„აფრასიძეების სპეცოპერაციის ბრძანება მიხეილ სააკაშვილთან იყო შეთანხმებული“
პროკურატურის მთავარი მოწმე აფრასიძეების საქმეში შს ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილია – ამის შესახებ სტატიას გაზეთი „ალია“ აქვეყნებს.
გამოცემის სანდო წყარო აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძისა და სახელმწიფოს იმდროინდელი წამყვანი ფიგურების შესახებ ჩვენებები მისცა. ამავე წყაროს ინფორმაციით, გიორგი ბარამიძემ ძალიან კარგად იცის, რომ პატიმრობა ემუქრება, ძალიან არ უნდა, გაიზიაროს ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიასა და გიგი უგულავას ბედი და საშველად მიხეილ სააკაშვილისთვის მიუმართავს. ბარამიძეს სააკაშვილისთვის უთხოვია, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან მოუგვაროს საქმე.
„ოქრუაშვილის, სხვა მოწმეების ჩვენებებითა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ამ სპეცოპერაციის ყველა დეტალი მიხეილ სააკაშვილთან იყო შეთანხმებული, სააკაშვილის უშუალო ბრძანება ყოფილა, რომ ევგენი აფრასიძე რომც დაგნებდეთ, მაინც მოკალით, არ დაინდოთ არც ქალი და არც ბავშვი, ქვა ქვაზე არ დატოვოთ ეცერში და რაც უფრო სისხლიანი და მსხვერპლიანი იქნება ეს ოპერაცია, მით უკეთესიო. სააკაშვილის ბრძანება ზედმიწევნითი სიზუსტით შეასრულეს სპეცოპერაციის ხელმძღვანელებმა. ამ სპეცოპერაციის გამო, სავარაუდოდ, მალე წაუყენებენ ბრალს ვანო მერაბიშვილს, გიორგი ბარამიძესა და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს. გიორგი ბარამიძე, ერთი შეხედვით, ყინჩად არის და დაჟინებით მოითხოვს, „აფრასიძეების საქმეზე“ დამკითხოს პროკურატურამ, თუ ჩემი დანაშაულის შესახებ რაიმე სამხილი აქვსო. ადრე ბარამიძე უფრო ომახიანად აცხადებდა ამას, მაგრამ ბოლო დღეებში, მისი განცხადებები რომ მოვისმინე, აშკარაა, ძალიან ნირწამხდარი და შეშინებულია, რიხი გაუქრა ხმიდან. უკვე იცის, რომ პროკურატურა მარტო მისი დაკითხვით არ დაკმაყოფილდება და ბრალის წაყენებასაცარ დაერიდებიან. გიორგი ბარამიძეს ვეღარ დაიცავს დეპუტატის იმუნიტეტი და დიდი ალბათობით, მას ციხეში უკრავენ თავს“, – წერს გამოცემა.