„მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიბერე ჩვენი მომავალია…“
„ბავშვობიდან მიყვარს კითხვა, ლიტერატურა და ფილოლოგიურზე ქართული ლიტერატურის ინტერესისა და სიყვარულის გამო ჩავაბარე. შემდეგ კი სკოლაში დავიწყე მუშაობა.“ – ფილოლოგი მადონა ყაფლანიშვილი.
– სკოლა და ბავშვები თქვენს ცხოვრებაში…
– მასწავლებლობა დიდი პასუხისმგებლობაა. ძალიან მიყვარს ბავშვები. ვცდილობ, დაუზოგავად გავიღო მათთვის ცოდნა, სითბო და სიყვარული. ვცდილობ, საგანი მხოლოდ კი არ შევასწავლო, შევაყვარო კიდეც. ჩავუნერგო საკუთარი თავის რწმენა.
– როდის არის წარმატებული ფილოლოგი, მასწავლებელი?
– ვფიქრობ, ფილოლოგი წარმატებეულია, როდესაც სრულად ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას. ხოლო მასწავლებელი წარმატებული რომ იყოს, დუმბაძისეულ ოთხ საიდუმლოს უნდა ფლობდეს, მასწავლებლისთვის აუცილებელს: უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები; უსაზღვროდ უყვარდეს საგანი, რომელსაც ასწავლის; ჰქონდეს უნარი, ეს სიყვარული სხვასაც შეჰყაროს, როგორც უკურნებელი სენი; იყოს თანამედროვე, ჰქონდეს ცოდვა-მადლის, ანუ სამართლის გაჩენისა და მოთმინების დიდი უნარი.
– საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G_PRIED ) …
– საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში (G_PRIED ) ტრენერად ვმუშაობ. პროექტს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების შემოღებასა და დანერგვას. პროცესის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 300 საჯარო და ეთნიკური უმცირესობის სკოლის დაწყებითი საფეხურის 1-6 კლასების ქართული ენის, ქართულის, როგორც მეორე ენისა და მათემატიკის მასწავლებელი და დაწყებითი საფეხურის დაახლოებით 40 000 მოსწავლე საქართველოს ყველა რეგიონიდან.
დაწყებითი განათლების 5 – წლიანი პროექტი აუმჯობესებს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა უნარებს კითხვასა და მათემატიკაში. მასწავლებლებისათვის სწავლების ახალი სტრატეგიების გაცნობის, ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველყოფისა, კითხვასა და მათემატიკაში საგნობრივი ექსპერტების კომპეტენციების გაზრდის გზით.
დაწყებითი განათლების პროექტი ასევე ხელს უწყობს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების მოდელის შემუშავებასა და დანერგვას, რაც ითვალისწინებს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების შექმნას მასწავლებელი ფასილიტატორების ხელმძღვანელობით და პროცესში სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში საზოგადოებისა და მშობელთა ჩართულობას.
პროექტმა უკვე დაიწყო პილოტირების პროცესი 122 საპილოტე სკოლაში, სადაც მიმდინარეობს ტრენინგები 1200 დაწყებითი საფეხურის ქართული ენის, ქართულის, როგორც მეორე ენისა და მათემატიკის მასწავლებლებისათვის სწავლებისა და შეფასების ეფექტური სტრატეგიის შესახებ.
2016 წელს პროექტის დასრულებისათვის ქართველი მოსწავლეებისათვის მისაწვდომი იქნება მრავალფეროვანი რესურსები, ისინი მიიღებენ მხარდაჭერას კითხვასა და მათემატიკაში, რაც დაეხმარებათ მათ, აქტიურად ჩაერთონ სწავლის პროცესში და დაეუფლონ მაღალ სააზროვნო უნარებს და ცოდნას.
– აიპ „ქალთა ინიციატივები“…
– ორგანიზაცია მე და ჩემმა მეგობრებმა 2013 წელს, გრანტის მოპოვების შემდეგ დავაფუძნეთ. დიდი ხანია ვთანამშრომლობ არასამთავრობო სექტორთან სხვადასხვა პროექტში. ეს პირველი პროექტია, რომელსაც დამოუკიდებლად ვუძღვები. სრულიად განსხვავებულ სფეროში აღმოვჩნდი და ვცდილობ, კარგად გავერკვე ყველა საკითხში, რათა სათანადო დახმარება გავუწიო ჩვენს ბენეფიციარებს. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიბერე ჩვენი მომავალია.
– პროექტი „ხანდაზმულთა შინმოვლა დაბა კაზრეთში“…
– ძნელია, გულგრილად უყურო მარტოხელა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც სახლებიდან ვერ გადიან. ისინი მრავალსართულიან სახლებში ცხოვრობენ, სადაც ლიფტი, დიდი ხანია, არ მუშაობს. კეთილი მეზობელი თუ მოიკითხავს ხანდახან და პურს აუტანს მაღაზიიდან.
ხანდაზმულთა შინმოვლა დაბა კაზრეთში“ სამიდან („მოსწავლე – ახალგაზრდობის დღის ცენტრი“ და „საგანმანათლებლო ბავშვთა დღის ცენტრი“) ერთ-ერთი სოციალური საწარმოა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, რომელიც „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდისა“ (ASB) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ მხარდაჭერით ხორციელდება.
დიდი მადლობა საერთაშორისო ორგანიზაცია Arbeiter-Samariter-Bund Germany (ASB)-სა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ მხარდაჭერისთვის, რომ მომეცა ამ იდეის განხორციელების საშუალება. კარგი იქნება, თუ შევძლებთ დაფინანსების მოპოვებას, რადგან ამ ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ თუ აღარ მივაკითხავთ.
– საწარმოს მიზანი…
– საწარმოს მიზანია, დახმარება გაუწიოს მარტოხელა, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს მათი საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების, დამოუკიდებლობისა და სოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით.
ექთანი მზია ვათიაშვილი, მზრუნველი გეგეციკ დილბარიანი, მრეცხავი ნინო ჯინჭარაშვილი – ეს ადამიანები ბენეფიციარებთან კვირაში ორჯერ, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში კი ხუთჯერ მიდიან და საბაზისო მომსახურებას უწევენ: ყიდულობენ საკვებ პროდუქტებს და სხვა აუცილებელ ნივთებს, ალაგებენ სახლს, რეცხავენ სარეცხს, უწევენ სამედიცინო დახმარებას, ტექნიკურ დახმარებას (მცირე შესაკეთებელი სამუშაოები სახლში), ასეირნებენ და ა.შ.
– რამდენი ბენეფიციარი ჰყავს ამჟამად საწარმოს და რა პრინციპით ირჩევთ?
– ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთსა და სოფელ კაზრეთში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ან ჯანმრთელობის მძიმე პრობლემის მქონე პირი, რის გამოც მას არ აქვს, ან მკვეთრად დაქვეითებული აქვს თვითმოვლის უნარი; სოციალურად დაუცველობის სტატუსი, ან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რასაც ადასტურებს ადგილობრივი თემი/სამეზობლო; მარტოხელა პირი, რომელსაც არ ჰყავს მზრუნველი ოჯახში, რომელიც მის საბაზისო საჭიროებებს დააკმაყოფილებს; სოციალური მუშაკისგან მიღებული მომართვები ზემოთ მოცემული კრიტერიუმების მიხედვით. თუ მსურველთა რაოდენობა დადგენილ მაქსიმუმს აღემატება, ამ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ პირებს, რომელთაც მეტ სფეროში არ აქვთ, ან მკვეთრად აქვთ დაქვეითებული თვითმოვლის უნარი და სოციალური მუშაკისგან მიღებულ მომართვებს.
მთელი წლის განმავლობაში სამი ბენეფიციარი გარდაიცვალა. ერთს შვილმა ჩამოაკითხა საბერძნეთიდან (რამდენჯერმე დავუკავშირდით მას, რომ არ შეიძლებოდა დედამისის მარტო დატოვება, რადგან იგი უსინათლო იყო და უჭირდა გადაადგილება) და წაიყვანა. ამჟამად გვყვავს 17 ბენეფიციარი.
– რა თანხებია გამოყოფილი საწარმოსთვის და რა პრობლემები გაქვთ?
– ბევრი პრობლემა გვაქვს. ერთი მობილური ჯგუფი ვერ შესძლებს ამდენი ადამიანის დახმარებას. ასევე პრობლემაა ტრანსპორტი. დაბასა და სოფელ კაზრეთში ჯგუფის წევრები ფეხით დადიან. გვიწევს ბენეფიციარების რაიონულ ცენტრში ჩაყვანა.
საწარმოსთვის ყოველთვიურად 1651 ლარია გამოყოფილი, რომელშიც გათვალისწინებულია თანამშრომლების მინიმალური ხელფასი და მუდმივი პრობლემის მქონე ბენეფიციარის უზრუნველყოფა.
ერთ ბენეფიციარს სჭირდება ეტლი. იგი, ორი პატარა სკამის საშუალებით გადაადგილდება და საკმაოდ მძიმე პირობებშია, მაგრამ ვერ ვეხმარებით. ახლა ზამთარია და გათბობის პრობლემაც დაემატა.
– იმისათვის, რომ საწარმო არსებობა გააგრძელოს…
– სოციალური საწარმო რომ არ დაიხუროს, საჭიროა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფინანსური დახმარება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრები, გავაცნეთ არსებული მდგომარეობა, თუმცა, ჯერ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. 2014 წლის ბოლოს პროექტი სრულდება და საწარმოს თავისი თავის შენახვა თვითონ მოუწევს. სამწუხაროდ, თავის დროზე ზუგდიდის ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი თქვა მოხუცების მოვლაზე. ზუგდიდში ხანდაზმულთა შინმოვლის სოციალური საწარმო ამ ეტაპზე შეჩერებულია.
საერთოდ, სოციალური საწარმოების კონცეფცია საქართველოში ახალია და ახლა იკიდებს ფეხს ქართულ ბაზარზე. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კი სოციალური მეწარმეობა კარგად განვითარებული და აპრობირებული მეთოდია სხვადასხვა პრობლემისა თუ გამოწვევის გადაჭრის მიზნით (სოციალური, გარემოს დაცვითი, ეკოლოგიური თუ სხვა).
მზევინარ ხუციშვილი