ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლი ახალი რეგულაციებით განხორციელდება

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ალკოჰოლური სასმელების სერტიფიკაციის ახალი წესები ამოქმედდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოს საშუალება ექნება, უფრო ეფექტიანად და კვალიფიციურად წარმართოს ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირების, საინსპექციო კონტროლის და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები.
მისივე თქმით, სავალდებულო ხდება საქართველოში წარმოებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მარკირება სპეციალური ნომრით, რაც შესაძლებელს გახდის პროდუქტის მიკვლევადობას წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. თითოეულ ბოთლზე დატანილი ლოტის ნომერი (L….) მაკონტროლებლებს საშუალებას მისცემს, სრული ინფორმაცია მიიღონ.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მაღალი ხარისხის გარანტი იქნება და ხელს შეუწყობს ფალსიფიკაციის პრევენციას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ/საექსპორტო ქვეყნებში.
როგორც ოთარ დანელია აცხადებს, ახალი რეგულაციების თანახმად, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებითა და ექსპორტით დაინტერესებული მეწარმეებისთვის გამარტივედება ალკოჰოლური სასმელების სერტიფიკაციასთან დაკავშირებული პროცედურები და ექსპორტიორებისთვის ნაკლები დანახარჯებით მოხდება ექსპორტი. კერძოდ: მეწარმეები განახორციელებენ პროდუქციის ერთი მთლიანი ლოტის ერთჯერად შემოწმებას და აღარ იქნება საჭირო ამ ლოტიდან ყოველი სარეალიზაციო პარტიის ხელახალი ლაბორატორიული და საგედუსტაციო შემოწმება.
ახალი რეგულაციები ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესებში ხელს შეუწყობს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის ამაღლებასა და პოპულარიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები