ლია ნაროუშვილი – მოზომილია უფლისგან მიწა, აქაც და იქაც, იყავი ფრთხილად!
“ფესვებს მინდა დავუბრუნდეო“, – აუხდენელ ოცნებად აქვს პოეტს. მრავალი წელი უცხო მიწაზე ქართულ სიტყვას თესავდა და ამრავლებდა, იქ დარჩენილ ქართველთა შვილებს წარსული რომ არ დაეკარგათ. ბევრი რამ შეეძლო გაეკეთებინა, ბევრჯერ ცარიელი ხელებით, “სულ დრო და ფული მაკლია და გასაოცარია, როცა კეთილი საქმისთვის მჭირდება, ორივე უხვად მომეცემა ხოლმე.” მისი ლექსები ქართველი კომპოზიტორების შთაგონების წყარო გამხდარა, ამღერებულა და ბევრი ქართველის გულიც აუმღერებია. რაც თავი ახსოვს, წერს, ჯერ კიდევ სულ პატარამ დედისთვის მიძღვნილი ლექსისთვის დიდი პოეტის იოსებ ნონეშვილის შექება და ავტოკალამი დაიმსახურა. ყოველთვის ვცდილობდი, მკითხველამდე მსუბუქად მიმეტანა ჩემი სათქმელიო და საკუთარ ტრაგიკულ ცხოვრებაზე არასდროს უსაუბრია. დიდი სევდა და სიყვარულია მის თვალებში. ეს მარტო პოეტის სევდა არ გახლავთ. ის საქართველოს უახლესი წარსულის მსხვერპლია, რომელმაც. მიუხედავად საკუთარ ოჯახზე დატეხილი დიდი ტრაგედიისა. აქედან წასულმა სამშობლოს სიყვარული ზურგით ატარა და ბევრი საქართველოს მიწიდან მოწყვეტილი ქართველი საკუთარი ცისა და მიწის მზით ასაზრდოვა. ამ მადლს უფლის წყალობად მიიჩნევს და ამ თემაზე საუბარს გაურბის. მისმა მონდომებამ ცარიელი ხელებით და კეთილი ადამიანების დახმარებით შეაძლებინა მეზობელი ქვეყნის რეგიონებში ქართული მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე სკოლები გაეხსნა. ბევრი პოეზიის საღამო გაემართა და ქართული სული ეცოცხლებინა უცხო მიწაზე.
ამ ადამიანის ცხოვრების ახლოს გაცნობისას უნებლიეთ ჩვენი პატრიარქის სიტყვები გამახსენდა: “ღვთის წინაშე სიკეთე არ იკარგება. ღმერთი არის სიყვარული. სიყვარული არის ფუძე ყველაფრისა. სიყვარულის შედეგია თვითონ ადამიანი. სიყვარული შინაგანად არის ის ძალა, რომელიც გმირობას გვაკეთებინებს. სიყვარული ღვთისაა, სიყვარული ადამიანისაა, სიყვარული ბუნებისაა“.
– ბავშვობა და სტუდენტობა…
– დავიბადე ზუგდიდში. ხუთი და – ძმა ვიყავით, რადგან მათ შორის ყველაზე უმცროსი ვიყავი, ყველა ჩემზე ზრუნავდა. ამდენად, ძალიან ლაღი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა.
ვსწავლობდი: გლდანის N1 რესპუბლიკურ სპორტულ სკოლაში,ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბრის საშუალო სკოლაში. რიგის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სპეციალობით გახლავართ ფილოლოგი (ლატიშური ენის). ბოლო კურსზე ვიყავი, როდესაც თბილისში 9 აპრილის ტრაგედია დატრიალდა. ქართველმა სტუდენტებმა მსვლელობა მოვაწყეთ რიგის ცენტრში. კარგად მახსოვს, როგორი სიყვარულითა და შემართებით შემოგვიერთდნენ სხვადასხვა ინსტიტუტის სტუდენტები, რასაც პრესაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
– პირველი ლექსი…
– ჩემი პირველი ლექსი დაიბეჭდა გაზეთ “მებრძოლში”, რომელიც გამოდიოდა ზუგდიდში. მაშინ მეოთხე კლასში ვსწავლობდი. შემეშინდა კიდევაც… გეტყვით, თუ რატომ. რომ წავიკითხე, უცნაური გრძნობა დამეუფლა, – იქნებ საიდანღაც ჩამრჩა მეხსიერებაში და, ვაითუ, ჩემი ლექსი არ იყოს- მეთქი. მაგრამ მაშინდელ რედაქტორს და ჟურნალისტს რა გამოეპარებოდა?! ცოტა ხანში თბილისში, ნორჩ მხარეთმცოდნეთა რესპუბლიკურ შეკრებაზე მიმიწვიეს. იქ წავიკითხე ეს პატარა ლექსი. იოსებ ნონეშვილი ჩამეხუტა, ლექსი შეაქო და საჩუქრად თავისი ავტოკალამი გადმომცა.
„მზეში – ეკლესია,
ეკლესიაში – მრევლი
მრევლში – ღმერთი,
ღმერთი – შენში,
შენ კი ჩემში“.
ეს იყო დედისადმი მიძღვნილი ლექსი.
– ახლანდელი და მაშინდელი მკითხველი…
– მაშინდელი მკითხველი საკმაოდ გემოვნებიანი იყო. მიუხედავად ტექნოლოგიური მიღწევებისა, დღევანდელი მკითხველი უგემოვნოა, ღირებულების არმქონე ლიტერატურაზეა ორიენტირებული, რაც განპირობებულია კრიტიკის არარსებობით. ვერ გეტყვით, ლექსმა დაკარგა მკითხველი, თუ მკითხველმა ლექსი. თუმცა დრო ყველაფერს უჩვენოდაც მშვენივრად დაალაგებს, თავ-თავის ადგილას მიუჩენს ყველაფერს.
– ბევრი პოეზიის საღამო ჩაატარეთ…
– 2012 წელს ჩემი შემოქმედებითი საღამო გაიმართა მარჯანიშვილის თეატრში. თეატრის დირექციას პოლიციის გამოძახება დასჭირდა, იმდენმა ლექსის გულშემატკივარმა მოიყარა თავი, რომ დარბაზი ვერ იტევდა (სტუდენტები განაწყენდნენ. მეორე დღეს ერთ – ერთ ინსტიტუტს საჩუქრად გავუგზავნე ახალგაზრდებს ჩემი კრებულის ბოლო გამოცემა)… თბილისის 30 –ზე მეტ სკოლაში ჩამიტარებია პოეზიის საღამო, ასევე – ხელოვნების მუშაკთა სახლში, ზუგდიდში, სენაკში, ბათუმში, მოსკოვის საერთაშორისო მუსიკის სახლში, ლიტერატორების ცენტრალურ სახლში, ქართველთა კავშირში, როსტოვში, კრასნოდარში, ნიჟნინოვგოროდში, კურსკში, კაზანში… მოკლედ, რუსეთის 36 რეგიონში, სადაც ქართველები ცხოვრობენ.
– როგორი გარემო გჭირდებათ წერისთვის?
– სიჩუმე, მოგზაურობა, კარგი ლექსის წაკითხვა ჩემი შემოქმედებისათვის ზურგის ქარია.
– მარტო ლექსებს წერთ? პროზა თუ მოგისინჯავთ?
– რამდენიმე საბავშვო ზღაპარი და პროზაული ჩანახატი მზადაა გამოსაცემად.
– პოეტის გარეგანი და შინაგანი სამყარო…
– ჩემი ბოლო ემიგრაციაში დაწერილი წიგნი ცოტათი მიუახლოვდა ჩემს შინაგან სამყაროს. აქამდე პათოსით, იმედით სავსე იყო ჩემი შემოქმედება, – ამ ბოლი დროს ვფიქრობ, რომ გამებზარა სულის ბეღელი, გატყდა ჩემი მტკიცე ხასიათი, სევდა შემეპარა და უფრო შემოკლდა მანძილი გარეგან და შინაგან „მეს“ შორის. ორი სხვადასხვა ადამიანი ცხოვრობს ერთ გარსში.
– რას ურჩევდით დამწყებ პოეტებს…
– ჩვენმა თაობამ რთული გზა გამოიარა. რაც ვერ შევძელით, გვაპატიონ. ყოველი სტრიქონის წერისას, თუკი თვალის რიდეს სამშობლო არ ჩამოეფარა, გამართულ ლექსს ვერასოდეს დაწერთ. გახსოვდეთ სამშობლო და წინაპარი. ხოლო უფალი და ლექსი თვითონ გიპოვით.
– კომპოზიტორები, რომლებმაც თქვენი ლექსები აამღერეს.
– ესენი ცნობილი კომპოზიტორები არიან : მაცაცო სებისკვერაძე, მარიკა კვალიაშვილი, ჯუმბერ ამანათაშვილი, შალვა დავითაშვილი, ნანა ბოჯგუა, ია ცქიტიშვილი და სხვები. ამ შესანიშნავმა ადამიანებმა ძალიან ლამაზი მუსიკა დაუწერეს ლექსებს, რომლებიც გამორჩეულია თავისი მუსიკალობით, ბგერწერითა და ჰარმონიით.
– ლექსი, რომლიც განსაკუთრებულად შეიყვარა მკითხველმა…
– ეს ის პირველი ამღერებული ლექსია, რომელმაც რამდენიმე კონკურსზე გაიმარჯვა. ვედრება ჰქვია:
არ დაანგრიოთ, არ დაშალოთ, ციხე-სიმაგრე,
დღემდე, წამებით რომ გაშენდა შავი ზღვის პირას,
გადააფარეთ თეთრი მტრედი ჩემს საქართველოს,
დაჰხურეთ ქუდი დადიანის ჯიშსა და ჯილაგს !..
ამოაგელვეთ თეთრი რაში აფხაზეთიდან,
გზას გაუყენეთ, კავკასიას ფრენით მოიარს,
ნუ დააყოვნებ, მებორნეო, ტივებს ნუ ძირავ,
ამ ცის ქვეშეთში არ იქნება სხვა ნიკოფსია.
დარუბანდიდან აფრინდება მაცნე – მერცხალი,
გზას გაიკვალავს ოცნების მტრედი დიდ სათანჯიას,
წამოაყენეთ საფლავიდან ჭყონდიდელი და –
გზები უკურთხოს წიწამურთან წმინდა ილიას.
მჭიდროდ დავუხვდეთ, არ დაგვცეცხლოს მზემ უცხოეთის,
ნუ… ნუ, მივსტირით, ვაი რა ვქნათ, მსხვერპლი დიდია,
ძმაზე, მამაზე, დედაზე და ცოტნეზე მეტი,
დღეს ქართველებო ბევრად მეტი მსხვერპლი გვჭირია!..
გადააფარეთ თეთრი მტრედი ჩემს საქართველოს,
დაჰხურეთ ქუდი დადიანის ჯიშსა დაჯილაგს!..
– ყოფილა რამე წინააღმდეგობა, რომელმაც უფრო მეტად გაგაძლიერათ ცხოვრებაში?
– ძალიან ტრაგიკული პიროვნება ვარ… არასოდეს არცერთი წიგნისთვის არ წამიმძღვარებია ჩემი ბიოგრაფია, რადგან, მსურდა მკითხველამდე მსუბუქად მიმეტანა სათქმელი და ჩემი ოჯახის ტრაგიკულმა ბედმა ისე დაამძიმა ჩემი ცხოვრება, რომ ამ თემაზე საუბარი ყოველთვის მეძნელებოდა. დღეს პირველად გამომაქვს სამზეოზე ჩემი ბიოგრაფია: ერთი ძმა 28 წლის ასაკში მომიკლეს ( 48 მანეთის გამო, რომელიც ამოაცალეს მკვლელებმა ჯიბიდან). მეორე ძმა 33 წლის ასაკში „მხედრიონმა“ მომიკლა, მამას გულმა უმყტუნა და 61 წლის ასკში გარდაიცვალა. ხოლო და– 52 წლის იყო, უცებ გარდაიცვალა, ამდენ უბედურებას დედამ ვერ გაუძლო და ორი ძვირფასი ადამიანი ერთად მივაბარე უფალს… მარტოკამ გავზარდე ორი შვილი, მარტოკამ გავაბი გზა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. ასე მგონია, ყველა აღმართი ღირსეულად დავამთავრე. მწუხარებამ გამაკაჟა, საოცარი ძალა შემმატა, ძნელია ამის ახსნა, ასეთ დროს რატომ ძლიერდება ადამიანი.. ცხოვრებისეულ სიძნელებს დაერთო ისიც, რომ საცხოვრებლად მოსკოვში გადავედით, იქ კი ჩემი მოძღვრის ლოცვა – კურთხევით, ჩემი ყოფილი სტუდენტის და მისი მეუღლის, ქართული სკოლის დირექტორის და ბევრი სხვა კეთილი ადამიანის ძალისხმევით ვმოღვაწეობ და ვმუშაობ იმათ გვერდით, ვინც კარგად იცის ქართული კულტურის და შემოქმედი ადამიანის ფასი. ვცხოვრობ იმ წრეში, სადაც ჩემი სამშობლო უყვართ და პატივს მიაგებენ ჩემს ენას, მამულს, სინდისს და სარწმუნოებას.
– რა ხდება დღეს ლიტერატურულ სივრცეში? ვინ ადგენს, ვინ პოეტია ან მწერალი ?
– დღეს ლიტერატურულ სივრცეში სრული ქაოსია. ვიღაცები ანთოლოგიას ადგენენ. ვიღაცებმა” ლიტერატურული” საიტები გამოფინეს. შექმნილია დაჯგუფებები და ერთმანეთს ისეთ დითირამბებს უძღვნიან, რომ თვით გალაკტიონს „შეშურდებოდა“. ღირებული წიგნის გამოცემას მინიმუმ ხუთი მწერალი და კრიტიკოსი მაინც უნდა აწერდეს ხელს.
– ანა კალანდაძეთან მეგობრობდით, მან თავად მოგძებნათ…
– იცით, ლექსი მივუძღვენი, გაზეთში დაიბეჭდა, მომძებნა და მას მერე ვმეგობრობდით. ჩემს ბოლო წიგნში შევიტანე კიდევაც. მაშინ მე ვმუშაობდი ერთ– ერთ კერძო ინსტიტუტში როცა დამირეკა, მობილური ტელეფონები მაშინ არ იყო შემოსული. რედაქციაში მისცეს ჩემი ტელეფონი. რექტორი გიბარებსო, მითხრეს და ლექციიდან გამომიყვანეს, უცნაურმა ხმის ტემბრმა მამცნო, რომ ანა იყო. თითქოს ველოდი ამ ზარს, უცებ მივხვდი, ყურმილის ბოლოში ვინც იდგა, თუმცა მაინც დავიბენი, ვერ აღვწერ, რა დამემაართა, თქვენ ხართ ლია ნაროუშვილი, არა? დიახ, ამოთქვა ვიღაცამ ჩემი ყელიდან. როდის შეგიძლიათ მნახოთ? დღესვე, ახლავე, მივუგე დაბნეულად… ხვალ შეგიძლიათ? – ვესტუმრე, არცერთი წიგნი არ აღმომაჩნდა სახლში, გაზეთი წავუღე. მე ასეთი დღესასწაული არასოდეს მქონია, როცა მითხრა, რა დიდებული ლექსია თქვენი სევდაბაღიო. მან აქეთ მაჩუქა ჩემი წიგნი, თურმე “საქართველოს რესპუბლიკის” რედაქციაში რამდენიმე ცალი დამიტოვებია საჩუქრად და გაზეთთან ერთად ორი ცალი მიუტანიათ.
სევდაბაღი
სევდაბაღი ეს მერამდენედ ჩამოჰკრეს ზარებს,
ფარეზი ფრთებით ანგელოზებმა,
აითავისეს არვა – კრავები,
ქარებმა სევდის ავგაროზებმა
ცამ ცექი ცილა გადაიკარა,
მზე ციდა ცითბო ჩამოცინამდა,
ქუჩას აევსო ჭორებით უბე
ცირა ბაღი ხვაშ – მოცხარს ისხამდა
ამოდიოდა სევდა მაღიდან, მთვარე,
ნიკალა, ფერთა – ფართალი,
იწვოდა ცეცხლზე პოეტი გამმა
და ძვლებს გაჰქონდა ტკაცუნ – ტკაცანი.
თბილისს ეხურა ფსკერმოხატული
ცა, და ძეწნარში ეძინა ანას
ცელქი სიო და ცაქცაქა მთვარე
კოცნიდა თუთას, არწევდა ალვას.
ძველი ქართული სიტყვებია, ლამაზად შესატყვისებული ანასთან. თვითონ რამდენიმე კითხვა ჰქონდა და მე ამან გამაოცა:
როგორიაო ფარეზი ფრთები ანგელოზის? ან ცაქცაქა მთვარე რამ დაგანახა? რა ლამაზია სევდაბაღი … ეს იყო სულ, მე ერთი კითხვაც მყოფნიდა. მერე რამდენიმე საღამოს ერთად ვესწრებოდით, მაქვს ფოტოები, ვიდეომასალაც. იმ ინსტიტუტში, სადაც მე ვმუშაობდი, ჩამოვაყალიბე ნორჩ ლიტერატორთა წრე და მათი მოთხოვნით მოვიწვიეთ ქალბატონი ანა. საღამოს “სტუმარ – მასპინძელი” დაარქვეს და რამდენიმე პოეტი – ლექტორი ვმონაწილებდით, მოსაწვევად როცა მივედი (ის იშვიათად დადიოდა საღამოებზე) ,დეტალურად გამომკითხა ღონისძიების მონაწილეებზე.
ღმერთო, რა ბედნიერი ვიყავი როცა თანხმობა მომცა და მე წავაბრძანე პირადად მისივე თხოვნით.
– რატომ იკითხა მონაწილეების შესახებ?
– ის ძალიან ფრთხილი იყო, ეს აუცილებელია, ჰქონდეს მწერალს. „ყველა ჯამიდან არ იჭმევა და ყველასთან პურს ვერ გატეხ.“
– მოსკოვში ცხოვრობთ. როგორია მოსკოვური ცხოვრება? იქ ქართველებისთვის გახსნილი სკოლის შესახებ მოყევით.
– მოსკოვში ქართველებისთვის გახსნილ სკოლაში 400 – ზე მეტი ქართველი ბავშვი სწავლობს, მებედნიერი ვარ, რომ მაქვს ამ სკოლასთან მჭიდრო კავშირი, ფაქტობრივად, ამ სკოლის ცხოვრებით ვცხოვრობ. აქვე არ მინდა გამომრჩეს, რომ ჩვენი სკოლის პედკოლექტივმა დირექტორის, ანა კერესელიძის თაოსნობით, შეძლო დიდი საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის დასახმარებლად, რომელშიც მოსკოვში მცხოვრებმა ყველა ქართველმა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა. ასევე დიდი წვლილი შეიტანა ქართულმა ეკლესიამ ამ ახალგაზრდას გადარჩენაში. მაპატიეთ, ამ საქმეში ჩემს წვლილზე საუბარი უხერხულია.
– მოსკოვის კეთიშობილთა სასწავლებელში ასწავლიდით ქართულ და საქართველოს ისტორიას, რომელიც თქვენმა მოძღვარმა მამა რომანოზმა დააფუძნა.
– ეს იყო პირველი ოაზისი ქართველთათვის მოსკოვში, სადაც 80 ბავშვი ეუფლებოდა ქართულ ცეკვას, საქართველოს ისტორიას და ქართულ ენას, მახსოვს, მამა რომანოზმა რომ გამოაცხადა: დღეიდან კურთხევას გაძლევთ, ისწავლოთ ქართული ენა და ცეკვაო, – რამხელა სიხარული გამოიწვია მრევლში, პირელ დღეს 20 – ბავშვი მესწრებოდა, მეორე ლექციაზე ბავშვები ბაბუებთან, ბებიებთან და დედ – მამასთან ერთად მოვიდნენ, ეს იქ დაბადებული ბავშვები არიან, მათ ცოტა რამ იციან სამშობლოზე, დღეს ამ ბავშვებს ისეთი საფუძველი აქვთ, რომ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს ჯობნიან. ამაზე დიდი მადლი არ არსებობს ამ ცისქვეშეთში, რაც მამა რომანოზმა შეძლო. ხუთი წელი იარსება ამ საკვირაო სკოლამ. ეს იყო უსაზღვროდ ბედნიერი პერიოდი, მთავრდებოდა მეცადინეობა და ბავშვები სახლში არ მიდიოდნენ. როცა დაიხურა დროებით ეს სკოლა. თვენ უნდა გენახათ. როგორ ტიროდნენ.
– წინააღმდეგობები თუ გექმნებოდათ, როგორც ქართველს…
– არა, ჩემი წრე, რომელშიც მე ვცხოვრობდი, დიდი პატივისცემით იყო განწყობილი. მე ყველგან სიყვარულით მხვდებოდნენ, როცა დიდი კონცერტი ჩავატარეთ, დარბაზიც კი უფასოდ დაგვითმეს. მოსკოვის ინტელიგენციას ქართველები ძალიან უყვარს.
– სტუდენტების მოწყობილი საღამო დიპაკადემიაში.
– ძალიან ამაღლებული საღამო მოაწყვეს ქართველმა სტუდენტებმა მოსკოვში. ეს დაუვიწყარი დღე რომ აღვწერო, ალბათ, ერთ წიგნად შეიკვრება. ამ საღამომ მაფიქრებინა, რომ იქ უფრო მამულიშვილური საქმე გავაკეთე, ვიდრე აქ. ამ ღონისძიების ჩატარების მერე დაიწერა ეს ლექსი:
წერილი მეგობარს
აქ ფოთლები შეუყვითლდა აკაციას,
ფარჩის კაბა, ალუჩასაც არ აცვია…
საქართველოს ზეგნები და დაბლობები…
ვიცი ამ დროს გასაოცრად წარმტაცია.
მომიკითხე ! რუსთაველზე მოარული
ანცი მთვარის განაჭორი ქარი,
მომიკითხე! ჩემი უბნის მათხოვარი
მსოფლიოზე გადაღლილი დარდით.
ვერ გაიგებ, აქაური მრუდე კიბე
ჩაიხსნება ცა – ძაბრული როდის,
ერთი ვიცი… იქნებ უთხრა ყველას
საქართველოს გაბრწყინება მოდის!
ყველა საღამო თუ თითო წიგნი არა, თითო ლექსს მაინც ტოვებს.
– ის, რაც ნამდვილ პოეტებს საერთო აქვთ.
– ყველა პოეტი ქუდბედნიერია, ტკივილიანი… მათ საერთო მუზები ჰყავთ და სწორედ ესაა მათი ერთობლიობა.
– რომ არა ინტერნეტსივრცე, ამდენი პოეტს და მწერალს გაიცნობდა საზოგადოება?
– რომ არა ინტერნეტსივრცე, ბევრი, მართლაც, ჩრდილში დარჩებდა.
– რითი იყო გამორჩეული ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებისგან თქვენი ცხოვრება?
– მე ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ლაშა გახარიას სიცოცხლეში ორი ლექსების კრებული გამოვეცი და გარდაცვალების მერე – კიდევ ორი.
ლაშა და მე როცა “დავზავდით”, ის უკვე ავად იყო. მას უტკივილო პერიოდი ღამის სამი საათიდან დილის შვიდ საათამდე ჰქონდა. სასთუმალთან ვდარაჯობდი, ვიწერდი იმ ლექსებს, რომელიც წლების განმავლობაში გულის ჯიბით დაჰქონდათ მის თანაკურსელებსა და მეგობრებს. ვაჯობეთ სიკვდილს და სასწაულად შევკარით წიგნი, რომელსაც საზოგადოება დიდხანს ელოდა. ასეთ პოეტთან, ლექსთან ზიარება ნამდვილად რჩეულთა ხვედრი მგონია.
გამორჩეული? კი, ნამდვილად ვარ, ჩემი უმძიმესი ტკივილიანი გზით.
– შვილებს ან შვილიშვილებს თუ გამოყვათ წერის ნიჭი?
– ამბობენ, ორივე შვილიშვილი ბებოს ჰგავსო. სალომე 15 წლისაა, ქალიშვილისგან მყავს, მოსკოვში ქართველთა სკოლაში სწავლობს. ვაჟისგან მყავს 3 წლის რეზიკო. რეზიკო ზეპირად რითმავს აზრს და გაოცებულები ვართ, ინგლისის მოქალაქეა და მონატრებას ასე გამოხატავს:
„საყვარელო ბებიკო, რომ ჩამოხვალ თბილისში, ჩაეხუტე დედიკოს“…
– და მაინც, რატომ წერთ, რისი თქმა სურს პოეტ ლია ნაროუშვილს საკუთარი პოეზიით ?
– მოზომილია
უფლისგან მიწა,
აქაც და იქაც,
იყავი ფრთხილად!!!–
აი, ეს მინდა ვთქვა ჩემი პოეზიით.
– პასუხგაუცემელი კითხვა…
– ვარ ქალი – დედა და პოეტი. ნეტავ, იცოდეთ, როგორ ებრძვის ერთმანეთს ეს ორი სამყარო … ის ერთი ქალი ხშირად ფიქრობს სიკვდილზე, მეორე დაფრინავს ცისფერ ლაბირინთებში, ეხ, რა ძნელია, უპატრონო 6 წიგნს, 2 შვილს. არა სამსახური არა… ასეთ დროს იყო სხვათა იმედიც, სასწაულია… ეხ, პასუხგაუცემელი კითხვა კი არა, კითხვებია დაგროვილი, ჩემო ირმა.
– განუხორციელებელი ოცნება...
– ამ დღეებში მივემგზავრები, აღებული პასუხისმგებლობა მინდა გავასრულო და მერე საბოლოო დაბრუნებაზე ვფიქრობ. სამუდამო დაბრუნება სამშობლოში, ერთი რჩეულის გამოცემა. მინდა გაგიმხილო, ზუგდიდისკენ მიმიწევს გული. ახლახან ჩავედი და განცხადება დავწერე, გამომიყონ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რათა ფესვებს დავუბრუნდე, რათა ბავშვობაში ხშირად ვიმოგზაურო, რათა ვიყო ახლოს იმ სასაფლაოებთან, სადაც ამდენი ძვირფასი ადამიანი მყავს მიწას მიბარებული.
ირმა მირზაშვილი
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=m88IdXlmPe0″ width=”560″ height=”315″]