გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთიდან საქართველოში პირველი სარკინიგზო ტვირთის ტრანსპორტირებას ახალი ეპოქის დასაწყისი უწოდა
ეს არის უმნიშვნელოვანესი, ახალი ეპოქის დასაწყისი საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდისა და ახალი ბიზნესების განვითარების კუთხით, – ასე შეაფასა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთიდან პირველი სარკინიგზო მატარებლის შემოსვლის ფაქტი.
მისი თქმით, პროექტი პირველივე ეტაპზე საქართველოს პორტებისთვის დაახლოებით 50-60 ათასი ახალი კონტეინერის მოცულობას დააგენერირებს.
„ძალიან სასიხარულოა, რომ პირველი, პირდაპირ მატარებელი შემოვიდა ჩინეთიდან საქართველოში. პირველივე ეტაპზე ეს პროექტი საქართველოს პორტებისთვის დააგენერირებს დაახლოებით 50-60 ათასი ახალი კონტეინერის მოცულობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პორტებისთვის, ასევე საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. ეს გახლავთ ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ნაწილი, რომელიც წარმატებით განხორციელდა საქართველოს რკინიგზის, ყაზახეთის რკინიგზისა და ჩინეთის პროვინცია სინძიანის უშუალო მონაწილეობით. შემდგომში, მთელ ეკონომიკურ სარტყელზე, აზერბაიჯანთან, შუა აზიის ქვეყნებთან, ასევე თურქეთთან, როცა დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, მთლიანად შეიკვრება ერთიანი, დიდი ინფრასტრუქტურა, რომელიც მთელ რეგიონში საქართველოს როლს ეკონომიკური დანიშნულების კუთხით მნიშვნელოვნად გაზრდის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვარკეთილის საკონტეინერო ტერმინალში გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ტრანს-აზიურ-კავკასიური მატარებელი იძლევა საშუალებას, ხუთჯერ შემცირდეს სატრანზიტო დრო საზღვაო გადაზიდვასთან შედარებით (თუ ზღვით ტრანსპორტირების შემთხვევაში საჭიროა 40-45 დღე, ამ შემთხვევაში ტვირთი ჩინეთიდან საქართველოში 9 დღეში ჩამოვა).
„საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლების განცხადებით, ფაქტი ისტორიულია და აქამდე არსებული საზღვაო კავშირის დამატებით ალტერნატივას წარმოადგენს. პროექტის მეშვეობით ტვირთი უმოკლეს დროში შეუფერხებლად იმოძრავებს ჩინეთიდან საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმართულებით და უზრუნველყოფილი იქნება ტვირთის შემდგომი ტრანსპორტირება როგორც ევროპის, ასევე ხმელთაშუა და შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნების მიმართულებით.
კომპანიებმა დაგეგმეს თავიდან ორ კვირაში ერთხელ, შემდეგ კი ყოველკვირეულად ერთი ბლოკმატარებლის გადაზიდვის განხორციელება, რაც საშუალებას მისცემს ტვირთის მფლობელებს, ისარგებლონ რეგულარული და გარანტირებული სახაზო სერვისით.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით საქართველოს პორტებისა და საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა, მხოლოდ ერთი მიმართულებიდან, დაახლოებით 100-120 მილიონი დოლარის დამატებით ფულად ნაკადს უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკისთვის. მომავალში ბლოკმატარებლის ორივე მიმართულებით (ჩინეთი-საქართველო, თურქეთი-ყაზახეთი) დატვირთული მუშაობის შედეგად ეს მაჩვენებელი გაორმაგდება.
ვარკეთილის საკონტეინერო ტერმინალში გამართულ პრეზენტაციას, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, ჩინეთის, ყაზახეთის და აზერბაიჯანის ელჩები, ასევე „საპარტნიორო ფონდისა“ და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.