ბექა გოდერძიშვილი – მე ცუდად მოყოლილი კომედიაც ვიცი და კარგად მოყოლილი ტრაგედიაც

       თელავში დაიბადა. არავინ ჰყოლია არტისტი. ყველას გაუკვირდა მისი გადაწყვეტილება. ფიზიკოსის ოჯახში დაბადებულს, ბავშვობაში უკვე სერიოზული მეცნიერებები აინტერესებდა. ახლა უკვე წარმატებული მსახიობი  სინანულით იხსენებს 90იან წლებს, რომელმაც მისი ოცნება შთანთქა. პირველად ფეხი საკუთარი ქალაქის თეატრში აიდგა. შემდეგ დიდ ქალაქში გამოყვა ბედს, სადაც გაუმართლა, ადვილად შეამჩნიეს და მას მერე მარჯანიშვილის თეატრშია.
მის გარეგნობას განუმეორებელი ხიბლი აქვს სცენის ჯადოსნური ნათებისას. მის თამაშს განსაკუთრებული მგრძნობელობა ახასიათებს: საუცხოო ხმის ტემბრი, გადმოცემის თავისებური მანერა. ასეთია ბექა გოდერძიშვილის მიერ განსახიერებული შეყვარებული მამაკაცი, რომელიც თავისით, ძალდაუტანებლად უზარმაზარი შთაბეჭდილების ქვეშ გაქცევს.
ყოველი სპექტაკლის შემდეგ არ წყდება მქუხარე ტაში, ცრემლიანი დარბაზი კიდევ ერთხელ უხმობს საყვარელ გმირს, რომელიც, თავის მხრივ, მადლიერების ნიშნად გაშლილი ხელებით იხუტებს გულში მაყურებელს და მოწიწებით უკრავს თავს. იცის, რომ ეს მისი ნამდვილი  ანაზღაურებაა, რომელიც ქაღალდის ფულზე უფრო ფასეულია.
მისი ცხოვრება სცენის მიღმაც ზღაპარს გავს, აქაც დიდი სიყვარულია,  აქაც მსახიობის უგროშო ჯიბე დაბრკოლებას არ წარმოადგენს, გაუკეთოს სიურპრიზი საყვარელ ქალს, სამი შვილის დედას, რომლმაც საკუთარი კარიერა ქმარს და ოჯახს შესწირა.
ვინ იცის, ქაღალდებში ჩაფლულ მეცნიერის ცხოვრება ასეთივე საინტერესო იქნებოდა?.. ვინ იცის?!

 

ბექა, მოგვიყევით თქვენზე?
– თელავში დავიბადე. სკოლაშიც იქ ვსწავლობდი. ვარ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. 2001 წელს დავამთავრე ნუკრი ქანთარიას ჯგუფი
ნათამაშები როლები: სერჟანტი ელ კოლუმბატო პიესიდან „ჩიტი”, ელიზბარ ვაჩნაძე – პიესიდან  „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, დევი სესე პიესიდან „ფორთოხალი, ფლეიტა და…” ვახვახი პიესიდან „პიგმალიონი”, ვიქტორი პიესიდან „ვარშავული მელოდიები”, ნიკი ძიუმპეი – “ქალი ქვიშაში”, პირველი სული – „საშობაო სიმღერა“, სასიძო – „უფროსი ვაჟი“, ჩარლი – „სული გამოძახებით“, მეორე კაცი – „ქვრივები, ჯარისკაცი – ფერხული“, პაბლო სალდანია – „მესამე სიტყვა“,ჯუზეპე – „დეკამერონი“, ნაზაროვი – „ჰაჯი მურატი“. კინაღამ დამავიწყდა რეზო – „ნაფტალინიდან“ და სხვა ( იღიმება).
– როგორი ბავშვი იყავით?
– ზომიერად ცელქი, ზომიერად ძლიერი, ზომიერად საყვარელი  ბავშვი ვიყავი. ყოველ შემთხევაში, მე ასე ვფიქრობ (იღიმება). ოცნება მიყვარდა. ახლაც ვარ მეოცნებე. კოსმონავტობაზე,  მოგზაურობაზე და სათამაშოებზეც ვოცნებობდი (იღიმება).
– იცოდი  ეს საბჭოური  ლექსი ზეპირად ?  –ჩავჯდე მეც იმ რაკეტაში, მთვარესთან რომ მიდის
– არა, კომუნისტები არ მეხატა გულზე. ერთხელ ასეთი ანტისაბჭოური ლექსიც კი დავწერე (იცინის):
მეოცე საუკუნეა, თუმცა კი უკვე მთავრდება,
მაგრამ საბჭოთა კავშირში კომუნიზმი ვერ მყარდება…
მშვიდობა! ქვეყნად მშვიდობა! გაჰყვირის ჩვენი პარტია,
ის კი არ იცის, რომ ხალხმა მას ბევრი რამ აპატია!
ჰოდა, ამიტომ არ სჯერა მისი ნათქვამის ყველას,
რადგანაც ჩვენი პარტია არის კუდგრძელა მელა.
ეს ჩემი დისიდენტური ლექსია, რომელიც მესამე კლასში დავწერე (იცინის).
ასტრონომია ბაღიდან მიყვარდა და კიდევ – უწონადობის შეგრძნება.  მამა ფიზიკა-მათემატიკის სპეციალისტია. დედა დიასახლისი. მაქსიმალურად ცდილობდნენ მიმეღო  განათლება. ერთხელ სკოლიდან ორიანით დავბრუნდი და დედის შიშით სახლში ვერ ავდიოდი. ბოლოს მამიდამ მიშუამდგომლა (იცინის). მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც მათ მომცეს. ნებისმიერ ჩემს წარმატებაში მათი ლომის წილი დევს.
– ვინმე  გიწინასწარმეტყველებდათ  მსახიობობას? არტისტული  ბავშვი იყავით?
– არავინ. არავინ მყოლია არტისტი. ყველას გაუკვირდა ჩემი გადაწყვეტილება. ბავშვობაში,  როგორც გითხარით, მეცნიერებები მაინტერესებდა,  ისეთი, როგორიც არის: ასტრონომია, ბიოლოგია. ძალიან მიყვარდა არაორგანული ქიმია,  უცხო ენები, კრივი… ერთადერთი, პაროდირებით გამოვირჩეოდი. სკოლაში ისტორიის მასწავლებელი საკუთარი თავის პაროდირებისთვის მიწერდა ნიშანს (იცინის). ახლაც თუ ადამიანის მანერები ჩემზე მოქმედებს. დროთა განმავლობაში თავისთავად მებადება პაროდორების სურვილი.  გიზო ჟორდანიას პაროდირებით ვარ თეატრში ცნობილი (იცინის).1509898_891028234264691_4356645222066029206_n
ძალიან პატარამ  ნუკრი ქანთარიას სპექტაკლი  „წყალჭალა“ ვნახე. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.  დღემდე მახსოვს  მსახიობების კარგი თამაში. მშობლებს ხშირად დავყავდი თეატრში და ასევე ძალიან პატარას  ნანახი მაქვს „ალალე“ ,“თეთრი ბაირაღები“.  მახსოვს  დიდი მოწონების განცდა.
არტისტულობას რაც შეხება, ერთ ამბავს მოგიყვებით. უკვე კარგად მოზრდილი ვიყავი, ბებიას ძმა რომ დაეღუპა. თელავში ზამთარი იყო, თოვდა. დილიდან მიცვალებულის ოჯახში ვიყავით მე და ჩემი ძმა. 17 – 18 წლისები ვართ და, მართალი გითხრათ, დავიღალეთ. აბა, ვისები ხართ, შვილო? რა კარგები ხართ! უი, დედასა გვანან, არა?! ქააა, ზედგამოჭრილი მამაა ორივე. რა გქვიათ, რამდენისები ხართ. .. მოკლედ, გავშტერდით.
ვინმე ჩვენი ტოლი გვინდა, რომ დრო გავიყვანოთ. უცბად ორი თუ სამი ჩვენხელა გოგო მოვიდა და ეზოდან ოთახში შევიდნენ.  შევყევით მაშინვე. ოთახში შეშის ღუმელთან დავსხედით და დავიწყეთ საუბარი.  სახელს და ასაკს ვერც იქ ავცდით (იცინის).
მაგრამ მერე ავაწყეთ საუბარი.  ათ წუთში გავმხიარულდით, ოც წუთში სიცილი დავიწყეთ, ნახევარ საათში შენიშვნაც მოგვცეს, და უცებ გადავწყვიტე, ავმდგარიყავი და ჩემი მიმოხვრით მომეხიბლა გოგოები (იცინის).  წამოვიმართე, გავიშალე, გავსწორდი და ავახალე ღუმელის მილს თავი.  ვაიმე, რა ამბავი ატყდა.  გოგოები იგუდებიან სიცილით, მილი დავარდა, გაივსო ოთახი კვამლით, ქალებმა ატეხეს კივილი.
ვეცი მილს, კინაღამ ზედ დამრჩა ხელები, ისე იყო გავარვარებული. გამოვვარდი გარეთ, უხერხული ღიმილით მივედი მზარეულებთან  ( რა მინდოდა იმათთან) … ვდგავარ უაზროდ,  ისინიც გაოცებულები მიყურებენ, ვერ ხვდებიან რა მინდა, ვინა ვარ. აშკარად უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.  ბოლოს ვკითხე: წყალში მარილი ჩაყარეთ- მეთქი? წადი რა, შვილო, შენი უფროსობაღა გვაკლიაო. წამოვედი, მაგრამ კვამლია ისეთი, ვერ ვხედავ ვერაფერს.  შევასკდი შუბლით აივნის ნაპირს, ამერია ორიენტაცია,  მგონი, ისევ მზარეულებს მივადექი.   მოკლედ, უაზრო პრანჭვამ კინაღამ მიცვალებულს გამაყოლა (იცინის).
– მსახიობობაზე არასდროს გიოცნებია?
 – მსახიობობაზე არ მიოცნებია.  მქონდა მხოლოდ აზარტი, მეც მეთამაშა რაიმე ისე კარგად, როგორც რომელიმე კარგი არტისტი თამაშობდა. ახლა რომ ვფიქრობ, შეიძლება ასეც ითქვას, რომ აზარტის გამო ჩავაბარე.
– რატომ არ გახდი ასტრონომი?
– სკოლა 1991- ში დავამთავრე, როცა ბევრი რამ და მათ შორის მეცნიერებაც ფაქტობრივად განადგურდა. ამიტომ ბავშვობის ოცნება დავივიწყე.
 როგორ  შეხვდნენ მშობლები თქვენს არჩევანს?
– გაოცდნენ. მამა ერთი პერიოდი გაბრაზდა კიდეც: ოჯახს რით შეინახავო. ახლა მთხოვს, შენი ერთი სპექტაკლი მაინც მაჩვენე მარჯანიშვილშიო (იცინის).
– 2001 წელს დაამთავრე ნუკრი ქანთარიას ჯგუფი. რა იყო შემდგომ? ადვილი იყო თავის დამკვიდრება თეატრში?
– თელავის თეატრში ვიყავი, მაგრამ მალევე წამოვედი  გარკვეული მიზეზების გამო. ეს გარკვეული მიზეზები ხშირია ყველა მსახიობის ცხოვრებაში (იღიმება). თბილისში თითქმის არავინ მიცნობდა, ამიტომ, ბუნებრივია, გამიჭირდა.10338280_891028274264687_2078081808995420520_n
– იყო ვინმე, ვინც დაგეხმარა? ადვილი იყო  დამკვიდრება  ქალაქში?
– იყო შიში, მაგრამ გაიარა. დამეხმარნენ: ნუკრი ქანთარია, მედეა კუჭუხიძე და გიზო ჟორდანია.  ნუკრიმ 2002-ში მიმიწვია მარჯანიშვილში ლაშა თაბუკაშვილის „ნატაძრალზე“, სადაც  ვითამაშე ზურაბ მეორის როლი. ამის შემდეგ დავრჩი  თბილისში.  მალევე თეატრში რემონტი დაიწყო და, ფაქტობრივად, უსაქმოდ დავრჩი. შემდეგ ნუკრის შვილმა გიორგი ქანთარიამ, რომელიც კუჭუხიძის  ჯგუფში სარეჟისორზე სწავლობდა, „გლახის ნაამბობში“ პეპიას როლში დამაკავა. მედეა კუჭუხიძე დიდ კმაყოფილებას გამოხატავდა ჩემ მიმართ.  მითხრა, რომ მარჯანიშვილის თეატრისთვის მამზადებდა. თეატრში უშუალოდ გიზო ჟორდანიამ ამიყვანა. ამ ხალხის საოცრად მადლობელი ვარ. პირველი როლი მარჯანიშვილის თეატრში – ეს იყო ზურაბ მეორე „ნატაძრალში“.
– ბექა, რეზონაფტალინიდან... ეს როლი და სპექტაკლი გამორჩეული აღმოჩნდა თქვენთვის  იმით, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესთან ერთად თამაშობდით. ძნელი იყო ასეთ ლეგენდარულ ადამიანთან ერთად სცენაზე დგომა? რა მოგცათ მის გვერდით მუშაობამ?
– მთავარი სირთულე, თუ ამას სირთულე შეიძლება ეწოდოს, იყო რაღაც რიდი, რაც ამ საოცარი არტისტის და პიროვნების მიმართ გამიჩნდა. ანუ, ვიფიქრე, ამ განცდას არ დავეკომპლექსებინე,  მაგრამ ერთი შემთხვევის მერე ყველაფერი შეიცვალა.
გენიალურ არტისტთან ერთად, იგი შესანიშნავი პარტნიორი და არაჩვეულებრივი პროფესიონალი აღმოჩნდა.  ყველაზე მეტად გამაოცა ამ კაცის სიყვარულმა და პატივისცემამ პროფესიისადმი.  ჩემი პერსონაჟი ერთი ინტრიგანი და ანონიმური წერილების მოყვარული პირი უნდა ყოფილიყო 70–იანი წლებიდან. გადავწყვიტე, გრიმი და პარიკი მეხმარა. როცა რეჟისორს ვეჩვენე, ძალიან მოეწონა და ბევრი იცინა, სხვებიც იცინოდნენ. ამ დროს პარტერიდან მომესმა ოთარის ხმა: ბექა, ბოდიში, კარგად ვერ გხედავ და შუქში დადექიო.  ისეთი სითბოთი და თავმდაბლად მთხოვა, ცოტა  გამიკვირდა. რა თქმა უნდა, ამის გარეშეც დავენახვებოდი, მაგრამ მისი დამოკიდებულება ძალიან მომეწონა. დავენახე – მიყურა, მიყურა, მერე სიცილი აუვარდა და თქვა: ახლა კი ნამდვილი ინტრიგანიაო! ბუნებრივია, ამ ჟესტმა ჩვენი ურთიერთობა სცენაზეც და ცხოვრებაშიც ძალიან გაათბო. ღმერთმა აცხონოს!10849878_891028100931371_727819119340084236_n
თეატრი მსახიობის  ცხოვრებაში
– თუ უხასიათოდ ვბრუნდები სახლში, ჩემი მეუღლე  მაშინვე ხვდება, რაშიც არის  საქმე და მეუბნება: ვერ გაიარე ხო რეპეტიცია კარგად? თუ ბედნიერი ვარ, მაშინ  ნინი ყავას მიდგამს და ამბობს: აბა, ჩამიკაკლე, რა გამოგივიდა, ან ვინ მოგილოცა, ან ვის მოეწონე, და ბოლოს, მე როდის უნდა ვნახო (იღიმება)?
პრემიერამდე ძალიან ვნერვიულობ, ასევე ვნერვიულობ პრემიერის შემდეგაც.  ნერვიულობა თან მძაბავს, თან არ მაძლევს მოდუნების საშუალებას. ანუ, მთლიანობაში კარგია  .სპექტაკლის მერე იმ ხასიათზე ვარ, როგორც ჩაიარა სპექტაკლმა. უფრო კონკრეტულად, როგორც ვითამაშე მე.
– შეყვარებული კაცის  საუკეთესო   როლი შექმენით სცენაზე, ძალიან  მოხიბლეთ მაყურებელი.
– დავიწყებ იმით, რომ შეყვარებულის თამაში არც არასოდეს მიზიდავდა და დიდი სიამოვნებით არც არასოდეს ვუყურებდი სასიყვარულო ისტორიებს. გამონაკლისი დრამატურგიაში ამ მხრივ მხოლოდ სირანო დე ბერჟერაკი იყო.
სპექტაკლმა „საზღვრები“, სიმართლე გითხრათ, გამიჩინა რწმენა იმისა, რომ შეყვარებულის თამაში შემძლებია. ყოველ შემთხევაში, როცა ხედავ მაყურებლის ცრემლიან თვალებს და საოცრად გულთბილ მოლოცვებს, ასეთი აზრი ბუნებრივია ჩნდება. რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვის პარტნიორს, ქეთი ქიტიაშვილს, რომელთანაც მოხდა იშვიათი აქტიორული თანხვედრა. ამას სპექტაკლის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო რეჟისორ გოგა ოსეფაშვილის, ასე ვთქვათ, ლიბერალიზმი მსახიობების მიმართ. ანუ, გოგა თითქმის ბოლომდე მოგვყვებოდა სცენური ურთიერთობის აგებაში, რამაც არანაკლებ კარგი გავლენა მოახდინა მთლიან სპექტაკლზე. დღემდე სიამოვნებით ვიხსენებ რეპეტიციებს და ვურჩევ მაყურებელს,  20-ში, 8 საათზე გვეწვიოს სპექტაკლზე “საზღვრები “(იღიმება).
– იმისათვის,  რომ  მსახიობის  შრომა დაფასდეს,  საჭიროა  რეკლამა?
– ერთხელ ერთმა ნაცნობმა მომიკითხა, რას შვრები სად ხარო? მარჯანიშვილის თეატრში ვარ- მეთქი. ხელფასი რამდენი გაქვსო? რომ ვუპასუხე, ეცოტავა, სახეზე თანაგრძნობა დაეტყო, და ბოლოს, თავისი ჭკუით გამამხნევა: “ცოტა კია, მაგრამ პრინციპში ერთობიო “.
ამით იმის თქმა მინდა, რომ მასმედია. განსაკუთრებით კი ტელევიზია, სათანადოდ რომ აშუქებდეს თეატრს და მსახიობის მუშაობას, ბევრს ეცოდინებოდა, როგორც “ვერთობით” მსახიობები. მედიის როლი თეატრში ძალიან დიდია.
– მსახიობის თვალით დანახული ქართველი მაყურებელი
– როგორია ქართველი მაყურებელი?!  მაყურებელი აქტიურიც მინახავს, საოცრად შენიანიც, თბილიც, ყურადღებიანიც და პასიურიც, ინდიფერენტულიც, მაგრამ არა უყურადღებო, ან ხმაურიანი, თუმცა ყველანაირი მაყურებელი, ძირითადად, მაინც ჩვენი არტისტების და რეჟისორების ბრალია (იცინის). 10420783_891028137598034_3168580926018804764_n
– თეატრი  როგორი უნდა იყოს?
– მეტი აქცენტი მინდა კეთდებოდეს არტისტზე. რეჟისორებში არსებობს აზრი, რომ ტრაგედია დრამა, ეპიკური ჟანრი, დღეს აღარავის უნდა, იმიტომ, რომ ყველას თავისი პრობლემები აქვს. ამიტომ, სპექტაკლში საჭიროა აზრობრივი სიმარტივე, კომედია და უშუალობა. არ ვარ ამის წინააღმდეგი, მაგრამ, ჩემი აზრით, რეჟისორიც და არტისტიც ამბის მთხრობელები არიან,  მე ცუდად მოყოლილი კომედიაც ვიცი და კარგად მოყოლილი ტრაგედიაც.   დრამის, ტრაგედიის კარგი მთხრობელები თეატრს და დღევანდელ მაყურებელს არ აწყენდა.
– რა ხდება თეატრის  სამზარეულოში? მაყურებლის  სიმცირეს  განიცდის  თეატრი?
– თეატრის სამზარეულოზე ისევ ბატონ ოთარს დავესესხები. ერთხელ საუბარში მითხრა: ბევრი ტკივილი, ინტრიგა და გაუტანლობა არის თეატრის შიგნით, მაგრამ ისეთი რამეც ხომ არის, რაც ლამაზია, გიყვარს და გაგიჟებსო. ამიტომ ღირს ამ დალოცვილში ყოფნაო.
სიმართლე გითხრათ, ზოგადად, მაყურებლის სიმცირეს არ განვიცდით. მაყურებელს რჩევის მაგივრად ვთხოვდი: ნუ დააგვიანებენ სპექტაკლზე შესვლას (იღიმება).
– რომელმა მსახიობებმა მოახდინეს თქვენზე,  როგორც მსახიობზე ყველაზე დიდი გავლენა?
– ბევრნი არიან, როგორც უცხოელები, ისე ქართველები. ყველას ჩამოთვლა შორს წამიყვანს, მაგრამ მაინც  ქართველებიდან დავიწყებ. თავდაპირველად უშუალო გავლენა ჰქონდა ჩემს მეგობარსა და ჯგუფელს ლევან ტალაშვილს, რომელიც, სამწუხაროდ,  7 წელია, რაც გარდაიცვალა. უცნაურია ხომ? მოვექეცი მისი იუმორის გავლენის ქვეშ, სასწაული იუმორი ჰქონდა. დღემდე,  როცა ვხუმრობ, ვგრძნობ, რომ რაღაც მისი ნაწილია ჩემს  ხუმრობაში. ცნობილი არტისტების გავლენა, ალბათ, უფრო იმაში გამოიხატება, რომ მათი შემყურე, მეც რაღაცის კეთების სურვილი მიჩნდება. ასეთები არიან: ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნოდარ მგალობლიშვილი,რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი, სერგო და ასე შემდეგ.. უცხოელებიდან: მარლონ ბრანდო, როდ სტაიგერი, რასელ ქროუ, ქრისტოფერ ვოლცი, რალფ ფაინსი და სხვა ძალიან ბევრი.
– დაუვიწყარი  როლი?!
– დასამახსოვრებელი როლებიდან გამოვყოფდი ელიზბარ ვაჩნაძეს, დევ სესეს, სასიძოს „უფროსი ვაჟიდან“, ვიქტორს, პირველ სულს, ვახვახს, და, რა თქმა უნდა, ელ კოლუმბატოს „ჩიტიდან“, რითაც მოვხიბლე (იღიმება).
– საოცნებო როლი…
– საოცნებო როლის ნაცვლად საოცნებო რეჟისორს გეტყვით: თემურ ჩხეიძე, ვისთანაც, ალბათ, თითქმის ნებისმიერ როლს ვითამაშებდი.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ამჟამად ვმუშაობ ჯაყოს როლზე “ჯაყოს ხიზნებიდან”.  ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამ როლის თამაში ოდესმე მომიწევდა.  თითქმის ყოველდღე ვიღაც მეკითხება: როდის უშვებთ? ჯაყო შენ ხარ? აბა შენ იცი და ასე შემდეგ. ყველამ ვიცით, ან გვახსოვს ბატონ თემურ ჩხეიძის მიერ გენიალურად დადგმული ჯაყო. ამიტომ ამ როლის მიმართ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას განვიცდი.  რეჟისორმა სანდრო ელოშვილმა საინტერესო გადაწყვეტა შემომთავაზა ჯაყოს სახესთან დაკავშირებით, რამაც თავიდან ცოტა დამაბნია, მაგრამ შემდეგ მომეწონა.10881737_891028140931367_2563698265172182275_n
სპექტაკლში იქნება რამდენიმე ჩამატებული პერსონაჟი, როგორც ისტორიული, ასევე გამოგონილი. იქნება ანაქრონიზმიც, როგორც გააზრებული რეჟისორული  ხერხი.  სავარაუდოდ, პრემიერა შედგება თებერვალში.
-ის, რაზეც პასუხი არასოდეს  გაქვთ?!
-არის კითხვა, რომელიც ხშირად მაწვალებს, უფრო სწორად კითხვები: რა მეფობს დედამიწაზე – სიკეთე თუ ბოროტება? რა არის სიცოცხლე? არსებობს იგი დედამიწის მიღმა? რა არის სიკვდილი? რა არის შავი ხვრელი? ბნელი მატერია, ბნელი ენერგია? რა არის უსასრულობა? და ბოლოს, მექნება თუ არა საკუთარი ბინა? ( იცინის).
– მრავალშვილიანი მამა ხართ.  გაგვაცანით თქვენი ოჯახი. როგორი მეუღლე და მამაა ბექა გოდერძიშვილი?
– მეუღლე  ნინი ჭულუხაძე ყოფილი მოცეკვავე მყავს. მყავს სამი შვილი: 5 წლის ნატალი, 4 წლის ანდრეა და ერთი წლის ალექსანდრე. მეუღლე კარგი ვარ, თუმცა უკეთესიც შეიძლება.  შვილებს ჯერჯერობით საუკეთესო მამა ვგონივარ. 25 წლის მერეც თუ იგივე თქვეს, ესე იგი ვივარგე (იღიმება).
– გვიან  დაოჯახდით.  როგორ აირჩიეთ  ცხოვრების თანამგზავრი   ქალი,  რომელსაც ამდენი წელი ელოდით? რით დაგატყვევათ ?
– თვალებით, თვალებით, თვალებით (იღიმება)…  თვალს მოყვა გული, გულს სხეული, ამ ყველაფერს ოჯახი (იცინის). დიღომში,  ჩემს მეგობართან გავიცანით ერთმანეთი. დანახვისთანავე  ძალიან მომეწონა. მანამდე ის მიცნობდა,  როგორც მსახიობს.  თეატრი ძალიან უყვარს და  ხშირად დადიოდა სპექტაკლებზე. შემდეგ უნახავს  სპეკტაკლი “ჩიტი”.  ამის მერე, როგორც თვითონ ამბობს, უკვე სხვაგვარად დაუწყო გულმა ცემა ( იღიმება). გაცნობის შემდეგ სპეკტაკლებზე ვეპატიჟებოდი, ყვავილებს  ვჩუქნიდი (და არა მხოლოდ შეყვარებულობის პერიოდში.) ძალიან მალე მოხდა ჩვენი ოჯახის შექმნა, მაგრამ გაამართლა და დღეს  გვყავს სამი არაჩვეულებრივი შვილი (იღიმება).
– მეუღლე თუ გაგიოცებიათ სიურპრიზით?
კაი, მოგიყვებით  მაგასაც.  მოკლეს,  რაღაც პერიოდი ნინი მობილურის გარეშე დარჩა. დიდი ხნის ოცნებად ჰქონდა sumsung galaxy -ის რომელიმე მოდელი, თუნდაც galaxy 2. ერთ დღეს ბავშვები დედამისთან წაიყვანა და მარტო ყოფნისას გადავწყვიტე, რამე სიურპრიზი გამეკეთებინა. გავედი smile-ში . ვიფიქრე, გალაქსი სამს შევწვდები და გავახარებ- მეთქი. გაირკვა, რომ შემეძლო, გალაქსი s5 ყოველგვარი წინასწარი შენატანის გარეშე გამომეტანა (ცნობისთვის: ჯიბეში ლარი და 15 თეთრი მედო). მაშინვე გავაფორმე კონტრაქტი და ბოლო მოდელი „სამსუნგი“ გამოვიტანე (იცინის).10410851_891028070931374_4819175215753656885_n
ნინის ისე უნდოდა ეს გალაქსი, ერთხელ სიზმარშიც კი უნახავს.  გავვარდი  სახლში გიჟივით. მივედი, დამხვდა მეზობელთან ერთად, ვისი ვალიც გვქონდა (იცინის). ვეუბნები, ჩქარა,  წავედით, სასწრაფო საქმე მაქვს- მეთქი. ცოტა წავკინკლავდით კიდეც. მანქანაში მკითხა, რა გინდაო?  რაღაც იაფფასიანი ტელეფონი გიყიდე- მეთქი, დარეკავ-დაგირეკავ. დახედა ყუთს წაიკითხა: sumsung galaxy s5, მაგრამ არანაირი რეაქცია არ ჰქონია. არ დაიჯერა. მერე ამოიღო ტელეფონი და უცებ იმხელა იკივლა, კინაღამ ავარია მომივიდა (იცინის). სამი დღე აღარც მე მიწვენდა, აღარც ბავშვებს. ბოლოს კინაღამ ტელეფონზე დავიწყე ეჭვიანობა (იცინის).
– ამბობენ თატრი მეორე ოჯახიაო. მოგვიყევით თქვენს თეატრზე.
– ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო დასია დღეს ქართულ თეატრში. ამაზე მეტყველებს მაყურებლის დიდი რაოდენობა. ახლა ჩინეთშია დასი შექსპირის ფესტივალზე, სპექტაკლებით: „როგორც გენებოთ“ და „ჩემი ჰამლეტი“. პირველმა სპექტაკლმა მსოფლიო მოიარა წარმატებით. განსაკუთრებით ლონდონში მოეწონათ, რაც ძალიან მიხარია. ასევე ისრაელში იყო „ტარტიუფი“.  იგეგმება გასტროლი ამერიკაშიც.  წარმატებას ვუსურვებ.  გასტროლი თეატრისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
ინგლისში და თურქეთში  გასტროლებზეც გვქონდა „ფერხული“. კარგი სპექტაკლი  იყო. ძალიან მოეწონათ. აქ  ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის სირთულეებზე და დაფარულ მხარეებზე იყო აქცენტი.
– განვლილ ცხოვრებაში შეცვლიდი რამეს?
– განვლილი ცხოვრებიდან  კი, ეს ჭკუა რომ მომცა, ჩემს სიზარმაცეს მოვუვლიდი (იღიმება).
– მსახიობები უნდა  გავხდეთო, საკუთარმა შვილებმა რომ გამოგიცხადონ?
-არ გამიკვირდება იმიტომ, რომ მამაჰ ყავთ მსახიობი. მგონია, რომ მსახიობის ცხოვრებაში იღბალს გაცილებით დიდი როლი აქვს, ვიდრე სხვა პროფესიებში. ამიტომ არ ვურჩევდი ჩემებს არტისტობას. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი თვითონ უნდა გადაწყვიტონ.

ირმა მირზაშვილი

11384_891028654264649_9169396208529978954_n

10801791_891028117598036_2186426231238301487_n

10847822_891028847597963_970918571613830449_n

10847912_891028687597979_676302577786628688_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=HCxbeSj90BI” width=”560″ height=”315″]

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები