ქეთინო მუხიგული – გზა იყო უძნელესი!

         საკუთარი  საქმის პროფესიონალი  დიდი ხნის განმავლობაში  კარგი მმართველიც იყო:  შრომისმოყვარე ხასიათი, ჰუმანურობა, სიმტკიცე, სამართლიანობა, მუდამ ახლის ძიების წყურვილი, ნოვატორული ნიჭი –  ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება, ერთად შერწყმული  მის ცხოვრებაში, მუდამ   წარმატების იარაღი იყო.  ამბობს, რომ განათლების გარდა  პედაგოგმა  ბავშვი ცხოვრებისთვისაც უნდა მოამზადოს, რომ მის პედაგოგიურ საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პიროვნება.
მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება სკოლასა და მომავალი თაობების აღზრდას მოახმარა.  დღესაც  აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა.  მისი აღზრდილები  საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები არიან, რომლებიც  სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე მუშაობენ. მიაჩნია, რომ „პედაგოგს უნდა უყვარდეს ბავშვები. მასწავლებელი შემოქმედი უნდა იყოს  და, პირველ რიგში, ადამიანი უნდა აღზარდოს და შემდეგ ასწავლოს მეცნიერებები.“

– ქალბატონო ქეთევან,  ბავშვობის, სკოლის წლებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად რა მიგაჩნიათ?
– ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩემი პედაგოგები:  ელენე ახვლედიანის და მაკო ახვლედიანი. არ დამავიწყდება ჩემი პირველი პედაგოგი შუშანა, მუდამ  შავი კაბით და ათრთოლებული ხელებით!  საოცარი მასწავლებელი დალილა გრიგოლია. მან მაზიარა რუსული ლიტერატურის კლასიკას.
– თქვენი პედაგოგი იყო მაკო ახვლედიანი, ცნობილი მხატვრის, ელენე ახვლედიანის და, რომელსაც დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებთ. რა მოგცათ ამ ადამიანმა, რომელიც მერე თქვენი პედაგოგობის დროს გამოგადგათ?
–  ჩემი პედაგოგი მაკო ახვლედიანი, რომელიც გახლდათ ცნობილი მხატვრის ელენე ახვლედიანის და, ხშირად გვეპატიჟებოდა ბავშვებს სახლში, სადაც ელენე ახვლედიანსაც შევხვედრივარ. ამ ადამიანთან ურთიერთობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი მომავალი პროფესიის არჩევისას. მასთან  შეხვედრა სიხარულის მომტანი  იყო ყველა ჩემი თაობის მოსწავლისთვის. მაკომ გვაზიარა კლასიკურ მუსიკას. გვასწავლიდა, როგორები უნდა ვყოფილიყავით. იგი იყო კლასიკური ნიმუში მასწავლებლისა.10814273_887124981321683_1517547244_n
ახვლედიანებთან სტუმრობა ზეიმი იყო. ქალბატონი ელენე და მაკო ისე გვიღებდნენ, როგორც ყველაზე საპატიო სტუმარს და განსაკუთრებული რიტუალი იყო ჩაის მირთმევა, საუკეთესო ფრანგული ფაიფურის ჭურჭელი. ჩვენი თავები დიდი ვინმეები გვეგონა (იღიმება). ასე გვაზიარებდნენ  ყველაფერ საუკეთესოს …
– შემდეგ იყო უნივერსიტეტი. თქვენი  სწავლის წლები  დაემთხვა იმ პეროდს, როდესაც უნივერსიტეტში ასწავლიდნენ  საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი ადამიანები. ესენი იყვნენ: რეზო თაბუკაშვილი, აკაკი ბაქრაძე, კარლო გოგოძე, ქართული კინოს კლასიკოსები. ასევე ტატა თვალჭრელიძე. მოგვიყევით,  როგორი პედაგოგები  იყვნენ ისინი. გარდა  პროფესიული სწავლებისა, რაზე გესაუბრებოდნენ?
– რეზო თაბუკაშვილი იყო უნიჭიერესი და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი!  მასთან ურთიერთობა ბედნიერება იყო. განსაკუთრებით  უყვარდა მოყოლა, როგორ ჩამოასვენა მიხეილ თამარაშვილი, როგორ თარგმნა შექსპირის სონეტები, როგორ შეეძლო ყველაფერი დაეთმო საქართველოს საკეთილდღეოდ. ჩვენთან იყო ძალიან მეგობრული, გახსნილი. ძირითადად, ვსაუბრობდით ხელოვნებასა და ჩვენს პროფესიაზე. რეზო თაბუკაშვილი ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. საოცარი მასტერკლასები გვქონდა. კინოს სახლში ფილმების განხილვას ვატარებდით. ძირითადად, გვიჩვენებდნენ უცხოურ – იტალიურ, ინგლისურ და ფრანგულ ფილმებს: „ნათლიმამა“, „მზიური ველის სერენადა“… ვწერდით სცენარებს, შემდეგ ვიხილავდით. კაკო ბაქრაძის ლექციები ძალიან დატვირთული იყო. ვინ არ სთხოვდა დასწრებას!  ასევე ტატა, თავისი საგნის არაჩვეულებრივი მცოდნე. არ არსებობს, არ დაინტერესებულიყავი. ძალიან  დახვეწილი  ადამიანი იყო.  მასთან ყველა სტუდენტი მეგობრობდა. ჩემთან სწავლობდნენ: დარეჯან მენაბდე,  ამირან არაბული. ბევრი კარგი და ცნობილი ადამიანი.
– ორი პროფესია აირჩიეთ და ერთდროულად სწავლობდით ორ სასწავლებელში. როგორ ახერხებდით ამას და რა პროფესიებს დაეუფლეთ.
– უნივერსიტეტში  ვსწავლობდი ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. ასე ვასწრებდი. რა ვიცი! ხელოვნება იმდენად მაინტერესებდა, ხალისით ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი!  პუშკინის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე, „პუშკინშიც“  მიკითხავდნენ ცნობილი პროფესორები:  სოსო სარალიძე, რომელიც ახალგაზრდობაში ფუტურისტი იყო და ძალიან უცნაურად ეცვა.  თითქმის შიშველ ტანზე თეთრ პიჯაკზე ღილები არასწორად ჰქონდა დაბნეული, თუ ვინმე ჰკითხავდა, ამბობდა, თქვენ  სწორად ვერ ხედავთო (იღიმება)! სოსო სარალიძე ფილოსოფიის და ეთიკის წიგნებს გვიკითხავდა. ის იყო ძალიან განათლებული და მცოდნე პიროვნება. მისი აზროვნება ნამდვილად არ იყო საბჭოური, თუმცა ამას ძალიან კარგად მალავდა. ძირითადად, გვაცნობდა ფილოსოფიურ 10819116_887124974655017_116932_nნაწარმოებებს და მისი ლექცია მიმართული იყო ადამიანის პიროვნულ თავისუფლებაზე. ასევე ძალიან მიყვარდა აკაკი დავითიანი,  მისი გრამატიკით დღემდე ვსარგებლობ! ეს იყო საოცარი ქართველი, კარგი იუმორისტი და სტუდენტების დიდი საიყვარული  (იღიმება)! პროფესორი ფარნაოზ კოტეტიშვილი – თავმდაბალი მეცნიერი ლიტერატურის ისტორიას გვიკითხავდა. გაწონასწორებული, საკმაოდ მცოდნე და კარგი მოსაუბრე, ასევე საოცარი კაცი! ყველას გახსენება შორს წაგვიყვანს. ეს იყო ჩემი ცხოვრების ულამაზესი წლები.(სინანულით).
– სტუდენტი   იყავით, როცა უკვე მუშაობდით. თან ორ უნივერსიტეტში სწავლობდით. სად მუშაობდით, როგორ ახერხებდით ამდენს?
– საქართველოს ჟურნალისტთა კავშირში ვმუშაობდი.  ქართულ ფოტოებს ვაგზავნიდით საბჭოთა ქვეყნებში. ეს იყო სარეკლამო ფოტოები – თბილისის ხედები. როგორ გითხრათ, მეც არ ვიცი, ამ ყველაფერს ერთმანეთს როგორ ვუთავსებდი. ფოტოები იგზავნებოდა ტურისტული ინტერესებისათვის. ეს იყო საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილები.
– რით განსხვავდება მაშინდელი და დღევანდელი სტუდენტი ერთმანეთისგან?
– მაშინ თითქმის ყველა სტუდენტი დასაქმებული იყო. ახლა პირიქით, ამთავრებს და არ იცის, რა უნდა ქნას. სად უნდა მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება.
– რომელ პროფესიას გაყევით?
– კინოსცენარისტობა მიზიდავდა, მაგრამ შემდეგ, როცა დავვოჯახდი, ფილოლოგობა ვარჩიე! მთელი ცხოვრება ამ პროფესიას, მომავალი თაობის აღზრდას შევალიე!
– თავიდან რომ იწყებდეთ  თქვენს მოღვაწეობას, ისევ იგივე არჩევანს გააკეთებდით?
– ალბათ კი. სერიოზულად მოვკიდე ხელი ჩემს საქმეს: ვმუშაობდი მე-15 საჯარო სკოლაში, ძალიან კოლორიტულ პიროვნებასთან ამირან მათითაიშვილთან. ამის შემდეგ – 133-ე სკოლაში – დირექტორის მოადგილედ. მაშინ ვიპოვე ქართველები, რომლებიც „მცირე მიწაზე“ დაიღუპნენ. ერთი საოცარი, ძალიან კეთილი და საყვარელი კაცი მეხმარებოდა. მერე მოვძებნე ფრანგი მებრძოლები, ე. წ. წინააღმდეგობის ფრონტის მეომრები. სურათებიც მაქვს, შეიძლება მოძიება! სიას ვაგზავნიდით ყველგან. ვიყავი სევასტოპოლში, სიმფეროპოლში. მეორე მსოფლიო ომის დროს  დაღუპულ ქართველებს ვეძებდით! ყველა  დაღუპული არ იყო ცნობილი! ყველაზე მეტი დაღუპულები ქართველები იყვნენ,  თანდათან აღმოაჩენდნენ ხოლმე უცნობ გვარებს! ყველაზე მეტი ჩვენ დავკარგეთ სტალინის გამო! ქართველები „ზა სტალინა“ მიდიოდნენ!10846580_887124964655018_1493413076_n
– ოჯახი და კარიერა…
– შემდგომში ჩემი სამსახური უკავშირდება მოსწავლეთა სახლის  დირექტორობას. შრომა ყოველთვის მიფასდებოდა. ბევრი კარგ ადამიანს მახვედრებდა უფალი. მყავდა გულშემატკივარი, დამხმარე დედამთილი ქ-ნი  ნინო, რომელიც დღემდე გვერდში მიდგას. მოსწავლეთა სახლის დირექტორად ყოფნის პერიოდში, ვიმუშავე საუკეთესო ადამიანებთან. ჩვენი, ნაძალადევის რაიკომის მდივანი იყო აფხაზი კაცი, გივი ანჩაბაძე – საუკეთესო ქართველი აფხაზი, რომელიც ოდესმე  მინახავს. იყო ადამიანთა ადამიანი. აფხაზი  თავადი, თბილისში და სოხუმში გაზრდილი, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. არ არსებობდა ვინმე, რომ არ დახმარებოდა. კაბინეტიდან ადგებოდა, გაყვებოდა და საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. ტყუილად არასდროს არ იტყოდა სიტყვას!  მაშინ არსებობდნენ  ადამიანები,  თანამდებობის პირები, რომელთაც, კიდევ ერთხელ  ვიტყვი, გულთან მიჰქონდათ ყველას გულისტკივილი.
ჩემი დირექტორობის დროს გაიხსნა ჩვენთან  მოსწავლეთა  მცირე აკადემია, რომლის კონსულტანტები იყვნენ პროფესორები: თემურ ვეფხვაძე, არსენ შველაშვილი და სხვები.
მათი ხელმძღვანელობით მოსწავლეები მონაწილეობდნენ კონფერენციებსა და ოლიმპიადებში, ჰქონდათ წარმატებები. ყველაზე დიდი სიყვარულით ვიხსენებ ე.წ. მეგობრობის მატარებლებს. თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარეობდა ტურისტული ცენტრი, რომლის ხელმძღვანელი იყო  საოცარი პიროვნება, პროფესიონალი, ჯემალ სამხარაძე. აქ ვიკრიბებოდით… თბილისში დადგებოდა მატარებელი, რომელშიც ჩავსხდებოდით კონფერენციებსა და ოლიმპიადაში გამარჯვებული  ბავშვები და ხელმძღვანელები. საქართველოს ყველა ქალაქში  გვემატებოდნენ დელეგატები, მარშრუტით: თბილისი-ქუთაისი- სოხუმი და შევდიოდით კიევი – რიგა, ვილნიუსი კიშინიოვი, პეტერბურგი. იქვე ვცხოვრობდით და ძალიან დატვირთული განრიგი გვქონდა.
