საქართველოს პრეზიდენტი სომეხ კოლეგას სერჟ სარგსიანს შეხვდა

     საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან, სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში გაემართა, სადაც ქვეყნის პირველი პირის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. ცერემონიის შემდეგ საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. როგორც “კვირას” პრეზიდენტის პრსსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. იმედი გამოთქვეს, რომ კეთილმეზობლური პოლიტიკა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე პრეზიდენტებმა ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს ეკონომიკური და რეგიონის უსაფრთხოების კუთხით. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით ქართველ და სომეხ ერს მრავალსაუკუნოვანი კულტურა აკავშირებთ, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის განვითარებაში . „საქართველო არის თავისუფლების, კულტურათა შეხვედრის ადგილი, სადაც ჩვენი რეგიონის სხვადასხვა კულტურები ვითარდება და გვაძლევს ახალ მიმართულებს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება და მას წარმატება უსურვა. პრეზიდენტმა სარგსიანმა აღნიშნა, რომ სომხეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ხედვა რეგიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. „დარწმუნებული ვარ დღეს ჩვენ გველის დატვირთული და საინტერესო სამუშაო, ჩვენი ურთიერთობების დონე მუდმივად ღრმავდება. იმედი მაქვს თქვენი ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში მისცემს ახალ, ძლიერ იმპულსს ჩვენს თანამშრომლობასა და მეგობრობას“, – აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა. ორი ქვეყნის ლიდერებმა შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობითაც გამართეს, რის შემდეგაც ისინი ქართული და სომხური მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები