„მე თვითნასწავლი ილუსტრატორი ვარ…“

    „პროფესიით მონუმენტალისტი ვარ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დავამთავრე. ვფიქრობდი, რომ ეს პროფესია საინტერესო, გამოყენებითი და ამავდროულად შემოქმედებითიც იყო. სტუდენტობის პერიოდში ბევრს ვმუშაობდი ამ განხრით, მაგრამ დღეს ჩემი ძირითადი სამუშაო ილუსტრაციაა“… – მხატვარი ინგა შალვაშვილი.

– ილუსტრაცია მონუმენტური ხელოვნების აბსოლუტურად საპირისპირო შემოქმედებაა…
– დიახ, ასეა, მე თვითნასწავლი ილუსტრატორი ვარ, რომელმაც სამხატვრო აკადემიიდან წამოვიღე კარგი უნარი, ნივთების და გარემოს სწორად დანახვის. პირველად ერთ-ერთი გამომცემლობიდან მომივიდა შეკვეთა. მერე ნელ-ნელა ჩემთვისაც საინტერესო აღმოჩნდა და შემიძლია ვთქვა, რომ სულ ვმუშაობ. პირველი წიგნი „მაუგლი“გავაფორმე.
– რატომ ვერ გააგრძელე მონუმენტური ხელოვნების მიმართულებით მუშაობის გაგრძელება?10872587_779491672099887_1282229542_n
– სამწუხაროდ, საქართველოში რთული აღმოჩნდა ამ მიმართულებით მუშაობა. რეალურად, დამკვეთისთვის შენი ცოდნა არაფერს ნიშნავს. თვითონ გიხსნის, გეუბნება, რა და როგორ უნდა გააკეთო. არ გენდობა. ამ შემთხვევაში, ხშირად, უკვე დასრულებული ნამუშევრით შენ თვითონ რჩები უკმაყოფილო. არადა, ნამუშევარს შენი სახელი ეწერება. გარდა ამისა, ვერ ვითარდები, როგორც მხატვარი და შენი შემოქმედების რეალიზებას ვერ ახერხებ.
– ილუსტრაციაზე მუშაობის დროს ასე არ ხდება?
– ჩემს შემთხვევაში არ ხდება, იმიტომ, რომ მე უცხოელებთან ვმუშაობ. უცხოელები გენდობიან, როგორც პროფესიონალს. მათგან ყოველთვის თემატურად საინტერესო შეკვეთები მოდის. ქართველი დამკვეთი კი (ხშირად არაკომპეტენტური ამ საკითხში) შემოთავაზებული თანხის შეუსაბამო ხარისხს ითხოვს. არ ითვალისწინებს შენს დახარჯულ დროს, შრომას, გამოცდილებას და ამ ყველაფერს ემატება ჰონორარის სისტემატური დაგვიანება… ძალიან სამწუხაროა.
– რას ნიშნავს ილუსტრატორისთვის კარგი შეკვეთა?
 – მაგალითად, ახლა ვმუშაობ კანადელი ავტორის პიესაზე. 60 გვერდი უნდა გავაკეთო, რაც, საერთო ჯამში, 300 შავ-თეთრი ილუსტრაციაა. პიესა დაწერილია 40-იანი წლების ამერიკაზე. გარდა იმისა, რომ ნაწარმოები უნდა წაიკითხო, უნდა გამოიძიო იმ პერიოდის ყველა დეტალი: დეკორი, ინტერიერი, მანქანები, ჩაცმულობა, ფაქტობრივად, ყველა ისტორიას უნდა ჩაეძიო, რაც იმ პერიოდს უკავშირდება.
მეორე შეკვეთაც ამერიკელისგან მაქვს. მისი წიგნი საკონცენტრაციო ბანაკებზეა დაწერილი. აგრეთვე, ისტორიულ დეტალებზეა აგებული. ჩემთვის, როგორც შემოქმედისთვის, მთავარი მაინც ის არის, რომ მოსწონთ, რასაც ვაკეთებ.
– ძირითადად ფერად ილუსტრაციაზე მუშაობ?10872645_779491678766553_708825215_n
– დიახ. თუმცა, ჩემთვის ამ ეტაპზე შავ-თეთრი ილუსტრაცია უფრო საინტერესოა. თვითონ ჩემი შემოქმედება ნაკლებად გადის ფერებში. ფერებიდან ნაცრისფერი მიყვარს. ბოლო პერიოდში მონოქრომში ვმუშაობ.
– დაახლოებით რა პერიოდში უნდა დაასრულო ერთ ნაწარმოებზე მუშაობა?
– საბავშვო წიგნზე ორი-სამი კვირაა საჭირო. დრო ცოტაა, მაგრამ როცა ყოველდღე დილიდან საღამომდე მუშაობ, ნორმალურია. ყველაფერი შედარებითია თანხებთან.
– რა შეგრძნებაა, როცა უკვე დასრულებულ წიგნს ხედავ?
– დანაკლისის შეგრძნება ყოველთვის არის, რომ მეტი შეიძლებოდა. როგორც გითხარით, ახლა 60 გვერდი უნდა გავაკეთო, რომლიდანაც შეიძლება, მხოლოდ სამი გვერდი გამოვიდეს ისეთი, ამ ეტაპზე ნაკლს რომ ვერ ვუძებნი. თუმცა, სწორედ ეს სამი შეიძლება იყოს, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი შემოქმედებაში. უკვე დაბეჭდილი ნამუშევარი ყოველთვის განსხვავდება იმისგან, რასაც აკეთებ და ელოდები. ამიტომ, პრაქტიკული მუშაობისთვისაც, გარკვეული განათლების მიღება აუცილებელია. საქართველოში ამ კუთხით, წიგნის ხელოვნების ცენტრმა შეძლო ილუსტრატორებისთვის საინტერესო სივრცის შექმნა, რომ გაერკვე, რა ხდება ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, მე ახლა არ მაქვს დრო, მათთან ურთიერთობის, მაგრამ მომავალში აუცილებლად შევეცდები ჩავერთო.
– აქტიურად ხარ ჩართული სხვადსხვა კონკურსსა და გამოფენებში…10859743_779491668766554_1809314830_n
– საზღვარგარეთ ხელოვნების მიმართულებით საინტერესოდ მიდის მუშაობა. დავდივარ სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენციებში, სიმპოზიუმებში ვმონაწილეობ. ხელოვანისთვის აუცილებელია ურთიერთობების გაღრმავება, ინფორმაციის გაცვლა. ხვდები ახალ გარემოში, სადაც მსოფლიოს ყველა წერტილიდან არიან მხატვრები. აკეთებ შედარებას, ანალიზს, რამდენი გაიარე და რა გზა გაქვს კიდევ გასავლელი. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქვეყანა ერთმანეთისგან განსხვავდება, ეცნობი მათ კულტურას და ხელოვნების დონეს. ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, საკუთარი ქვეყნის წარდგენაც არის.
ადრე ვფიქრობდი, რომ კონკურსებში გამარჯვება და გამოფენები წარმატება იყო. ახლა ვთვლი, რომ ეს ნაბიჯები მუდმივი სწავლისა და პროგრესირების გზამკვლევია. თუმცა, თავისთავად ერთგვარი წარმატებაც არის, როცა მაგალითად, ასობით ხელოვანის ნამუშევარს შორის, შენს ნამუშევარს აირჩევენ.

მზევინარ ხუციშვილი

10850433_779491675433220_1248067428_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები