„მარტო პრემიერა არ უნდა იყოს თეატრში სიარულის თუ შევლის მიზეზი“
„თეატრთან დაკავშირებული ვარ პროფესიით და ყოველდღიურობითაც. თეატრში სიარული რიტუალია, რომელიც ყველას მინდა გადავდო, განსაკუთრებით მაშინ, როცა კარგი წარმოდგენის ნახვის საშუალება არსებობს“, – თეატრმცოდნე თამარ კიკნაველიძე.
– როგორ აირჩიეთ პროფესია?
– მამას ყოველთვის აინტერესებდა და უყვარდა ხელოვნება. პროფესიით აღნიშნულ სფეროსთან არაფერი აკავშირებს, მაგრამ, ამის მიუხედავად, სახლში წიგნისადმი დამოკიდებულება განსაკუთრებული იყო. ბავშვობიდან მიყვარდა ხელოვნებასთან დაკავშირებული ილუსტრირებული ალბომების თვალიერება. მოგვიანებით ჩემი ხელოვნებისადმი ინტერესი გაძლიერდა სკოლაში, როდესაც მეცხრე კლასში დამრიგებელმა (პირდაპირი გაგებითაც!) ნარი პაპკოვამ დამატებით საგნად დაგვინიშნა ხელოვნების ისტორია. საგანს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქალბატონი იზო მელიქიშვილი (თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებლის და პირველი რექტორის – პეტრე მელიქიშვილის შვილიშვილი) გვასწავლიდა.
მისი ლექციების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ხელოვნება იყო სფერო, რომელიც ყველა ჩემ მიერ წარმატებით დაძლეულ საგანზე მეტად მაინტერესებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავაბარე თეატრალური ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, რამდენადაც მინდოდა ხელოვნების ყველა დარგს უფრო საფუძვლიანად გავცნობოდი და ორიენტირი მოგვიანებით, მაგისტრატურაში გამეკეთებინა. ჯერ სახვითი ხელოვნებისკენ „ვიხრებოდი“, ამაში დიდი წვლილი მიუძღოდათ ხელოვნებათმცოდნეებს: ცისია ელისაშვილს (რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. სწორედ ის იყო ჩვენი ჯგუფის პირველი ხელმძღვანელი), ირმა დოლიძეს, ეკა კიკნაძეს, დალი ლებანიძეს.
მოგვიანებით, როდესაც რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული მასალებით დავინტერესდი, მივხვდი, რომ თეატრი, თავისი სირთულითა და სიცოცხლისუნარიანობით, სპეციფიკითა და სინთეზურობით უფრო მხიბლავდა. სცენოგრაფიის მიმართულებით დაწყებულმა კვლევამ თეატრმცოდნეობამდე მიმიყვანა და ბაკალავრიატის საფეხურის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ (ჟურნალისტური საქმიანობის პარალელურად), სწავლა გავაგრძელე უკვე უნივერსიტეტად გადაკეთებულ თეატრალურში, დასავლეთ ევროპული თეატრის კვლევის კურსზე, რომელსაც პროფესორი ლევან ხეთაგური ხელმძღვანელობდა. მასთან სწავლა თუ თანამშრომლობა ჩემთვის, პროფესიული ზრდის თვალსაზრისით, განვითარების ახალი საფეხური აღმოჩნდა. თუმცა, მანამდე იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი „ამბავი“, რამაც პედაგოგიური საქმიანობისკენ მიბიძგა და მოზარდების თეატრით, ზოგადად, ხელოვნებით დაინტერესების სურვილი გამიძლიერა: თეატრალურში რომ ჩავაბარე, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი ახალი გახსნილი იყო (ჩვენზე წინ მგონი ერთი ჯგუფი სწავლობდა სულაც). სულ შვიდნი ვირიცხებოდით და აღმოვჩნდით საპილოტე ჯგუფში, რომელსაც სკოლებში ხელოვნების ისტორიის სწავლება უნდა შეეტანა. დაიწყო სახელმძღვანელოების გამოცემაზე ფიქრი. დაგვიმატეს საგანი, რომელიც ინფორმაციის მოსწავლეებისთვის მიწოდების საკითხებს განიხილავდა. აღნიშნული კუთხით საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებდა თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე. მისმა სიყვარულმა მოსწავლეებისადმი და დამოკიდებულებამ, უფრო საყოველთაო გაეხადა თეატრმცოდნეობის თუ ხელოვნების ისტორიის სწავლება, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ის არ არის პოპულარული და „მომგებიანი“, თეატრმცოდნეობის არსებობის აუცილებლობაში დაეჭვებულებსაც ვიცნობ, მაგრამ რაც არ უნდა პასიური იყოს დღეს ჩემი წვლილი ამ საქმეში, მაინც ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესი და ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიის ერთგული ვარ.
– თეატრის შიდა სამზარეულო და ხომ არ გინანია არჩევანი?
– 2004-2007 წლებში ვმუშაობდი რუსთაველის თეატრის მუზეუმში. ერთი შეხედვით კარგად უნდა მცოდნოდა შიდა სამზარეულო თუ პერიპეტიები. მით უფრო, რომ აღნიშნული პერიოდი შემოქმედებითად ძალიან ცოცხალი, მრავალმხრივ საინტერესო და ცვლილებებით გამორჩეული იყო. ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, მინდა გითხრათ, რომ უპირველესად გამიმართლა ადამიანებში, რომლებიც მუზეუმში დამხვდნენ და საუკეთესო მეგობრებიც გახდნენ. მათთან გატარებული ყოველი დღე იყო გაკვეთილი, უპირველესად საქმისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით. თეატრის შიდა სამზარეულო არასოდეს ყოფილა ჩვენი ინტერესის საგანი. ამისთვის დრო არ გვრჩებოდა. მუზეუმმა რამდენჯერმე შეიცვალა ადგილი და მისი თანამშრომლებიც მუდმივად სამუზეუმო მასალის აღრიცხვა-დამუშავება-დალაგებაში ვიყავით გართულნი. თეატრში მომხდარზე გარედან შემოსული ადამიანებისგან უფრო ვიგებდით. ამით იმის თქმა მინდა, რომ შიდა სამზარეულოზე პრობლემური კუთხით ვერ ვისაუბრებ. კარგად მახსენდება პრემიერების მოახლოების დღეები, მღელვარება, რომელიც მთელ თეატრს გადაედებოდა. მახსოვს წარმატებული პრემიერები, ნიჭიერი ხელოვანების შრომით დადგმული სასწაულების ძალა, მათი დანაკლისით გამოწვეული ტკივილის განცდა; შიდა სამზარეულოში ოდნავ უფრო ღრმად ჩავიხედე ბოლო რამდენიმე წელია, როცა რეგიონის თეატრებთან დავიწყე თანამშრომლობა და დავინახე ის, რასაც შეუიარაღებელი თვალით, მხოლოდ კრიტიკოსის ან მაყურებლის გადმოსახედიდან ვერ ვამჩნევდი. ეს ცალკე საუბრის თემაა. მიფიქრია კიდეც, რომ არაფერი აღარ გამოსწორდება ამის და ამის გამო, ამის და ამის მიზეზით, ასეთი და ასეთი დამოკიდებულებით, მიდგომებით, მაგრამ ამის მიუხედავად და იმის გათვალისწინებითაც, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმეს ვართ ჩაჭიდებულნი, ჯერჯერობით არ მინანია.
– თეატრი შენს ცხოვრებაში…
– თეატრთან დაკავშირებული ვარ პროფესიით და ყოველდღიურობითაც. თეატრში სიარული რიტუალია, რომელიც ყველას მინდა გადავდო, განსაკუთრებით მაშინ, როცა კარგი წარმოდგენის ნახვის საშუალება არსებობს.
– თანამედროვე ქართული თეატრის პრობლემები…
– სახელმწიფო დაფინანსება რომ უპასუხისმგებლობას არ ნიშნავს, ამის გაუაზრებლობა, არაფრად ჩაგდება მგონია, დღეს დიდი და პატარა რეჟისორების, ანუ, ზოგადად, ქართული თეატრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და ზოგჯერ დანაშაულიც.
– რეგიონების და დედაქალაქის თეატრები…
– რეგიონის თეატრები უნდა გახდეს მრავალფუნქციური. აუცილებელია შეიცვალოს მათი მუშაობის პრინციპი და ხედვა, ზოგადად, თეატრის დანიშნულებისადმი. ამაში თეატრებს მხარი უნდა დაუჭირონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, კერძო სექტორმა. თეატრი უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე მაყურებლის მოთხოვნებს. უძველესი და უზარმაზარი შენობები მხოლოდ წარმოდგენებით კი არა, კულტურული ინიციატივებითა და საგანმანათლებლო პროექტებით უნდა იტვირთებოდეს. მარტო პრემიერა არ უნდა იყოს თეატრში სიარულის თუ შევლის მიზეზი. სიახლეებია საჭირო იმისთვის, რომ მაყურებელი მივიზიდოთ და არა პირიქით. აუდიტორიის პრობლემა რეგიონის თეატრებში კიდევ უფრო გამოკვეთილია. თბილისის შემთხვევაში ყველაზე ხშირად მაინც მხატვრულ ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებზე ვსაუბრობთ და ბოლო დროს კიდევ იმაზე, რომ მომრავლდა შემთხვევები, როცა დადგმისთვის გახარჯული ბიუჯეტი უფრო შთამბეჭდავი და თვალშისაცემია, ვიდრე ხარისხი.
– ჩვენი დროის კულტურა…
– ვითარდება. მიხარია, რომ გაძლიერებულია პერფორმანსების მოწყობის და გამართვის სურვილი. მომრავლდა სტენსილები, ასევე, გამოსვლები, სადაც სამოქალაქო საზოგადოების მცირე, მაგრამ ყველაზე აქტიური ნაწილი ჩაგვრისა და უფლებების დაცვისთვის, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისთვის იმაღლებს ხმას. უფრო ხშირად გვესმის ახალი ქართული ფილმების საერთაშორისო წარმატების შესახებ. ძლიერდება პლასტიკაზე დაფუძნებული ინიციატივების განხორციელების სურვილი. გრძელდება და ვითარდება მთარგმნელობითი საქმიანობა. მაგრამ კულტურა საქართველოში მაინც არ არის ისე დეცენტრალიზებული, როგორც ვისურვებდით. თბილისის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდა თაობის დაინტერესებისა და რეალიზების, ადგილზე „დამაგრების“ პრობლემა აქტუალურია.
– კრიტიკა საქართველოში…
– არ არის სასურველ მდგომარეობაში. ჩემი მეგობრები აღარ მუშაობენ აღნიშნული მიმართულებით, რამდენადაც ნაკლებია ასპარეზი, ჯანსაღი დამოკიდებულება და კონკურენცია, მხარდაჭერა და ანაზღაურება.
– მედიის როლი თეატრის განვითარებაში…
– ჟურნალისტს, რომელმაც კულტურის, კერძოდ, თეატრის მიმართულებით მუშაობს, გარკვეული ცოდნა აღნიშნული სფეროს და დარგის შესახებ უნდა ჰქონდეს. სხვაგვარად ვერ შეძლებს სწორად მიიტანოს ინფორმაცია აუდიტორიამდე, რისი მაგალითებიც არ ილევა. მედიის როლი ზოგადად მნიშვნელოვანია, მაგრამ ტელევიზიამ საქართველოში ყველა სხვა დანარჩენის არსებობის აუცილებლობა შეასუსტა. დაიხურა არაერთი ჟურნალი თუ გაზეთი, სადაც ვწერდით. 2000-იანი წლების დასაწყისში თუ სამი ყოველდღიური გაზეთი არსებობდა, თავისი კულტურის ბლოკებით, დღეს ინფორმაციის აღნიშნული გზით მიწოდების მოთხოვნილება განელებულია. ამის დანაკლისს უპირველესად კულტურის სფეროს წარმომადგენლები გრძნობენ.
– თეატრში – რა ვნახოთ და რატომ?
– უნდა ვნახოთ თბილისში ჩამოსული რეგიონის თეატრების წარმოდგენები. მათ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გულშემატკივრობა და კრიტიკა გამორჩეულად სჭირდებთ. უნდა გავაქტიურდეთ ახალი თეატრების (მაგალითად, „მოძრაობის თეატრის“, „რკინის თეატრის“) მხარდასაჭერად – იქნებ კერძო თეატრებმა მაინც მისცენ თავს ექსპერიმენტების, სათქმელის თუ განწყობის უფრო თანამედროვე, ქართველი მაყურებლისთვის უჩვეულო და საინტერესო ფორმით მოწოდებაზე მუშაობის უფლება. მიხარია, რომ ახალგაზრდა თაობის მაყურებელი, რომელიც ადრე მხოლოდ „თავისუფალ თეატრში“ დადიოდა და ნამყოფი არ იყო თუნდაც რუსთაველის ან თუმანიშვილის თეატრებში, უკვე აქტიურად ინტერესდება „სამეფო უბნის თეატრით“, სადაც პროფესიისადმი დამოკიდებულების კულტურა ყველა კომპონენტში იგრძნობა. არ ვიცი, როგორ შეიძლება, დავუჭიროთ მხარი, ალბათ ბავშვების ტარებით, მაგრამ თანადგომა ნამდვილად სჭირდება გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრს, რომელიც შენობის გარეშეა დარჩენილი და წარმოდგენების გასამართად კულტურის ცენტრ „მუზას“ დარბაზს ქირაობს.
მზევინარ ხუციშვილი