იკა მელია: ჯოკია ბოდოკიასთან დაკავშირებით ჩვენ დავით ნარმანიას ვაფრთხილებდით

ჯოკია ბოდოკიას დაკავებას “ნაციონალურ მოძრაობაში” ეხმაურებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენცია ნიკა მელიამ გამართა.
მისი თქმით, ოპოზიციამ დავით ნარმანია ჯოკია ბოდოკიას თანამდებობაზე დანიშვნამდე არაერთხელ გააფრთხილა. თუმცა, მოქმედმა მერმა ოპონენტების რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და ბოდოკიამ მუშაობა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის პოზიციაზე მაინც დაიწყო.
“როცა დავით ნარმანია მის უახლოეს მეგობარს, თანასოფლელ ჯოკია ბოდოკიას ნიშნავდა თანამდებობაზე, ჩვენ მას ვაფრთხილებდით, რომ იგი 2010 წელს იყო კორუმპირებული, მძიმე დანაშაულში ბრალდებული, თუმცა ნარმანიას ეს ყველაფერი სასაცილოდ არ ეყო. შეუძლებელია ჯოკია ბოდოკიას 180 ათასი ლარის ოდენობის ქრთამი აეღო ბატონი მედულაშვილის, ნიჟარაძისა და ნარმანიას ჩარევის გარეშე“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, გუშინ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი, 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია დააკავეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს, სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები