„საქართველო ველური კაპიტალიზმის „შაკლურმა“ სულმა მოკლა…“

          „ჩემს თავს ვერცერთ პროფესიასთან ვერ ვაიგივებ და ეს დიდი კომფორტია. ყოველ ეტაპზე რაღაც ახლის აღმოჩენის დროს შემიძლია მთლიანად იქით გადავეშვა და თავი არ შევზღუდო“, – ამბობს მთარგმნელი, პუბლიცისტი, პროზაიკოსი, მუსიკოსი, რუსთველოლოგი, ფსიქოლოგი, პრემია „საბას“ ლაურეატი ლევან რამიშვილი.

– შენზე ამბობენ,განსხვავებული ინტერესების ადამიანიაო

– ფაქტობრივად ყველაფერი მაინტერესებს და ვთვლი, რომ ეს ნორმალურია. უბრალოდ დრო არ მაქვს. ფიზიკა-მათემატიკის გარდა, მგონი, ყველაფრის სწავლის შანსი მაქვს. მათემატიკა დიდად არც მაინტერესებს, თუმცა, ამბობენ, რომ ძალიან საინტერესოა. მე ამის ტვინი არა მაქვს. ღმერთს დაენანა ჩემთვის ერთი ნახევარსფერო. დავდივარ ასე ცალი ნახევარსფეროთი, ფაქტობრივად ცალტვინა…
მათემატიკა რომ მცოდნოდა, შეიძლება გამეგო ბევრი რამ, მაგალითად, როგორ უნდა გახდე კაი სასიძო, მაგრამ არ გამოვიდა ეს ამბავი. ალბათ, არ უნდა მეთქვა ეს ყველაფერი. დღეს ხომ საკუთარ თავზე ხუმრობა არ შეიძლება. საკუთარ თავს სერიოზულად უნდა უყურო, უნდა გააპიარო…
– ქართული საზოგადოება
– აბსოლუტურად არ ვარ დამოკიდებული საზოგადოებაზე – არც ფიზიკურად და არც სულიერად. ორივე შემთხვევა დამღუპველად მიმაჩნია. ჩვენი საზოგადოება ვამპირული პრინციპით არის მოწყობილი. აქ, მხოლოდ მაშინ აღწევ წარმატებას, როცა საკუთარ თავს ღალატობ…
მე ვფიქრობ, ადამიანი, ვინც ამ საზოგადოებაზე იქნება დამოკიდებული, განწირულია, თავისი ნიჭის და გენიალურობის მიუხედავად. დღეს ყველაზე გენიალური ადამიანები ცხოვრობენ აპათიაში, სასოწარკვეთილებაში, ლოთობენ, „იჩხირავენ“… მხოლოდ ციყვები არიან კარგად. ციყვებს მათ ვეძახი, ვისაც შეუძლია, მილიონი წელი რაღაც უაზრო, მექანიკური საქმე აკეთოს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი, არ არის შემთხვევითი. ეს არის იმ სისტემის ნაწილი, რომელსაც ჩვენ მოვერგეთ. ჩვენ ისე მივიღეთ კაპიტალიზმი, რომ არც კი დავფიქრებულვართ.  მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალიზმი ეწინააღმდეგება ჩვენს რელიგიას, კულტურას, მაინც ბრმად ვაღიარეთ იგი. ადამიანები და მთელი ქვეყნები არ უფიქრდებიან, რას აკეთებენ. საერთოდ არა აქვთ არაფრის გააზრება. მე არ მესმის, როგორ უნდა იყო თან ქრისტიანი და თან კაპიტალიზმის მომხრე…
იესო ქრისტე თავისი მრწამსით სოციალისტია და არა კაპიტალისტი. ერთმანეთის სიყვარულისკენ, სიკეთისკენ, დახმარებისკენ მოგვიწოდებს და არა იმ ველური ჯუნგლის კანონისკენ, რომ ადამიანი ადამიანისთვის მხოლოდ კონკურენტია.
თუ გნებავთ, ჩვენი კულტურის დედაბოძი, „ვეფხისტყაოსანი“ ავიღოთ – „ქვრივ-ობოლნი დააპურეს“ და ა.შ. ეს ფაქტობრივად სოციალური პროგრამაა, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ადამიანები უნდა დააკმაყოფილოს.
ჩვენ სრულიად გაუაზრებლად, ბრმად მივიღეთ, სისტემა, რომელმაც ქუჩაში  უსახლკაროდ უამრავი ადამიანი დატოვა. თბილისში ადრე, თუ მათხოვარი მხოლოდ ბოშა იყო, დღეს ქართველი მათხოვრებით არის სავსე ქალაქი. ეს სისტემის ნაწილია. კაპიტალისტური ფილოსოფია ითვალისწინებს, რომ ადამიანს უნდა ეშინოდეს, ქუჩაში არ დარჩეს.  ეს არის არაადამიანური და არაჰუმანური ფილოსოფია.
თანაც ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, რომ კაპიტალიზმი სინამდვილეში არ გვაქვს. სახელმწიფოს აქვს უამრავი სოციალური პროგრამა, რომლებიც, თუკი კაპიტალიზმია, წესით საერთოდ არ უნდა იყოს… სინამდვილეში არც საბაზრო ეკონომიკა გვაქვს… მაგრამ ვამბობთ, რომ გვაქვს კაპიტალიზმი და არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უსახლკაროები ქუჩებში არ ეყარონ. მიგვაჩნია, რომ ეს ნორმალურია. თან ვტირივართ, რომ „ქართველობას გვართმევენ“. განა, შეიძლება ადამიანს წაართვა ცოდნა, სიყვარული? თუ ქართველობა არის ისეთი რამ, რისი წართმევაც შესაძლებელია, მაშინ ის უნდა წაგვართვან. თუ შეუძლებელია, მაშინ ტირილსაც აზრი არ აქვს…
– რა არის ქართველობა? ერთმანეთი რომ ფეხებზე გვკიდია, უსახლკაროები, მშივრები რომ გვკიდია, ეს „ქართველობაა“?
– რამდენიმე წლის წინ სახლი დავკარგე. იყო ასეთი მომენტი – ვიდექი ქუჩაში და ყველაზე ახლობლებს ვურეკავდი. უფრო სწორად იმათ, ვინც ყველაზე ახლობლებად მიმაჩნდა მაშინ. ჩემდა გასაოცრად, არცერთმა ნათესავმა, არცერთმა მეგობარმა რამდენიმე დღით სახლში არ შემიშვა. მაშინ ამეხილა თვალები და მივხვდი, რომ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ – არა იმ ქვეყანაში, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე. მინდა, ზუსტად გამიგოთ – კარი ზუსტად უახლოესმა ნათესავებმა და მეგობრება მომიკეტეს. მაგრამ გაჩნდნენ ჩემთვის მაშინ სრულიად უცნობი ადამიანები, რომლებმაც არნახული სიკეთე გამოიჩინეს და დამეხმარნენ, ფეხზე დავმდგარიყავი.
ასე, ზედმეტია ლაპარაკი ქართველობაზე. არანაირი „ქართველობა“ არ არსებობს. თუ ოდესმე არსებობდა ასეთი რამ, ის უკვე დიდი ხანია მოკვდა, შემოგვაკვდა… ჩვენი წარმოდგენით ხომ ქართველობა სწორედ ეს არის – ნათესაობის კულტი, ერთმანეთის გატანა… ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, უკვე აღარ არსებობს. თუ რამე სიკეთე არსებობს ამ ქვეყანაში, ის მხოლოდ იმ ინდივიდებს შემორჩათ, რომლებიც ყველაზე არატრადიციულად ცხოვრობენ და არაფერი აქვთ საერთო ე.წ. ქართველობასთან. ქართულმა ტრადიციებმა კაპიტალიზმის პირობებში ვერ გაქაჩა, იგი დამარცხდა. არადა „ქართველობა“ ნამდვილად არსებობდა. მე მახსოვს ქვეყანა, სადაც მართლა საკმარისი იყო, დაგეძახა, „მასპინძელო“, რომ სახლში შეგიპატიჟებდნენ და უკანასკნელ ლუკმას გაგიყოფდნენ… საქართველო ველური კაპიტალიზმის „შაკლურმა“ სულმა მოკლა.
ვინ არის დღეს „საშუალო ქართველი“ – ვინც სამშობლოს სადღეგრძელოს სვამს და მერე მიდის და ჩუმად ზის კრებაზე, სადაც უცხოელები წყვეტენ, რა ზომები მიიღონ ურჩი ქართული მოსახლეობის მიმართ, რომლებიც გადასახადებს არ იხდიან. ან მიდის და სხვა ქართველს დენს, გაზს უთიშავს შუა ზამთარში, რომ კომპანიების უცხოელ მფლობელებს ფული არ მოაკლდეთ… ან, თუ მთავრობაშია, სტრატეგიულ ობიექტებს ყიდის უცხოელებზე… მე რასაც ვხედავ, ქართველი – ეს არის ყველაზე უთავმოყვარეო, უპრინციპო ადამიანი, რომელსაც, ფული მიეცი და ყველაფერს მოგყიდის, ოღონდ სადღეგრძელოების თქმა არ დაუშალო…
ქართველობას ვერავინ წაგვართმევდა, ჩვენ თვითონ რომ არ გაგვეყიდა. ჩვენ თვითონ რომ არ მოვწყვეტილიყავით საკუთარ ფესვებს. მართლა რომ გააზრებული გვქონოდა ჩვენი კულტურა, მივხვდებოდით, რომ ის, არასდროს არ ყოფილა, იმ სულით დატვირთული, რომ ადამიანი ადამიანის მტერია. არცერთი ჩვენი მწერლის შემქომედებაში მსგავსი რამ არ გვხდება, არცერთი დიდი ქართველი არ ქადაგებდა იმას, რომ ერთმანეთი ფეხებზე უნდა გვეკიდოს.
საქართველოში „შაკლური“ სული სუფევს. ყველაფერი ერთმანეთის „გადაგდებაზეა“ აგებული. მთავრობა „აგდებს“ ხალხს, მდიდრები -ღარიბებს, ღარიბები – მდიდრებს, თუ ვერ აგდებენ, უნდათ მაინც… არავის მოსდის  აზრად, რომ სიძულვილით და ტყუილით არაფერი შენდება. 25 წელია სახელმწიფო გვქვია და სიძულვილის გარდა ვერაფერი შევქმენით. რისთვის გვინდოდა ეს თავისუფალი საქართველო, იმისთვის რომ მონური, სიძულვილით სავსე ცხოვრება შეგვექმნა? რაში გამოიხატება დღეს ჩვენი თავისუფლება? დღეს საქართველო ის უიშვიათესი ქვეყანაა, სადაც ცხოვრება აბსოლუტურად შეუძლებელია. აქ შეუძლებელია იყო ბედნიერი, რადგან ჰაერიც კი უბედურების, სიძულვილის სულით არის დამუხტული. ჩემი აზრით, ეს არ არის შემთხვევითი: ჩვენ ვცხოვრბოდით ყველაზე თბილ, მყუდრო სამყაროში და უცბად ყველაზე სასტიკ, დაუცველ, მკაცრ და დაუნდობელ გარემოში აღმოვჩნდით. ჩვენ ამისთვის მზად არ ვიყავით. ამიტომ არის ქვეყანაში ამხელა აგრესია.
საქართველოში რაც ხდება, სრული სიგიჟეა. ქვეყანაში სიგიჟე სუფევს – ადამიანები იღრინებიან, იკბინებიან. საკმარისია ავტობუსში ახვიდე, რომ ერთმანეთის ლანძღვის მოწმე გახდები. ხალხი უკვე დეგრადირების ყველა ზღვარს გადაცდა, ტელევიზორში კი „ვარსკვლავები“ ცეკვავენ და მღერიან… სიმღერის და ცეკვის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არ შეიძლება ამის კეთება შიმშილით, მუდმივი გაჭირვებით გაგიჟებული ხალხის თვალწინ.
– შესაძლებელია თუ არა საქართველოში იცხოვრო თავისუფლად?
– ჩვენს პირობებში შეუძლებელია იყო თავისუფალი ადამიანი. ბევრი შეზღუდვა, ტაბუ, აკრძალვა აქვს საზოგადოებას. დრო გადის და არაფერი იცვლება. არის საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელსაც არანაირი ცვლილება არ უნდა, ეშინია. სრული თავისუფლება არსად არ არსებობს, მაგრამ მე ვთვლი, რომ გოგო ჯობია ევროპაში გაიზარდოს  და არა საქართველოში. ქალი რომ ვიყო, საქართველოში ალბათ, თავს მოვიკლავდი. არა იმ სკანდალების და ძალადობის გამო, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. აუცილებელი არ არის, ადამიანი ფიზიკურად მოკლა. ყველანაირი ფსიქოლოგიური პრობლემის მიზეზი ადამიანში არის დაბალი თვითშეფასების ჩანერგვა. „მე ცუდი ვარ“, „მე კაცებზე უფრო უმნიშვნელო ვარ“… აი, ამას უნერგავს ნებისმიერ პატარა გოგოს ჩვენი კულტურა, რომელსაც „გვართმევენ“ “… ნებისმიერი კომპლექსი, ნებისმიერი ტრავმა, საბოლოო ჯამში, აქამდე, თვითშეფასებამდე მიდის. როცა კულტურაში თავიდანვე განსაზღვრულია, რომ შენ მეორე ხარისხოვანი ხარ, ვიდრე კაცი. როდესაც ბიჭის გაჩენა უფრო უხარიათ, ვიდრე გოგოსი, ეს უკულტურობაა და არა კულტურა.
– ერთერთ სტატიაში გიწერია: „საქართველოში პატიოსნება სირცხვილია“…
– ალბათ, იმას ვგულისხმობდი, რომ საქართველოში ვაჟკაცობად ითვლება, კაცმა ყველაფერი იკადროს. შეძვრეს ყველგან, სადაც საჭიროა, გამოძვრეს იქიდან, საიდანაც საჭიროა. საქართველოში ითვლება, რომ მამაკაცი უნდა იყოს „პროსტიტუტკა“. მას უნდა შეეძლოს ყველაფერი. უნდა შეეძლოს „პროსტიტუტკასავით“ პანელზე იცხოვროს და ყველას ყველაფრის საშუალება მისცეს, ოღონდ ფული იშოვოს.
სინამდვილეში ასეთი ფილოსოფია გვაქვს. სულ მსაყვედურობენ, რომ არსად არ შევძვერი, არც მთავრობში, არც ტელევიზიებში, არც ნაცნობები გამოვიყენე. საკუთარი პრინციპებით და სიმართლით ცხოვრება ჩამორჩენილობად ითვლება.
 -„ყველა ქართველი ერთმანეთის უნიჭო ანარეკლია“…
– არ მახსოვს, ეს სიტყვები რატომ დავწერე, მაგრამ ახლა, არ ვთვლი, რომ ქართველები საშინელი ხალხი ვართ. პირიქით, ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უნიჭიერესი ხალხი ვართ. არცერთ ასეთ პატარა ერს ამდენი ბრწყინვალე ტალანტი არა ყავს, ეს ფაქტია.
ერთ დროს მოდა იყო ასეთი, ყველაზე განათლებული და ინტელიგენტი ხალხიც კი ამბობდა, „ეს რა ხალხი ვართ ქართველები“. მერე აგორდა და ნაციის ვნებად იქცა. მეც ვიყავი ერთ დროს ამ აზრით შეპყრობილი. ეჭვი მაქვს, რომ ამაში სპეცსამსახურებს დიდი წვლილი აქვთ. რადგან, ნაცია, რომელიც საკუთარ თავს აგინებს, ვერასოდეს ვერაფერს ვერ შეძლებს.
ნეგატიურ ტალღაზე ვცხოვრობთ. არაფრის იმედი არ გვაქვს. არც გამოსწორების სურვილი. ერთადერთი, რითიც ვსულდგმულობთ საკუთარი თავის და მთავრობის გინებაა. ველოდებით, რომ მთავრობა რაღაცას შეცვლის.
სამწუხაროდ, ვერ ვაცნობიერებთ, დღეს საქართველოში მილიარდებიც რომ დაიყაროს, მაინც ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით. რადგან, ასე ღრმად გამჯდარ ნეგატიურ აზროვნებას, ფილოსოფიას, დამოკიდებულებას ფული ვერ შევცლის.
ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს – ვცხოვრობთ ტერიტორიაზე, რომელიც ამერიკასა და რუსეთს ვერ გაუყვია, რის გამოც არა გვაქვს მშვიდობა და ვერ ვაშენებთ ეკონომიკას. ამას გარდა, ვართ ერი, რომელმაც  ტერიტორიის ორი დიდი ნაწილი დაკარგა, 25 წლის მანძილზე ვერაფერი შექმნა და სიღატაკეში ცხოვრობს. ამის გამო, განგვივითარდა დამარცხებული და წაგებული ერის ფსიქოლოგია. 24 საათი საკუთარ თავს ვაგინებთ, რაც ჭაობისკენ მიგვაქანებს.
– სად ხედავთ გამოსავალს?
– განწყობა, შთაგონება ქმნის ყველაფერს. მე ვერ შევქმნი ვერაფერს, თუ მიმაჩნია, რომ ნაგავი ვარ. რაიმე ღირებულის შექმნას საკუთარი თავის რწმენა სჭირდება. მე ვთვლი, რომ თუ ერთმანეთის სიყვარულს ვერ შევძლებთ, თუ ვერ გამოვალთ ერთმანეთის სიძულვილის ჰიპნოზური ტრანსიდან, ადრე თუ გვიან უბრალოდ ფიზიკურად გავნადგურდებით.
ალბათ იცით წყალზე ჩატარებული ექსპერიმენტების შესახებ. წყალი, რომელსაც ეუბნებიან: „მიყვარხარ“, სიმეტრიულ სტრუქტურას იღებს, ხოლო იმ წყლის სტრუქტურა, რომელსაც ეუბნებიან: „მძულხარ“, ასიმეტრიული, მახინჯი ხდება…
ამას წინათ ერთმა იაპონელმა ჩაატარა ასეთი ექსპერიმენტი: სამ ქოთანში ჩარგო სამი ერთნაირი მცენარე. ყოველ დილით ის ერთს ესალმებოდა და თბილ სიტყვებს ეუბნებოდა, მეორეს ლანძღავდა, მესამეს კი საერთოდ ყურადღებას არ აქცევდა. რაღაც დროის შემდეგ მან ასეთი შედეგი მიიღო: ის მცენარე, რომელსაც ეფერებოდა, აყვავდა და გაიფურჩქნა, რომელსაც ლანძღავდა, გახმა, ხოლო რომელსაც ყურადღებას არ აქცევდა – დალპა.
ახლა მითხარით, როგორ უნდა გადარჩეს ქვეყანა, რომელშიც ყველა ადამიანი წყენით, სიბრაზით, ბოღმით, გაღიზიანებით, შურით და სიძულვილით არის სავსე?
მე უკვე დიდი ხანია თბილისში არ შემხვედრია არავინ, ვინც ამ ყველაფერს არ აფრქვევს, ვინც ნეგატიურად არ არის მომართული და პესიმიზმში არ არის ჩავარდნილი… მხოლოდ ძალიან ახალგაზრდებს აქვთ ცოტა ოპტიმიზმი და კეთილგანწყობა შერჩენილი…
– საქართველოში აგრესია ურთიერთობის ნორმალურ ფორმად იქცა. როგორ უნდა იცხოვრო კარგად ასეთ ქვეყანაში?
– ამ დროს ეს რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სულაც არ არის რეალობა. ადამიანის ნამდვილი ბუნება სიყვარულია. ყველა ბავშვი კეთილგანწყობილია, სანამ არ დააკომპლექსებენ და არ გააგიჟებენ…
არის ასეთი ცნება, „უპირობო სიყვარული“. როდესაც ვინმე ისე გიყვარს, რომ პირობებს არ უყენებ, როცა უბრალოდ გიყვარს და არა იმის გამო, რომ ის შენს პირობებს აკმაყოფილებს… ასეთი სიყვარული ბავშვებმა იციან…
სიყვარული ერთადერთი რეალობაა, დანარჩენი ყველაფერი ილუზიაა, მოლანდება… სინამდვილეში არ არსებობენ ცუდი, ბოროტი ადამიანები, არსებობენ მხოლოდ დროებით დაქლიავებულები, დროებით გათიშულები…
ამ ჩვენი მოჩვენებითი რეალობის ფოკუსიც სწორედ ამაშია  – რა წამსაც შენ იწყებ იმათ გაკიცხვას, ვინც „ცუდად იქცევა“, შენც ერთვები ამ ურთიერთსიძულვილის მორევში და ზუსტად იმისნაირი ხდები, ვისაც კიცხავ…
ეს რაღაც მატრიცაა, რომელზეც ადამიანები სიძულვილით, ერთმანეთის კრიტიკით არიან მიერთებულები. ამ მატრიციდან გამოსვა მხოლოდ უპირობო სიყვარულით შეიძლება, რადგან სანამ პირობებს უყენებ, მანამდე ისევ კიცხავ, ხოლო თუ კიცხავ, ესე იგი ისევ ჩართული ხარ მატრიცაში…
დალაი ლამა ამბობს: „სიყვარული შეფასების არარსებობაა!“ და ეს ყველაზე დიდი ჭეშმარიტებაა, რაც კი გამიგია. სანამ აფასებ ადამიანს, მანამდე მას ვერ შეიყვარებ. თუ აფასებ, ესე იგი რაღაცები მასში „გაწყობს“, რაღაც თვისებები კი „არ გაწყობს“, და გიყვარს იმისთვის, რაც გაწყობს. გიყვარს იმიტომ, რომ, რაც გაწყობს, უფრო მეტია, ვიდრე რაც არ გაწყობს…
მაგრამ ეს არ არის სიყვარული – გიყვარდეს იმის გამო, რომ „გაწყობს“. ასეთი სიყვარული არ არის ნამდვილი, რადგან ის ნებისმიერ წამს შეიძლება სიძულვილად იქცეს. რა წამსაც ის, რაც „არ გაწყობს“, უფრო მეტი გახდება, ვიდრე რაც „გაწყობს“, შენი სიყვარული სიძულვილად იქცევა…
გამოსავალი ამ სიძულვილის მატრიციდან, რომელშიც ვცხოვრობთ, მხოლოდ ის არის, რომ ადამიანებმა ისწავლონ უპირობო სიყვარული. ეს შესაძლებელია. ეს არ არის ძნელი, პირიქით, ძალიან ადვილია. და ეს ყველას შეუძლია, ეს არ არის ვიღაც ბრძენთაბრძენების ან წმინდანების პრეროგატივა. ეს შენც შეგიძლია და მეც.
იმისთვის, რომ მიყვარდეს, მე არ მჭირდება იმის ცოდნა, რომ ადამიანი „ძალიან კარგი ტიპია“, რომ ჩემნაირი მუსიკა მოწონს ან ჩემს ფასეულობებს იზიარებს… მხოლოდ ის, რომ ადამიანია, ჩემთვის საკმარისია იმისათვის, რომ მიყვარდეს.
ეს ძალიან უბრალო, მარტივი რამეა – უბრალოდ უნდა გაიგო, რომ ყველა ადამიანი ადამიანია. ყველა ჟირაფი განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ყველა ჟირაფი მაინც ჟირაფია. ასე ვართ ადამიანებიც – რაც არ უნდა განვსხვავდებოდეთ, მაინც ადამიანები ვართ.
ამის გააზრებაა მხოლოდ საჭირო – იმის, რომ ყველანი მაინც ერთნაირები ვართ. არაფერია ცუდი იმაში, რომ ერთნაირები ვართ, რადგან ნებისმიერი ადამიანის გულის გულში რომ ჩავიხედოთ, იქ მხოლოდ უპირობო სიყვარულსა და სიხარულს ვნახავთ.
ადამიანის ბუნების მთავარი ნიშანი სწორედ ეს არის – სიყვარული და სიხარული. ნებისმიერ ადამიანში ცხოვრობს ბავშვი, რომელიც ულევ სიხარულს, დღესასწაულს ატარებს თავის თავში. ადამიანი დღესასწაულად იბადება, მოწყენილ, დაბოღმილ არსებად მას სხვები აქცევენ… მაგრამ ეს დროებითია.
როგორც უკვე ვთქვი, არ არსებობენ ცუდი ადამიანები. გაიხსენეთ რუსთაველი: „ღმერთი კარგსა მოავლინებს, და ბოროტსა არ დაბადებს…“ ყველა ადამიანი, გამონაკლისის გარეშე, კარგი ადამიანია. მე ჯერ ცუდი ადამიანი არ შემხვედრია. თუმცა, ბევრი მინახავს მხოლოდ დროებით დაქლიავებული… მე არ ვბრაზობ მათზე.
არც იმათზე, ვინც კარი არ გამიღო. როგორ შეიძლება ბრაზობდე იმ ადამიანზე, რომელიც იმდენად შეშინებულია ცხოვრებით, იმდენად დაბეჩავებული და დაკნინებულია, რომ მეგობარს კარს ვერ უღებს… ასეთი ადამიანი შეიძლება მხოლოდ გეცოდებოდეს, რადგან მის ცხოვრებაში ბევრი არაფერია სასიხარულო…
მე შემიძლია, თუკი წამომყვა, ნებისმიერ ადამიანს დავანახო თავისი ნამდვილი სახე, ნამდვილი ბუნება, ნამდვილი „მე“… ამაშიც არაფერია განსაკუთრებული. ეს ნებისმიერ კარგ ფსიქოლოგს შეუძლია…
– თარგმნებჰაგავადგიტადა 2007 წელს საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში აიღე, ლიტერატურული პრემიასაბა“…
– ბჰაგავად-გიტა, როგორც ყველა კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი წიგნი, სწორედ ამაზეა – უპირობო სიყვარულზე და იმაზე, რომ ყველანი ერთნი ვართ, რომ ყველანი ერთი რეალობის – სამყაროს, ანუ ღმერთის ნაწილები ვართ. სხვათა შორის, „ვეფხისტყაოსანიც“ ამაზეა – „მზე უშენოდ ვერ იქნების, რადგან შენ ხარ მისი წილი…“ და „ვეფხისტყაოსანიც“ უმაღლეს, უპირობო სიყვარულს უმღერის: „ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენაც ნუ მოგეწყინების…“
რუსთაველი ახსენე. მალე გამოვა შენი წიგნი,  დაფარული ვეფხისტყაოსანი
– ამ წიგნით მინდა მსოფლიოს მივაწვდინო ხმა. ვთვლი, რომ საქართველოს არა აქვს უფლება, რუსთაველი მსოფლიოს „დაუმალოს“. „ვეფხისტყაოსანი“ არ არის მხოლოდ მხატვრული ნაწარმოები. ეს პოემა უდიდეს სიბრძნეს შეიცავს, რომელიც იმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამონათებაა, რასაც მე „მსოფლიო სიბრძნეს“ ვუწოდებ.
ოლდოს ჰაქსლი ამას „მარადიულ ფილოსოფიას“ ეძახდა. „ვეფხისტყაოსანი“ არის წიგნი უმაღლეს ჭეშმარიტებაზე, უმაღლეს ფასეულობებზე და რაც მთავარია, ამ ყველაფრის მიღწევის პრაქტიკულ გზებზე.
ამაზეა ჩემი წიგნი. მასში პირველადაა დანახული რუსთაველი, როგორც მსოფლიო სიბრძნის გამონათება, როგორც ლაო-ძის, ბუდას, კრიშნას, ქრისტეს, ჯალალედინ რუმის, ალ ჰალაჯის და სხვა გასხივოსნებული ბრძენების, უმაღლესი ჭეშმარიტების მატარებელი ადამიანების დარი პიროვნება –  ადამიანი, რომელმაც აღწერა უმაღლესი ჭეშმარიტება, მისკენ მიმავალი გზა და თვითონვე გაიარა ამ გზაზე.
რუსთაველის რანგის ფიგურა მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია. მისი დარი არ ჰყავს არც ევროპას, არც ამერიკას და არც რუსეთს… ეს უზარმაზარი ფაქტია, რომელსაც ქართველები ჯერ ვერ ვიაზრებთ. რუსთაველს ჩვენ ჯერ არ ვიცნობთ. „ვეფხისტყაოსანში“ არის მთლიანი პასაჟები, და უამრავი დეტალი, რომელიც ჩემამდე არავის გაურჩევია. ამას ამპარტავნებით არ ვამბობ, ეს უბრალოდ ფაქტია.
ამას წინათ ერთ-ერთ უდიდეს რუსთველოლოგს (სახელს არ დავასახელებ), დავუსვი რამოდენიმე შეკითხვა. მან პასუხი ვერ გამცა, შემდეგ კი მკითხა: „შვილო, შენ „აწევ“ ამ თემებს?“
არის თემები, რომლებიც რუსთველოლოგიამ „ვერ აწია“. მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ რუსთაველი მსოფლიოს უნდა გავაცნოთ, მაგრამ ამას მანამდე ვერ გავაკეთებთ, სანამ ჩვენ თვითონ არ გავიგებთ, რაზე წერს იგი…
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსთაველის მსოფლიოში „გაპიარება“ ჩვენ თვითონ გვჭირდება. რუსთაველი საქართველოს სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს, რომ მსოფლიომ გაგვიცნოს, როგორც მაღალკულტურული ერი. ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, საკუთარი კულტურა გააცნოს მსოფლიოს. ამისთვის სახელმწიფოები მასშტაბურ პროექტებს ახორციელებენ, რადგან ესმით, როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალკულტურული ერის სტატუსს. ნებისმიერი ქვეყნის კულტურის სამინისტროს უმთავრესი ფუნქცია სწორედ საკუთარი კულტურის პროპაგანდაა.
ისეთ დიდ ერებსაც კი, როგორიც არის ჩინეთი და ინდოეთი, ევროპა ველურებად მიიჩნევდა, სანამ მათ თავიაანთი კულტურის უდიდესი მიღწევები არ თარგმნეს და მსოფლიოს არ გააცნეს.
ამ მხრივ, საქართველოს რუსთაველმა შანსი მისცა. პატარა ერებს კი არა, მსოფლიოს უდიდეს და წამყვან ქვეყნებსაც კი არ გააჩნიათ „ვეფხისტყაოსნის“ დონის ნაწარმოები. ცუდია, რომ ჩვენ ამხელა შესაძლებლობას ვერ ვიყენებთ.
ჩემი აზრით, ისეთი პატარა და უცნობი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ამხელა შანსის არგამოყენება უბრალოდ სიდებილეა. მეტიც – ეს რაღაც სიდებილეზე უარესია…
სწორედ ამ სიტუაციის გამოსასწორებლად შევქმენი „ვეფხისტყაოსნის“ საერთაშორისო ინსტიტუტი. იმედი მაქვს, საქართველოს სახელმწიფო გვერდში დამიდგება, რადგან ეს სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა.
ამ ორგანიზაციის ძირითადი ფუნქცია „ვეფხისტყაოსნის“თარგმნაა. ჯერჯერობით, „ვეფხისტყაოსანი“ სხვადასხვა ენაზე მხოლოდ მხატვრულადაა ნათარგმნი, როგორც ლამაზი ზღაპარი, სადაც მთელი ფილოსოფიური სიღრმეა დაკარგული.
„ვეფხისტყაოსანი“ არ არის მხოლოდ მხატვრული ნაწარმოები. თავისი სიღრმით იგი მხოლოდ ისეთ ნაწარმოებებს შეიძლება შევადაროთ, როგორიც არის: „დაო დე ძინი“, „ბჰაგავადგიტა“, „ყურანი“ ან „ბიბლია“. ასეთი დონის ნაწარმოებები, როგორც წესი, სიტყვა-სიტყვით ითარგმნება და თან განმარტებები და კომენტარები ერთვის.
უცხოელებს უნდა მიეცეთ საშუალება, თვითონ შეაფასონ ამ პოემის სიღრმე. ჩემი პროექტი სწორედ ასეთი თარგმანების განხორციელებას გეგმავს. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო ჯერჯერობით არ ინტერესდება ამ საქმით. ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა ჩვენს ჩინოვნიკებთან კულტურის სამინისტროდან: არსებობს რუსთაველის სახელის გატანაზე უფრო დიდი საქმე საქართველოში? რომელ სამინისტროს ეხება ეს საქმე? თუ კულტურის სამინისტრო ამას არ აკეთებს, მაშინ რისთვის არსებობს იგი?
ინდოეთის კულტურის სამინისტროში არის განყოფილება, რომელიც ყოველწლიურად ათეულობით მილლიონ დოლარს ხარჯავს და მხოლოდ ინდური კულტურის გავრცელებით არის დაკავებული. ჩინელებს აქვთ კონფუცის ინსტიტუტი, ესპანელებს – სერვანტესის ინსტიტუტი, გერმანელებს – გოეთეს ინსტიტუტი და ა.შ. თუ ამხელა ერებს, რომლებსაც ყველა კარგად იცნობს, სჭირდებათ საკუთარი კულტურის მუდმივი პროპაგანდა, ჩვენ ეს არ გვჭირდება?
ჩერჩილთან და რუზველტთან შეხვედრის წინ სტალინმა სასწრაფოდ გამოაცემინა რუსულად „ვეფხისტყაოსანი“. მასაც კი ესმოდა, რამხელა მნიშვნელობა აქვს, როცა ვინმეს წინაშე წარსდგები, როგორც მაღალკულტურული ერის შვილი და არა როგორც ველური…
ეს არა მხოლოდ პრესტიჟის ან „სულიერების“ საკითხია, არამედ პრაქტიკული საქმეცაა. მხოლოდ ერთ ფაქტს მოვიყვან: ნეპალში ყოველწლიურად 80 მილიონი ტურისტი ჩადის, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – ნეპალი ბუდას სამშობლოდ ითვლება…
ამას გარდა, „ვეფხისტყაოსნის“, როგორც სიბრძნის შემცველი ნაწარმოების უცხოურ ენებზე გამოცემა თავისთავად კომერციული იდეაა, რადგან ასეთ ლიტერატურაზე დასავლეთში უზარმაზარი მოთხოვნა არსებობს.
დასავლეთი არ არის მხოლოდ „კოკა-კოლა“ და ევრორემონტი. დასავლეთი პირველ რიგში განათლებაა. ყველა უცხოელს, ვისაც მე ვიცნობ, ესმის, ვინ არის რუსთაველი, რადგან განათლებული ადამიანები არიან, და ყველა გაოცებულია, რომ ამხელა პიროვნებას, ამხელა „ბრენდს“ მსოფლიოს ვუმალავთ… მეტისმეტად დიდი ფუფუნების უფლებას ხომ არ ვაძლევთ თავს?
საქართველოს კულტურის სამინისტროს, როგორც ვიცი, წლიური ბიუჯეტი 80 მილიონი დოლარი აქვს. ისიც ცნობილია, რომ ამ ფულის ნაწილს ის „ვერ ხარჯავს“. მიუხედავად ამისა, მათ უარი მითხრეს ამ პროექტის თუნდაც მცირე ნაწილის განხორციელებაზე. მაგრამ მე არ ვაპირებ გაჩერებას. არ შეიძლება ყველგან და ყველაფერში უვიცობა და იდიოტიზმი იმარჯვებდეს! მე დავამტკიცებ, რომ საქართველოშიც შეიძლება სიკეთემ და ცოდნამ გაიმარჯვოს. მე მაინც მივაღწევ იმას, რომ ეს პროქტი განხორციელდეს.
მე ვთვლი, რომ როცა ქვეყანა ასეთ სიღატაკეშია, სახელმწიფომ ჯერ მშიერ ხალხზე უნდა იზრუნოს, მაგრამ თუკი არსებობს კულტურის სამინისტრო და ამხელა ბიუჯეტიც აქვს, მაშინ რატომ არ უნდა გავაკეთოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული საქმე? და თუ ამას არ ვაკეთებთ, მაშინ რისთვის არსებობს კულტურის სამინისტრო? მხოლოდ იმისთვის, რომ მისმა თანამშრომლებმა საზღვარგარეთ იმოგზაურონ სახელმწიფოს (ანუ ხალხის) ფულით?
– რას ითვალისწინებს თქვენი პროექტი კონკრეტულად?
-„ვეფხისტყაოსნის“ სხვადახვა ენებზე სიტყვა-სიტყვით თარგმნას, ასევე განმარტებებისა და კომენტრების დართვას, მრავალენოვანი ინტერნეტგვერდის შექმნას, ფილმების გადაღებას, უცხოურ სამეცნიერო გამოცემებსა და პოპულარულ ჟურნალებში სტატიების დაფინანსებას, კონფერენციებისა და ლექციების ჩატარებას, სხვადასხვა ადაპტირებული ვერსიების გამოცემას უცხოურ ენებზე და სხვა.
– ალბათ, ხვდებით, რომ ამას დიდი თანხები სჭირდება…
– ყველა დიდ საქმეს დიდი თანხები სჭირდება… ეს ისეთი საქმეა, რომელშიც ბევრი – უცხოური ორგანიზაციაც ჩადებს თანხებს, მაგრამ პირადად მე ამის წინააღმდეგი ვარ, ისევე როგორც წინააღმდეგი ვარ, ეს ქართველმა მეცენატებმა დააფინანსონ. ეს სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა და მხოლოდ ქართულმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. ეს გრძელვადიანი, მუდმივმოქმედი პროექტია და კერძო პირების ნება-სურვილზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეს საქმე აუცილებლად გასაკეთებელია, მაშინ უნდა ჩაწეროს გუგლში სიტყვა „სახელმწიფო“ და გაერკვეს, რისთვის არსებობს იგი, რა დანიშნულება აქვს…
დაწერე წიგნიროგორ არ მივაყენოთ ტრავმა ბავშვს“. რამდენად არის ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი, რომ ბავშვი ისე გავზარდოთ ტრავმა არ მივაყენოთ?
– ეს სინამდვლეში მთელს მსოფლიოში ძალიან რთულია. ევროპა მივიდა იქამდე, რომ ბავშვზე ძალადობა არ შეიძლება, მაგრამ მთლიანობაში მასობრივ ცნობიერებაში არ არსებობს იმის აღქმა, რომ ბავშვი ჩასახვიდანვე პიროვნებაა.
ჩანასახიც კი უკვე გრძნობს, უყვართ თუ არა, და ამაზე მძაფრად რეაგირებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ის ბავშვები, რომლების გაჩენაც არ უნდოდათ, უზარმაზარი განცდებით იბადებიან: მარტოობის, მიტოვებულობის, მიუსაფრობის, უნდობლობის და ყველაზე მეტად არიან მიდრეკილები თვითმკვლელობისკენ. ეს მეცნიერული ფაქტია.
ეს არის სამეცნიერო პოპულარი წიგნი, რომელიც  ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მიღწევებს ეფუძნება. ჰუმანისტური ფსიქოლოგია ითვალისწინებს, რომ ბავშვი არის პიროვნება, თავისუფალი ადამიანი, რომელსაც პატივი უნდა სცე. მოექცე, როგორც ადამიანს და არა მასალას, რომლისგანაც რაღაც უნდა გამოთალო, რომელშიც რაღაც უნდა შეცვალო, დაამატო, რომ ფასეულად იქცეს. ბავშვი თავისთავად ფასეულია.
ეს არის სახელმძღვანელო ბავშვის დემოკრატიულად აღზრდაზე. საერთოდ, არსებობს ბავშვის აღზრდის ოთხი ფორმა: ავტორიტარული, ლიბერალური, დემოკრატიული, დიფერენტული. თვითონ სახელწოდებებიც გვიჩვენებს, რომ დემოკრატიულია სწორი ფორმა.
წიგნი იმით გამოირჩევა ამ თემაზე დაწერილი სხვა წიგნებისგან, რომ მასში მშობელი იპოვის პრაქტიკულად ყველა სიტუაციას, რომელსაც ბავშვის აღზრდის დროს შეიძლება შეხვდეს, ჩასახვიდან სრულწლოვანების ასაკამდე.
წიგნში ყველა პრობლემა ცალკე თავად არის მოცემული. მისი დაწერა იმ ფაქტმაც მაიძულა, რომ ყოველდღე ვასეირნებდი ჩემს შვილს თბილისის ბაღებში და ვხედავდი, როგორ საშინლად ექცევიან ქართველი დედები ბავშვებს. უმიზეზო ყვირილი, ჩხუბი, ცემა, ბავშვის ფსიქოლოგიური ტერორი საქართველოში ნორმაა და არა გამონაკლისი. რაც ამ მხრივ საქართველოში ხდება, ენით აუწერელია. ბავშვის აღზრდის კულტურა საქართველოში უბრალოდ არ არსებობს.
– ჟურნალიფლეიბოი
– ეს იყო გარყვნილების ბუდე. ეს მხოლოდ ჩემი აზრი კი არ არის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოების. ასე არ არის? ეს არ სჭირდება საქართველოს. ჩვენი ერის ზნეობრივი სიწმინდე არ უნდა შეილახოს. აბა დააფიქრდით  – „ჩვენი ერის ზნეობრივი სიწმინდე“.  რა დროს „ფლეიბოია“, როცა აფხაზეთი დაკარგული გვაქვს?..
მართლა ხომ არ დაიჯერეთ, რომ ამას მე ვამბობ?..… ამას სხვები ამბობდნენ და ამიტომაც დაიხურა. „ფლეიბოი“ ერთადერთი სამსახური იყო, რომელიც მიყვარდა, და ყოველთვის ვიამაყებ, რომ ამ ჟურნალში ვმუშაობდი, რადგან ეს არ ყოფილა პორნო-ჟურნალი. ეს არის ჟურნალი, რომელიც ქალის სხეულის სილამაზეს წარმოაჩენს.
თუმცა, პორნო ჟურნალშიც რომ მემუშავა, ამითაც ვიამაყებდი. მე მხოლოდ იქ ვარ ცოცხალი, სადაც თავისუფლებაა!
საკუთარ თავთან ბრძოლა გიწევს?
– არა. რატომ უნდა ვებროლო ჩემს თავს, გიჟი ხომ არა ვარ? „ღმერთი კარგსა მოავლინებს, და ბოროტსა არ დაბადებს“… ეს მეც მეხება… საერთოდ ითვლება, რომ ადამიანი რაღაც „ბრძოლებში“ უნდა იყოს. სულ პრობლემა უნდა ქონდეს, ეს პრობლემა „თვითონ მასში უნდა იყოს“ და უნდა ებრძოლოს თავს. მე არ მესმის ეს ყველაფერი. ასეთი რთული არ ვარ. მე მარტივი ადამიანი ვარ – ჩემი თავი მიყვარს და არასოდეს არ ვებრძვი.
მე ვთვლი, რომ ადამიანს საკუთარი თავი უნდა უყვარდეს. ვისაც ოდნავ ახლოს მაინც ჩაუვლია ფსიქოლოგიასთან, დამეთანხმება, რომ ადამიანის ბედნიერება მთლიანად მის თვითშეფასებაზეა დამოკიდებული. თუ გგონია, რომ ცუდი ხარ, რომ არასაკმარისად ნიჭიერი ხარ, რომ სხვები გჯობიან ვერასოდეს ბედნიერი ვერ იქნები. მე არ მჯერა, რომ ადამიანი უბედურებისთვის არის გაჩენილი. ბედნიერება ერთადერთი ნორმალური მდგომარეობაა. ბედნიერი რომ იყო, საკუთარი თავით კმაყოფილი უნდა იყო.
სამწუხაროდ, ჩვენი კულტურა საპირისპიროს ჩაგვაგონებს – რომ საკუთარი თავის სიყვარული ცუდია. ითვლება რომ ეს ეგოიზმია. სინამდვილეში ეგოიზმს და თავის სიყვარულს არაფერი აქვთ საერთო. ეგოიზმი შიშია. შიში იმისა, რომ არასაკმარისად კარგი ხარ. ასევე ცხოვრების შიში…
ეგოიზმი მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი თავისი თავის სიყვარულს კარგავს, ბუნებრივ მდგომარეობას, რომლითაც დაიბადა. როცა ეს სიყვარული კნინდება, მაშინ ჩნდება შიში – იქნებ არა ვარ კარგი, იქნებ უნიჭო ვარ, ჩნდება თავის შედარება სხვებთან და უსასრულო მტკიცება იმისა, რომ ძალიან მაგარი ხარ…
ჩვენ – ყველანი „ეგო-ცნობიერებაში“ ვცხოვრობთ, რადგან საკუთარი თავის სიყვარული წაგვართვეს… დააკვირდით, განა ყოველ სიტყვას იმიტომ არ ვამბობთ, რომ მოსაუბრეს დავანახოთ, რა მაგრები ვართ? ჩვენ ყველას გვაკლია საკუთარი თავის სიყვარული. ვისაც თავისი თავი უყვარს, იმას არ სჭირდება იმის მტკიცება, რომ „რაღაცას წარმოადგენს“…
ქრისტე ამბობს: „გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა თავი შენი!“ ეს გულისხმობს, რომ ადამიანს თავისი თავი უნდა უყვარდეს. ასე რომ არ იყოს, ამ შეგონების აზრი იქნებოდა, რომ მტერი არ უნდა გიყვარდეს…
სამწუხაროდ, ადამიანებს არასწორად ესმით ისეთი ცნებები, როგორიცაა თავმდაბლობა, სიკეთე…  სიკეთე არ არის მხოლოდ სხვებსთვის ცხოვრება. სიკეთე პრველ რიგში საკუთარი თავისთვის ცხოვრებაა.
მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია იყოს კეთილი, ვინც კარგადაა. ცუდად მყოფ ადამიანს სიკეთის კეთების თავი არა აქვს, ის თავის პრობლემებში იკეტება და ძალაუნებურად ეგოისტი ხდება. ამიტომ, სიკეთე პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემაა.
რაც შეეხება თავმდაბლობას, იგი ამპარტავნების, ეგოიზმის უმაღლესი ფორმაა. არავინ არ არის ისე შეპყრობილი საკუთარი თავის განდიდების სურვილით, როგორც „თავმდაბალი“ ადამიანები. ისინი გეუბნებიან: „ნახე, მე შენზე მაღლა ვდგავარ! მე ისე მაღლა ვდგავარ, რომ შემიძლია, შენზე დაბლა დავაყენო თავი!“
თავმდაბალ ადამიანებს მხოლოდ სხვების დამცირება სურთ. გულში ყველა „თავმდაბალი“ ადამიანი განიცდის სიამოვნებას იმის გამო, რომ ასე კარგად დაიმდაბლა თავი, ეს კი უკვე საკუთარი თავით კმაყოფილებაა  და სხვა არაფერი! სადღაა თავმდაბლობა, თუკი მე მიხარია, რომ რაღაც შევძელი? თავმდაბლობა ფარისევლობაა მხოლოდ, საკუთარი თავის მოტყუება.
მე არ ვარ თავმდაბალი, რადგან ამპარტავანიც არ ვარ. მე ვიცი, რომ გენიალური ადამიანი ვარ, და ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ მე ისიც ვიცი, რომ ყველა ადამიანი გენიალურია! უბრალოდ ზოგი ვერ აცნობიერებს ამას.
მე გენიალური ვარ არა იმის გამო (არა მხოლოდ იმის გამო…), რომ ასეთი წიგნების ავტორი ვარ, არამედ იმის გამო, რომ შემიძლია დავტკბე სიცოცხლით, სიყვარულით, მეგობრობით, მარტოობით… იმის გამო, რომ შემიძლია, არ გავება ადამიანების მიერ დაგებულ ხაფანგებში, გონების თამაშებში… იმის გამო, რომ ასეთი გენიალური, ამოუცნობი სამყაროს ნაწილი ვარ, რომელიც მე თვითონ ვარ და რომელიც მიყვარს.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები