გოგლა ჟვანია მურთაზ ზოდელავას პასუხობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია ყოფილ მთავარ პროკურორს პასუხობს. როგორც „კვირას“ გოგლა ჟვანიამ განუცხადა, იგი ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზას არ დასწრებია.
„მურთაზ ზოდელავა მიხეილ სააკაშვილის დავალებებს ასრულებს. მე არ დავსწრებივარ ექსპერტიზას. უფრო მეტიც, მე ექსპერტიზის დასკვნას ვერანაირად ვერ დავესწრებოდი. ეს მაშინ შეუძლებელი იყო. ჩვენ ყველა მასალას ვიცნობთ, მთელი ჩვენი ოჯახი – ნინოც, დედაჩემიც და მე.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ზურა მოკლეს, სწორედ ამიტომ ვამბობთ ამას, რომ ჩვენ საქმის ყველა მასალას ვიცნობთ. ზოდელავა რა მასალებსაც იცნობს და ვის დავალებასაც ასრულებს, ჩემთვის ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. ძალიან სერიოზული შეცდომები გამოეპარათ, მათ შორის ზოდელავასაც. ცხვირწინ ედო ძალიან მძიმე ნივთმტკიცებები, მართლსაწინააღმდეგო და ეს გამოეპარათ, ეს მათი პრობლემაა. ძალიან ბევრი მასალაა ამ საქმეში გაყალბებული, მათ შორის ნივთმტკიცებები, როგორ ხდებოდა გაყალბება ერთ-ერთ ეპიზოდზე.
პროკურატურამ ისაუბრა ძალიან მნიშვნელოვან ეპიზოდზე, როდესაც სურათები გაავრცელეს და აჩვენეს ჟურნალისტებს პირველივე დღეებში. ზუსტად ეს ეპოზოდი არის გაყალბებული, ეს უკვე გამოაშკარავდა. ასევე გაყალბებულია ამერიკული FBI-ის დასკვნა“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას გოგლა ჟვანიამ.
ყოფილი პროკურორი, მურთაზ ზოდელავამ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, რომ გოგლა ჟვანიამ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ყველა დეტალი იცოდა.
“ოჯახის ყველა სრულწლოვანმა წევრმა დეტალების შესახებ იცოდა”, – ამბობს მურთაზ ზოდელავა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ადამიანურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარკვეული ნაწილის გასაიდუმლოების შესახებ. თუმცა,ზოდელავას უჭირს, თქვას, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად.