„სანამ ჩემი ხელოვნება მექნება, სიმშვიდეს ყოველთვის ვიპოვი…“

„პროფესიის არჩევა საინტერესოდ მოხდა. ინტერესების სფერო ფართო მაქვს, ყველაფერი მაინტერესებს. ერთგვარი პრობლემაც იყო, არ ვიცოდი, რომელი კუთხით წავსულიყავი. მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ ხელოვნება საუკეთესო საშუალება იყო, ჩემი იდეების და აზრების გამოხატვის, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.“ – მხატვარ გრაფიკოსი ია ბახტაძე.

– პროფესიის არჩევის დროს გადაწყვეტილება ცოტა გვიან მიიღე…
– დიახ. ბავშვობიდან რომ დაყავთ ხატვის წრეებზე ბავშვები, ჩემს შემთხვევაში ასე არ მომხდარა. 15 წლისამ დავიწყე მომზადება და 16 წლისამ წარმატებით ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. მხატვარ – გრაფიკოსის სპეციალობა იმიტომ ავირჩიე, რომ ტექნიკური საშუალებები მიზიდავდა და დაზგური გრაფიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული ტექნოლოგიებთან. აკადემიაში კი ამ მიმართულებას, ყველაზე ძლიერი პედაგოგიური კოლექტივი ჰყავდა, რაც პროფესიონალად ჩამოყალიბების კარგ საშუალებას მომცემდა.
– ალბათ, იყვნენ პედაგოგები, რომლებმაც შენს ჩამოყალიბებაში გარკვეული წვლილი შეიტანეს…10859577_778176092231445_1142289203_n
– ყველაზე ძლიერი გავლენა დინარა ნოდიამ მოახდინა. იგი გრაფიკის კათედრის გამგე იყო. ფაქტობრივად, მისი და თენგიზ სამსონაძის დახმარებით ვისწავლე ყველაფერი, რაც ყველა მხატვარმა უნდა იცოდეს. მოგვიანებით კი ლალი ზამბახიძე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემი სადიპლომო ნამუშევრის ხელმძღვანელი იყო. ყველას ვუსურვებ, რომ ასეთი გულშემატკივარი და ადამიანი ჰყავდეს, რომელიც შედეგის მისაღწევად მაქსიმალურად შექმნის პირობებს.
–  სადიპლომო ნამუშევარი იყო „მიტოვებული ქალი“…
-„მიტოვებული ქალი“ არის ფერად ლინოგრავიურაზე შესრულებული სერია. ფერადი ლინოგრავიურა რთულ საქმედ ითვლება დაზგურ გრაფიკაში და ნაკლებად ირჩევენ. თვითონ მასალების შემოტანაც რთულია. მასალის მოპოვებაში ლალი ზამბახიძე დამეხმარა.
საერთოდ, ყველა ჩემს ნამუშევარში ჩემი პიროვნული დამოკიდებულება არის ჩადებული გარკვეული საკითხის მიმართ. ამიტომ, ვთვლი, რომ ამ ნამუშევარშიც ძლიერი სოციალური საკითხია გადმოცემული. ეს არის მიტოვებული ქალი საყვარელი ადამიანის, საზოგადოების მხრიდან, რელიგიისგან გარიყული. მაგრამ ნამუშევრების სერიაში სწორედ ის აზრი დევს, რომ შეიძლება იყო გარიყული, ზურგი შეგაქციოს ყველამ, შენი პრობლემების წინაშე მარტო იყო, მიუხედავად ამისა, შენში არის  ბრძოლის გარკვეული ძალა. სერია ექვსი ნამუშევრისგან შედგება. ბოლო ნამუშევარი – „მე მარტო არ ვარ“, ნიშნავს სწორედ იმას, რომ მე ხელოვნებამ გადამარჩინა. სანამ,  ჩემი ხელოვნება მექნება, რომელშიც შემიძლია ჩავდო ჩემი ემოციები, გრძნობები, მარტო არასდროს ვიქნები, ყოველთვის ვიპოვი სიმშვიდეს.
– ხშირად მუშაობ რელიგიურ თემებზე…10863541_778176102231444_1006236711_n
– რელიგიის კუთხით ნამუშევარი, რომელიც ძალიან მოსწონთ, არის – „რელიგია მოხმარებისთვის“. ვინც, რელიგიაში ჩახედულია, იცის, რომ თევზი არის ქრისტეს სიმბოლო. თევზებით თეფშზე გამოსახულია ჯვარი. თეფშს გვერდით უდევს დანა-ჩანგალი, რაც ნიშნავს, რომ უნდა მიირთვან. მასში ჩადებულია იდეა – ის, რაც რელიგიაში, თავის დროზე მნიშვნელოვანი იყო, დაკარგა თავისი ფუნქცია და დარჩა მხოლოდ სიმბოლო. დღევანდელი საზოგადოების ნაწილი კი, ამ სიმბოლიკას ბევრად უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე მის შინაარსობრივ დატვირთვას, რომლითაც ის თავდაპირველად არსებობდა.
მეორე ნამუშევარი, რომელიც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, არის ჰაიდნის ნაწარმოებზე შექმნილი – „ჯვარცმული ქრისტეს უკანასკნელი 7 სიტყვა“ . სახელმწიფო კვარტეტის მიერ შესრულებული ჰაიდნის ამ ნაწარმოების ვარიანტი მოვისმინე. ბოლო ნაწილში, ახალგაზრდებისგან შემდგარი კვარტეტით გააძლიერეს. ფაქტობრივად, ორი კვარტეტი ერთად ასრულებდა. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო.
ჩემი ნამუშევარი სამ ნაწილად დავყავი: შესავალი, 7 სიტყვის გააზრება და დასკვნითი ნაწილი. საინტერესო ლინოგრავიურა გამოვიდა. ამ ნამუშევრით მონაწილეობა მივიღე ჰაიდნის მიერ მიძღვნილ გამოფენა-კონკურსში და პირველი ადგილი დავიკავე. ეს ნამუშევარი საინტერესო აღმოჩნდა, რადგან, ძირითადად, კონკურსებისთვის პორტრეტები კეთდება. გარდა ამისა, ჰაიდნის შემოქმედება საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი.
კიდევ ერთი საკონკურსო ნამუშევარი იყო, ლევ ტოლსტოის შემოქმედებისა და ცხოვრებისთვის მიძღვნილი გამოფენა-კონკურსი, სადაც მესამე ადგილი დავიკავე. ვინც ლევ ტოლსტოის შემოქმედებას და ცხოვრებას იცნობს, იცის, რომ მას გარკვეული უთანხმოება ჰქონდა ეკლესიასთან. მან ბიბლია  გადაწერა ისე, როგორც ჩათვალა საჭიროდ. მათ შორის 10 მცნება 5 მცნებამდე შეამცირა. შეიძლება, სუბიექტურად მიუდგა, მაგრამ მისი მიმდევრები დღემდე არსებობენ, მათ შორის საქართველოშიც.
ჩემი ნამუშევარი იყო, ერთ ქაღალდზე შესრულებული ხუთი მოგრძო ოფორტი, რომლის ზედა ნაწილში გადმოცემულია, თუ, რას მოგვიწოდებდა ტოლსტოი, ხოლო, ქვედა ნაწილში ნაჩვენებია, რისი წინააღმდეგი იყო.
– საერთოდ, აქტიურად მონაწილეობთ კონკურსებსა და გამოფენებში. რა მოაქვთ მათ?10841639_778176105564777_1864204311_n
– ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კონკურსებიც და გამოფენებიც. თუნდაც, იმიტომ, რომ ისინი ახალი იდეების დასახვაში და გარკვეული პრობლემების გადალახვაში გვეხმარებიან. ახალი ნაცნობობისა და აზრის გაცვლის საუკეთესო საშუალებაა. საზღვრებს აფართოებ. გვეხმარება ჩვენი ადგილის დამკვიდრებაში, აგრეთვე იმაში, რომ გავზარდოთ და გავაღრმავოთ საკუთარი შესაძლებლობები, შემოქმედების ახალი თაყვანისმცემლები შევიძინოთ.
მადლობას გადავუხდი სამეცნიერო და პარლამენტის ბიბლიოთეკებს, რომლებიც ახალგაზრდა მხატვრებს ეხმარებიან და უსასყიდლოდ უთმობენ საკუთარსივრცეებს. ქართულ სინამდვილეში ეს ძალიან კარგია იმიტომ, რომ საგამოფენო დარბაზები ხშირად ხელმიუწვდომელია, რადგან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. რისი შესაძლებლობაც, სამწუხაროდ, არ გვაქვს. მათი მხრიდან კი დიდი ხელშეწყობაა.
– ხშირად ამბობენ, რომ ხელოვნებას ყურადღება არ ექცევა…
– მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გავჩერდეთ. პირიქით, რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიმუშაოთ. მე ძალიან მინდა, ხშირად ჩამოიტანონ გამოფენები. მოძრავი გამოფენები კარგი საშუალებაა, გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, მხატვრებს და მათ შემოქმედებას. თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში, სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი იდეა – რამდენიმე გამოფენა ჩამოვიტანეთ. საზოგადოების გემოვნება უნდა გავზარდოთ, რომ შემდეგ  კარგი გამოფენების მოთხოვნა გაჩნდეს. გარკვეული გზავნილი შეიძლება თითოეულ ნამუშევარში ჩაიდოს  და ხელოვნება გამოყენებული იყოს გზავნილების მიწოდების ძალიან კარგ საშუალებად. სწორედ, ამიტომ გავაკეთე ძალადობასთან დაკავშირებით ნამუშევრები.
– თბილისის წიგნის დღეები და გამოფენა მინსკში ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური ღონისძებები იყო…
– თბილისის წიგნის დღეები, როგორც იცით, 27-30 ნოემბერს გაიმართა. მე ვიყავი ერთ-ერთი ორგანიზატორი, რადგან  წიგნის ხელოვნების ცენტრის წევრი ვარ. ღონისძიება, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტისა და წიგნის ხელოვნების ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა.10863667_778176095564778_2010298192_n
„ექსპო ჯორჯიას“ რამდენიმე პავილიონში საინტერესო კულტურული პროგრამა იყო წარმოდგენილი: ახალგაზრდა უკრაინელ ილუსტრატორთა გამოფენა, ირანული ილუსტრაციების გამოფენა – „როსტამი კვლავაც ცოცხალია“, 1910-1920-იანი წლების თბილისური ავანგარდული წიგნის გამოფენა, უკრაინული ფოტოწიგნები, ექსპერიმენტული წიგნი, ქართველი საბავშვო ილუსტრატორების გამოფენა, წიგნის ლაბორატორიის და კიდევ სხვა, სულ 11 გამოფენა, მათ შორის, სამი – საბავშვო წიგნების ილუსტრაციებისა. ხელნაკეთი წიგნების გამოფენა, რომლებიც წიგნის მოყვარულებში დიდი მოწონებით სარგებლობს. მთელს მსოფლიოში კარგად იყიდება და მივხვდით, რომ ჩვენთანაც ფასეულია. როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოებაც მზად არის, გარკვეული თანხა წიგნებისთვის გაიღონ. იმედი გვაქვს, რომ ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს.
რაც შეეხება მინსკის გამოფენას, ეს იყო, ფესტივალი – „ფემინისტური არტ-კრიტიკა“, რომელიც ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ძალადობის წინააღმდეგ 16 -დღიან კამპანიას მიეძღვნა. გვქონდა საინტერესო დისკუსიები და ვორქშოფები. მათ შორის იყო წიგნთან დაკავშირებული ჩემი ვორქშოფიც. ვაკეთებდით ხელნაკეთ წიგნებს, რომლებშიც უნდა აგვესახა საკუთარი იდეები და მოსაზრებები ქალთა მიმართ ძალადობისა და სოციალური როლის შესახებ. საინტერესო გამოფენა იყო და კიდევ უფრო მეტად ის მახარებს, რომ მე საქართველო წარმოვადგინე.

მზევინარ ხუციშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები