„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ჟვანიას საქმის გამოძიება შეწყვიტოს
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდავალების საქმის გამოძიება, რადგან დადგენილია, რომ ის უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
პარტიის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საქმეში ახალი დეტალები არ გაჩენილა, ეს დეტალები აქამდე იყო დაფარული, ახლა კი გასაჯაროვდა.
„არანაირი ახალი გარემობები არ არსებობს. ყველა ეს გარემოება, რომელიც არსებობდა საქმეში, იყო დაფარული და არ იყო ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ეს საქმე. გაათავისუფლოს ის უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც უაზროდ დააკავეს. ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის გამო გარდაიცვალა და საქმეში არსებობს ამის ყველა მტკიცებულება, მათ შორის ამერიკის საგამოძიებო ბიუროს დასკვნა. ზურაბ ჟვანიას პირადი ცხოვრების დეტალებს არანაირი შემხებლობა არ აქვს მისი გარდაცვალებასთან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
გუშინ ” გადაცემა „არჩევანში“ ამერიკის ფედერალური ბიუროს დასკვნის ნაწილი გასაჯაროვდა. დასკვნაში წერია, რომ სახლში, სადაც გარდაცვლილები იპოვეს, გაზის გამათბობელი არასწორად იყო დამონტაჟებული. კერძოდ, არ ჰქონდა სათანადო ვენტილაციის სისტემა, რომელიც გაიტანდა აირს გამათბობლიდან, რამაც ბინაში ჰაერის ცუდი ხარისხი გამოიწვია.