ერთი შემთხვევა არასოდეს დამავიწყდება. ჩავედით ოდესაში. მაშინ  ტანსაცმელი ასე ადვილად არ იშოვებოდა და მატარებელთან მოვიდნენ ადამიანები, შემოგვთავაზეს ნაირ – ნაირი ტანსაცმელი. ჩვენც ყველაფერი ვიყიდეთ. დაფასოებული არ გაგვაშლევინეს. ცოტა ხნით ვიყავით. მალე წავიდნენ. დაიძრა მატარებელი და ყველაფერი, რაც შევიძინეთ, შუაზეა გაჭრილი. ასე ვთქვათ,  ნახევარია. ბევრი ვიცინეთ ( იცინის)!
– როგორ იჭერდით  თანამდებობებს, რა კრიტერიუმებით ნიშნავდნენ ხალხს?! პიონერთა სახლის დირექტორი,  სკოლის დირექტორი,   საკმაოდ მაღალი პოსტები იყო. თითქმის  თქვენი ცხოვრების ნახევარი სკოლის დირექტორად იმუშავეთ.
– მაშინ?– ჩემი აქტიური მუშაობით, საქმით და განათლებით!  გეთანხმებით, პიონერთა სახლის დირექტორობა მაღალი პოსტი იყო,  სკოლის დირექტორობა ხომ იყო და იყო! სხვათაშორის, აქტიურ მუშაობას ვეწეოდი ყოველთვის,  ჯერ კიდევ ვიდრე დირექტორი გავხდებოდი,  ზემოთ მოგახსენეთ, სიმფეროპოლსა და სევასტოპოლში ვიყავი.  ეს იყო 1979 –80 წლები. აქტიური ადამიანი ვიყავი. პირველი თანამდებობა სწორედ ამის გამო შემომთავაზეს.
– როგორი პედაგოგი იყავით?
– მაშინაც და დღესაც მიმაჩნია, რომ პედაგოგს უნდა უყვარდეს ბავშვები.
მასწავლებელი შემოქმედი უნდა იყოს  და, პირველ რიგში, ადამიანი უნდა აღზარდოს და შემდეგ ასწავლოს მეცნიერებები.
მაშინ იმ სკოლაში გვქონდა შემოქმედებითი კლუბი მოსწავლეთა  ინტერესების მიხედვით. კონსულტანტები იყვნენ ცნობილი ადამიანები. სკოლაში ფუნქციონირებდა მოსწვავლეთა თეატრალური დასი, რომელსაც ხელმძღვანელობდა  გრიბოედოვის თეატრის უნიჭიერესი მსახიობი და ბავშვებზე შეყვარებული კაცი იგორ ბალა. 10850329_887124901321691_365883014_n
მძიმე დროს მომიწია მუშაობა.  მიტინგები, ეროვნული მიძრაობა და 9 აპრილი. ერთ დღეს, 8 აპრილს, კლასი გამეპარა მიტინგზე. ავდექი და მეც წავედი. უამრავი ხალხი ირეოდა რუსთაველზე, უცებ ტანკი გამოჩნდა, „ნივა“ იდგა და გადაუარა. ჩემთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო. ტირილი ამივარდა. მივხვდი, რაღაც უბადურება მოხდებოდა. ვერაფრით ვჩერდებოდი. მეკითხებოდნენ, რა გჭირსო, მაგრამ არ ვიცოდი, რა მეთქვა. მეორე დღეს წავედი, პარტიის ბილეთი ჩავაბარე და ვითხოვე სამსახურიდან გათავისუფლება, მაგრამ არ გამათავისუფლეს!
– ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო თქვენს პედაგოგიურ მოღვაწეობაში?
– განათლების გარდა, პედაგოგმა ბავშვი ცხოვრებისთვისაც უნდა მოამზადოს.
პედაგოგიურ საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პიროვნება. არასოდეს დამიმცირებია მოსწავლე. არ მიმიყენებია პიროვნული შეურაცხყოფა.  დღესაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია მოსწავლეთა თვითმმართველობის მაღალ დონეზე წარმართვა სკოლაში. ჩემი დირექტორობის დროს  ეს დღეები ყოველთთვის ეძღვნებოდა თამარობის ბრწყინვალე დღესასწაულს და კვირეულის ბოლო დღეს ბავშვები მართავდდნენ სკოლას.
ძალიან ლამზი დღეები იყო. ეს ტრადიცია კარგად გააგრძელა ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ,  რომელიც ახლა ერთ–ერთი სკოლის დირექტორი გახლავთ.
– დღესაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევით.  რა ბერკეტებს იყენებთ მოწაფეებთან ურთიერთობისას  და რით განსხვავდება ოცდახუთი  წლის წინანდელი მოწაფე ახლანდელი  მოსწავლისაგან?
– 25 წლის წინ მოსწავლეები  უფრო ბავშვურები იყვნენ. უმეტესად სწავლობდნენ წიგნიდან. წიგნიერება მეტი იყო. მოსწავლეებთან ურთიერთობისას ვიყენებ ურთიერთპატივისცემისა და ნდობის ბერკეტს. მთავარია, მოსწავლემ იგრძნოს ყურადღება და სიყვარული. ბავშვი უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის. არ უნდა შეეცადო მისი პირადი ცხოვრების შეცვლას.
– რა ფორმებს  იყენებთ  მოსწავლეებთან ურთიერთობისას, რომ ისინი მეტად დაინტერესდნენ თქვენ მიერ ახსნილი მასალით?
– ასახსნელი მასალა რომ საინტერესო იყოს, ძირითადად, ვიყენებ შემდეგ ფორმებს: კინოგაკვეთილი, პრეზენტაცია, გაკვეთილები ღირსშესანიშნავ ადგილებში (პანთეონსა და მუზეუმში). მქონია საკლასო ტელევიზია, რეპორტაჟები, სააღმზრდელო საათები, ლიტერატურული განხილვები და სხვა.
– რას ნიშნავს თქვენთვის  ძნელად აღსაზრდელი მოსწავლე, არსებობს თუ არა ძნელად აღსაზრდელი  ბავშვი?
– ძნელად აღსაზრდელი – ეს არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდი, რომელსაც აქვს  მძიმე ოჯახური პირობები. ჩემი მუშაობის მანძილზე მოსწავლესთან ურთიერთობისას არ გამომიყენებია გარეშე პიროვნება (ვგულისხმობ მილიციას), არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ შედეგი მიმიღია, რადგან ჩემი დირექტორობის ორ ათეულ წელზე მეტი დროის მანძილზე სკოლაში დანაშაული არ მომხდარა.
– როგორი სამართავი იყო მაშინდელი სკოლა?
– მე-7 სკოლა თბილისის ერთ-ერთ მძიმე უბანში იყო, მაგრამ მთავარია ის, რომ იყო სიყვარული, ერთმანეთის გატანა და პატივისცემა, რადგან სკოლას ჰყავდა პროფესიონალი პედაგოგები:  თამარ ქიშმარია, შურა შარაშენიძე, მერი კახიძე,თინა ლომოური, თამარ ხაფავა, ნაზი ჭანტურია და თითქმის ყველა. ეს ადამიანები მეხმარებოდნენ. ბევრი კარგი ადამიანი გავზარდეთ, რომლებიც   დღეს წამყვან თანამდებობებზე არიან. ბევრი საინტერესო,  ცნობილი ადამიანი გამოვიდა.
– თქვენი მეორე პროფესია თუ გეხმარებოდათ?
– ხელოვნებათმცოდნეობა?– დიახ, ჩემს აღსაზრდელებთან,  პედაგოგებთან ერთად ხშირად ერთად ვმართავდი  კულტურულ ღონისძიებებს. ვიწვევდით საინტერესო ხალხს  სხვადასხვა სფეროდან  და უფროს კლასელებთან ლექციებს ვატარებდით. იყო შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან: ლია ელიავასთან, დოდო ჭიჭინაძესთან,   მედეა ჯაფარიძესთან. სკოლაში გვქონდა დრამატული ჯგუფი, რომელსაც ხელმღვანელობდა საუკეთესო პროფესიონალი, ბრწყინვალე პედაგოგი ვალია საჯაია. მან გააცოცხლა „განდეგილი“ და ბევრი სხვა ლიტერატურული ნაწარმოები.
–  ყველაზე ღირებული, რაც თქვენი მოღვაწეობის მანძილზე შეგიქნიათ?
– ვასწავლე საკუთარი თავის რწმენა უამრავ ადამიანს!  სწორედ ახლა მომწერა ჩემმა  ყოფილმა მოსწავლემ გერმანიიდან, რომელიც იქ გათხოვდა, სწავლობს და მუშაობს, თქვენ მითხარით,  რომ ყველაფერს მიაღწევ და სულ მამხნევებდითო, ეს დიდი ბედნიერებაა!
– სიახლე , რომელიც თქვენ დანერგეთ  იმ   სტრუქტურებში, სადაც მმართველის პოსტი გეკავათ.
– ნაძალადევში გავხსენით მოსწავლეთა მცირე აკადემია, სადაც კონსულტანტები იყვნენ ცნობილი მეცნიერები: არსენ შველაშვილი, თემურ ვეფხვაძე. ისინი ეხმარებოდნენ ნიჭიერ მოსწავლეებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში  მონაწილეობის მისაღებად. გვყავდა ბევრი ნიჭიერი ბავშვი. მაგალითად, მოსწავლე  ლევან ჟულაკიძემ მე–6 სკოლაში  თეორემა დაამტკიცა და სწავლა გააგრძელა უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე.
სკოლაში შევქმენი სასკოლო ტელევიზია და გაზეთის რედაქცია ნიჭიერი ბავშვებისთვის, ვუშვებდით ჟურნალს, რომელსაც სკოლის მოწაფეები ხელმძღვანელობდნენ:  დავით მაღლაფერიძე, ნათია და ნინო ჟღენტი, არჩილ მაჭავარიანი. ძალიან საინტერესო იყო. სასკოლო ჟურნალისტთა სკოლისა და ტელევიზიის ყველა მოსწავლე შემდეგ სწორედ ჟურნალისტის გზას დაადგა.
– რას ურჩევდით ახლანდელი სკოლის მენეჯერებს?
– მენეჯერიც და ნებისმიერი ხელმძღვანელიც უნდა იყოს კომუნიკაბელური და ჰქონდეს გუნდური მუშაობის უნარი.
– როგორი დედა და მეუღლე ხართ?  გაგვაცანით თქვენი ოჯახი.
– მაქვს ოჯახი, 37 წელია. მყავს მეუღლე, რომელიც ასევე პედაგოგია და ორი შვილი. თუმცა ვთვლი, რომ ოჯახს სამსახურის გამო ბევრი მოვაკელი. უფროსი შვილი მხატვარია და საქართველოში არ ცხოვრობს. უმცროსი ახლახან დაბრუნდა ევროპიდან და ცდილობს დამკვიდრდეს.  ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს!
– რაზე გწყდებათ გული?
– როცა სკოლებში ლოტოტრონი დაიწყო,  მე დავტოვე სკოლა. ცოტა ხანში ის საერთოდ გააუქმეს. გული მწყდება, რომ ჩემი საყვარელი მე–7 სკოლა აღარ არსებობს. მიმაჩნია, როგორც ყველა მოკვდავს, მქონდა შეცდომები, დღევანდელი გადასახედიდან სულ სხვანაირად  ვიცხოვრებდი, არა მარტო სამსახურში. შვილებს მეტ დროს დავუთმობდი და აუცილებლად შევცვლიდი რაღაც–რაღაცებს!  მაგრამ მქონდა დიდი სიყვარული იმ საქმისადმი, რომელსაც ვემსახურებოდი და უზომოდ მიყვარდა ადამიანები, მე მათი სიყვარულით  ვცხოვრობ,  ვცხოვრობდი და ვიცხოვრებ!
– რამეს ხომ  არ დაამატებდით?
– გმადლობთ ირმა, დიდი გზა გამივლია და თქვენ კიდევ ერთხელ გადამახედეთ, თუმცა ვთვლი, რომ გზა იყო უძნელესი!

ირმა მირზაშვილი

10841246_887124914655023_767308068_n 10846909_887124907988357_1027020421_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები