობ, მე და ჩემი მეუღლე საბურთალოზე, ყაზბეგის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ჩვენ დროს იყო მოსამზადებელი კლასი, მაშინ ვსწავლობდით მე-60 სკოლაში. მერე ორივე 101- სკოლაში გადავედით, რომელიც ახლა ევროპული სკოლაა. ჩვენივე თანაკლასელია სოსო ჯოგლიძეც, სოსო მე-60 სკოლაშიც ჩვენთან ერთად დადიოდა და მერე სამივენი 101 – ე საჯარო სკოლაში გადავედით. ჩვენ – სამივე ერთად თანაკლასელები ვიყავით, ერთმანეთს ვიცნობდით, მაგრამ მეგობრები არ ვყოფილვართ“, – აღნიშნა ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ ნინო ხვიტიამ.
აღნიშნულის შესახებ „კვირა“ გია სოსანაშვილის ადვოკატს სოსო ჯოგლიძესაც დაუკავშირდა. მან „კვირასთან“ დაადასტურა, რომ ის ირაკლი ფირცხალავას ბავშვობიდან იცნობს და თანაკლასელები არიან. თუმცა, აღნიშნა, რომ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. „მე, ირაკლი ფირცხალავა და ნინო ხვიტია თანაკლასელები ვართ. მეგობრებიც ვიყავით, მაგრამ ამ საკითხს საქმესთან არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე ვარ გია სოსანაშვილის ადვოკატი. ჩემთან მოვიდა გია სოსანაშვილის სიძე, გავაფორმე ხელშეკრულება და საქმეში ჩავერთე“, – აღნიშნა სოსო ჯოგლიძემ.
ადვოკატი „კვირასთან“ საუბრისას კატეგორიულად უარყოფს ფაქტს, რომ თითქოსდა, გია სოსანაშვილს ადვოკატი ირაკლი ფირცხალავამ დაუქირავა.
„თუ დაზარალებული ამ ფაქტს გაითვალისწინებს, მაშინ ჩემ მიმართ ადგილი ექნება დისკრედიტაციას. ისეთი რაღაცებიც მესმის, თითქოსდა, ირაკლი ფირცხალავამ დამიქირავა სოსანაშვილის დასაცავად, ეს არის აბსურდი. დედას გეფიცებით. როგორც იურისტს, მე სოსანაშვილის დაცვა მევალება, ხელშეკრულება გავაფორმე და საქმეში ვარ ჩართული“, – აცხადებს სოსო ჯოგლიძე.
ცნობისთვის, იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გია სოსანაშვილის ადვოკატის მომსახურეობის ხარჯები მედიაში განხილვის თემად იქცა. ვინ უხდის სოსო ჯოგლიძეს კლიენტის მომსახურების თანხებს – ამ საკითხზე გადაცემა „არჩევანშიც“ ისაუბრეს. კასპის მუნიციპალიტეტის ქვემო ჭალის გამგეობის მოვალეობის შემსრულებელი მარეხ ყამბეგაშვილი დაინტერესდა, ვინ უხდის გია სოსანაშვილს ადვოკატის მომსახურების ფულს. “ადვოკატის მომსახურება დღეს რომ იაფი არ ჯდება, ეს ყველამ იცის. ამიტომ ჩნდება ეს კითხვა. ამ ოჯახის მდგომარეობა ნახა მთელმა საქართველომ და გაცილებით უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, ის ყოფილიყო სახაზინო ადვოკატი. ვინ უხდის ჰონორარს მის ადვოკატს?” – განაცხადა მარეხ ყამბეგაშვილმა.