ბექა მესხია – 21-ე საუკუნეში ჯერ კიდევ არ შექმნილა ყველაფერი
„მე საკუთარი სტილისტიკა შევქმენი, იდეოლოგია, და დავარქვი ძველქართული სიტყვა შეთქრომა, რაც ნიშნავს მიწიდან არეკლილ შუქს და ზეციდან ჩამოსულ სინათლის შერწყმას, ანუ მზეზე უფრო ნათელს. აბსოლუტური განშტოებისთვის პირობითი სახელიც აუცილებელია. მსგავსი სტილისტიკა არ არსებობს“, – ბექა მესხია .
– ამბობთ, რომ უცნაური ბავშვი იყავით, რას გულისხმობთ?
– უცნაური ბავშვი ვიყავი. თითქოს ბავშვობაშიც ისეთი, როგორიც ახლა. აი ერთ ეპიზოდს გავიხსენებ ჩემი ბავშვობიდან: დაახლოებით 3-4 წლის ვიყავი, ჩვენ მაშინ წალენჯიხის რაიონში, სოფელ საჩინოში ვცხოვრობდით. ხშირად ვიპარებოდი სახლის უკან და დიდ ბალახებში ვიმალებოოდი. მარტო ყოფნა მიყვარდა, და ერთხელაც, როცა გაზაფხული იდგა, ისევ გავიპარე სახლის უკან მინდორში, რომელიც ახლად ამოსული ყვავილებით იყო მოფენილი და კარგი სუნი დასტრიალებდა იქაურობა. დავწექი მინდორზე და ვყნოსავდი ყვავილებს და ამავდროულად ცრემლები მომდიოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ. თითქოს ჩემს კანში არ ვეტეოდი. მაშინ არაფერი ვიცოდი რელიგიაზე. სკოლაში დაიწყო პირველად ჩემი სულიერი აღზრდა. შინაგანად ვგრძნობდი ღმერთს და მის არსებობას და მისი შიშიც მქონდა. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ მივედი ტაძარში, ავიყვანე მოძღვარი და ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ საღვთისმეტყველო განათლება მიმეღო, რადგან ვთვლი, რომ ჭეშმარიტი გონიერება საღვთისმეტყველო აზროვნებიდან მოდის.
ღმერთთან კავშირის დამყარებას რაც შეხება, ამაში ვგულისხმობ ლოცვის, რჯულის ზედმიწევნით აღსრულების სწავლას და ზოგადად ყველა დოგმის შესწავლას, ეს ყველაფერი ვფიქრობ, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ვიცოდეთ, რომ უცოდინრობისგან მისი საზღვრებიდან არ გადავიდეთ.
– „ყვავილები ლარნაკში“, ასე ქვია შენს ერთ–ერთ ნახატს, რომელიც ზეთშია შესრულებული.
– დიახ, ის გოგო მონანული ადამიანია. გოგოს თავზე ამოსული თაიგული გვირგვინის ნიშანია, რომელსაც ქრისტიანები სინანულის და საღვთო რჯულის ზედმიწევნით დაცვის – აღსარების შემდეგ ვიღებთ. მე ვცდილობ იმ გათვლით ვხატო, მხედველობით მახსოვრობაში მსგავსი არ არსებობდე.
– რა იყო ის, რაც დახატე პირველად. გახსოვს?
– თავდაპირველად ძირითადად ვიხატავდი, მაგრამ როცა ჩემებურად დავიწყე ხატვა, პირველი, რაც დავხატე, რომელსაც სახელი მაშინვე შევურჩიე –„პიანინოს სული“ იყო.
– როგორ გამოიყურებოდა ნახატი?
– ნახატი იყო შავ-თეთრ ფერებში. თითქოს პიანინოს დამტვრეული კლავიშებისგან აწყობილ კაცს ჰგავდა და ფონად ქონდა პიანინოს კლავიშების წყობა.
– ბევრი ნახატი გაგინადგურებია?
– საერთოდ, რასაც ვხატავ, თითქმის ყველაფერს ვინახავ, თუნდაც არ მომწონდეს, რადგან ვთვლი, რომ შემდეგ შეიძლება იგი ახალი იდეის საწყისი გახდეს.
– ზეთშიც გაქვს შესრულებული ნამუშვრები, მაგრამ ძირითადად უცნაური „ფუნჯით“ ხატავ?
– ეს არის ჩვეულებრივი კალამი, ხანდახან ტუში, ასევე ფერადი ფლომასტერი, საღებავებითაც ვხატავ, რა თქმა უნდა. თავიდან მიზეზი იმის, რომ საწერი კალმით ვხატავდი იყო ის, რომ მინდოდა შემექმნა ისეთი ნამუშევარი, რომელიც ყველასგან განსხვავებული იქნებოდა. ბევრი კალმით შესრულებილი კარგი ნამუშევრები მინახავს, მაგრამ ძალიან განსხვავებული იმისგან, რასაც მე ვაკეთებ.
– უმაღლესი სასწავლებელი მიატოვეთ, ახლა რას აკეთებთ?
– იქ საინტერესოს ვერაფერს ვხედავდი, ამიტომ მივატოვე და მონასტერში წავედი საცხოვრებლად, ანუ იქ დასარჩენად. ამაზე კურთხევა მქონდა. უკვე ბერობაზეც ვფიქრობდი, რადგან ჩემი ცხოვრების ბოლო პერიოდი მთლიანად ღმერთის ძიებას დავუთმე… მონასტერში მეუბნებოდნენ, რომ სასულიეროში ჩამებარებინა, რადგან ჩემგან კარგი მქადაგებელი დადგებოდა, მაგრამ ჩემმა მოძღვარმა, რომელიც ერის მოძღვარია, ანუ თეთრი მღვდელია, ახლა უკვე დეკანოზი, უარი მითხრა აკადემიაში ჩაბარებაზე.
– როგორ ფიქრობ, რატომ გითხრათ უარი?
– იმიტომ, რომ ის ჩემი სულიერი აღმზრდელი და მამაა და მან უკეთ იცის, ჩემთვის რა და როგორ ჯობია. როგორც ჩანს, მან ჩემში სიმტკიცე ვერ დაინახა და ტიპიკონების შესასწავლად მედავითნეობაზე დამაწყებინა სიარული, რა თქმა უნდა, ჩემი ინიციატივით, რადგან მე მანამდე უკვე რაღაც პატარა საფუძველი მქონდა. სულიერებაში რამდენიმე საფეხურზე ასვლა უფრო მეტად მონასტერში მოხდა. მე იქ რამდენიმე თვე გავატარე ისე, რომ ერში არ ჩამოვსულვარ.
– რაში გამოიხატება გამოცდილება? რას აკეთებდით მონასტერში, ვინ გითხრათ , რომ რამდენიმე საფეხური გავლილი გქონდათ. განა ასე ადვილია საფეხურების გავლა?
– გამოცდილება გამოიხატება ლოცვის დროს აზრების კონტროლში. ასევე როცა იცი, როგორ გადალახო ესა თუ ის წინააღმდეგობა. მონასტერში ბევრ რამეს ვაკეთებდი. მაგალითად, მედავითნეობა მასწავლეს, ასევე გალობა, ფსკვნილების დაწვნა, ხეზე კვეთა. ეს ყველაფერი ზოგი მეტად, ზოგიც ნაკლებად შევისწავლე. წირვაზე ხშირად ვმედავითნეობდი და ვგალობდი. ძირითადად ეს შუაღამიანზე ხდებოდა… სულიერ საფეხურზე ასვლის შესახებ კი მონასტრის წინამღვარმა მითხრა ასეთი სიტყვები: ახლა ისე ანათებ, ქალაქში რომ ჩახვიდე, ვეღარავინ გიცნობსო… საფეხურზე ასვლა ადვილი არაა, რა თქმა უნდა, მაგრამ საღვთო მადლით ყველაფერი შესაძლებელია, თუ მას გამოვითხოვთ ღვთისადმი მორჩილებით.
– ერთ–ერთ ნახატზე მეგობარი გოგონა დახატეთ? რატომ მოგინდათ მისი დახატვა?
– მითხრა, რომ ის ჩემზე წერს. მე კიდევ დავხატე. არ ვიცი რატომ მომინდა, ალბათ დიდი სიყვარულის ნიშნად.
– თქვენი ნამუშვრები რით არის გამორჩეული?
– მე საკუთარი სტილისტიკა შევქმენი, იდეოლოგია, და დავარქვი ძველქართული სიტყვა შეთქრომა, რაც ნიშნავს მიწიდან არეკლილ შუქს და ზეციდან ჩამოსული სინათლის შერწყმას, ანუ მზეზე უფრო ნათელს. აბსოლუტური განშტოებისთვის პირობითი სახელიც აუცილებელია. მსგავსი სტილისტიკა არ არსებობს. გამორჩეულია იმით, რომ სიბრტყეზე ვაგდებ სხვადასხვა მოხაზულობებს, ფიგურებს, სულიერი და უსულო საგნების სილუეტებს ვაზავებ ფანტაზიასთან და აბსტრაქციაში ვაკეთებ ინტერპრეტაციას ყველაფრისას.
შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ჩემი ნამუშვრები საკმაოდ მაღალი დიაპაზონის ნამუშევრებია. ნახატში მხოლოდ ემოცია ფანტაზიის ერთგვარ დეფიციტს ქმნის. მე კი ვცდილობ, ამბავი მოვყვე. მადლობა ღმერთს, რომ ამხელა ნიჭი და გამოხატვის უნარი მომცა.
ვაპირებ ნახატში განზომილებები გავაკეთო და ყველა განზომილებაში სხვადასხვა სტილისტიკა ვიხმარო. ეს კი შერწყმას წარმოქმნის.
სამი მღვდელი ჩანს ნახატზე და ეკლესია, რაც ნიშნავს ქრისტეს ცოცხალ ორგანიზმს. საუბარია ხალხზე და არა ტაძარზე, თუმცა აქ ტაძარიც და ხალხიც გაიგივებულია და ერთმანეთს არ ემიჯნება. ერთ ადგილას მღვდლის შესამოსელში შედის ეკლესიის კედლები, რომლებიც თითქოს ჩაშენებულიაო. ეს სწორედ იმის გამოხატულებაა, რომ ტაძარში ხალხი იკრიბება და ჩვენ ამ ტაძარს ეკლესიას ვუწოდებთ. ეკლესიაში ყველა დადის. სინამდვილეში კი ეკლესია მორწმუნე ხალხის ერთობას ნიშნავს. მაღლა გამოსახულია ანგელოზები, ზეციური იერარქია, ზე– ყანა და ქვე–ყანა, სრული ხედით დავხატე აჩრდილთა სიცხადე და მარადიული სიცხადე. რეალობა! დაახლოებით როგორია ის საზღვარი, რომელიც ჩვენსა და მიღმიერ სამყაროს შორის არსებობს.
– რას ნიშნავს მარადიული სიცხადე იქ, სადაც დროის აღქმა არაა. ნახატზე მაღლა რა არის გამოხატული?
– დიახ, ასეა! მაღლა გამოსახულია ორი ადამიანი ხის გარშემო. ადამი და ევა. ხე, რომლისგანაც ნაყოფი მიიღეს. ხეზე მოციქულების სახელებია დაწერილი, მოწაფეების წყევლიდან გამომხსნელების.
– სიზმარი, რომელსაც ვერ ივიწყებთ.
– ეს იყო სიზმარი, რომლმაც მართლაც შემძრა და რომელიც იყო მიზეზი და საწყისი ჩემი სარწმუნოებაში კიდევ უფრო განმტკიცების. სიზმარი 2 წლის წინ ვნახე, დაახლოებით მამა გაბრიელის წმინდანად კანონიზაციამდე სამი თვით ადრე. სიზმარში პირველად ვნახე ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში ნანახი არ მყავდა და თან წმინდანი. თვითონ სიზმარი იყო საინტერესო, მოკლე და შინაარსიანი. რაზეც საუბარი ახლა არ შეიძლება.
– რისი თქმა გსურთ თქვენი ნახატებით?
– ჩემი ნახატებით მსურს პირველ რიგში იმის თქმა, თუ რამდენად ამოუწურავია ადამიანის შესაძლებლობები და ფანტაზია, რომ 21 საუკუნეში ჯერ კიდევ არ შექმნილა ყველაფერი, ჯერ კიდევ ბევრი რამ არსებობს ისეთი, რაც არ გაუკეთებიათ, რისვისაც საფუძველი არ ჩაუყრიათ და მე მინდა ჩავუყარო, რაღაც ჩემი დავრგო და თუ ინება ღმერთმა, ნაყოფიც მივიღო იქნებ.
– გამოფენა თუ გქონიათ? პროფესიონალ მხატვრებს თუ უნახავთ შენი ნახატები. რა შეფასებები გქონდათ?
გამოფენა არასდროს მქონია, თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთ საერთო გამოფენას.
ჩემი ნამუშევარი რამდენიმე მხატვარს აქვს ნანახი, ძირითადად ინტერნეტით და შეფასება კარგი მივიღე, მაგრამ მე შეფასებას არასდროს ველოდები, რადგან მათი ფასი ყველაზე კარგად მე ვიცი.
გამოფენა იმისთვის მინდა მხოლოდ, რომ ხალხმა ნახოს, რასაც მე ვაკეთებ ნამდვილად ღირებულია.
– ხანდახან ლექსებსაც წერთ?!
– ლექსის წერაში დედას ვგავარ. დედასთან, მამასთან და ძმასთან ერთად გავატარე მთელი წარსული. ახლა ცოტა ხნით დედა საზღვარგარეთ არის წასული. დედა წერდა ლექსებს. მისი ხელნაწერები ახლაც შენახული მაქვს და ხანდახან გადავიკითხავ ხოლმე როცა დედა მომენატრება. მას თბილისში განათლების მიღების შანსი არ მიეცა და სკოლის დამთავრების შემდეგ ზუგდიდში დაამთავრა კოლეჯი, სადაც ბუღალტერიას სწავლობდა და ამავე პროფესიისაა.
დავიბადე ძალიან უბრალო ქართულ (მეგრულ)ოჯახში. მამა პროფესიით ავტოინჟინერია.
– ფოტოგრაფიამაც გაგიტაცათ…
– ფოტოების გადაღება ძალიან მიყვარს, მაგრამ ფოტოგრაფი რამდენად ვარ ამაზე ვერაფერს გეტყვით. ფოტოგრაფია მხატვრობის შვილობილია, ამიტომ ალბათ, რაღაც დოზით ყველა მხატვარი ფოტოგრაფიცაა. აქვე დავამატებ, რომ ყველა მხატვარი შეიძლება იყოს ფოტოგრაფი, მაგრამ ყველა ფოტოგრაფი მხატვარი ვერ იქნება.
– გულისტკივილი…
-მხატვრობა საქართველოში, კომერციული თვალსაზრისით, თითქმის მკვდარია. მე კი ეს ფაქტი ძალიან მაწუხებს. ასევე იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება მუშაობა მომიწიოს იქ, სადაც არაფერი მესაქმება, არ მინდა. ხატვის გარდა სხვა საქმეში ჩემს თავს ვერ ვხედავ.
ირმა მირზაშვილი