„რაც კოკაში იყო, გადმოიღვარა – ეგ არის და ეგ!“
„წიგნის კითხვისას თქვენ გახდებით მწერლის ფიქრისა და განცდების, მისი თავშეკავებული იუმორისა და სტრიქონებში ჩაყურსული ნაზი, ფრთხილი სევდის თანაზიარი, რომელშიც ის ისეთი მზრუნველობით ხვევს თავის პერსონაჟებს, რომ მოფერება, თავზე ხელის გადასმა მოგინდება მათთვის. საერთოდაც, მე მაკასთან სწორედ ეს სიფრთხილე თუ ზომიერება მომწონს – თუ გნებავთ, ერთგვარი დისტანციურობა თხრობისას, გარკვეული საზღვრის, მიჯნის დაცვა და სათქმელის ისე მიტანა მკითხველამდე, რომ ის არ ააფორიაქოს, არ გადაღალოს“. – წერს მწერალი ინა არჩუაშვილი, მწერალ მაკა ლდოკონენზე.
– შენი ცოტა უცნაური გვარის შესახებ…
– უცნაურია? არა და, მე შევეჩვიე. ზოგისთვის კვლავ ენის გასატეხივითაა. ფინური წარმოშობის გვარია. თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფინეთის ნაწილი შეიერთა (ყველგან მომაწვდინა ხელი), ჩემი წინაპრები იძულებულნი გახდნენ, გვარის რუსული დაბოლოება აეღოთ. მეც ლდოკოვა ვიყავი. ამ გვარით დავამთავრე სკოლა, უნივერსიტეტი და პირადობაში ახლაც ეს გვარი მიწერია. ლდოკონენი კი ლიტერატურულ ფსევდონიმად ავიღე. რაც შეეხება სახელს, პასპორტით მარინე ვარ. ბაბუამ საქართველოში ჩამოსვლისა და ქართველი ქალის ცოლად მოყვანის გადაწყვეტილება გემზე, ზღვაში მიიღო და მარინეც ამის გამო დამარქვა. თუმცა, ეს სახელი რომ მერქვა, სკოლაში გავიგე, ნულ კლასში მასწავლებელმა პირველად რომ ამოიკითხა სია – მარინეო, თქვა და გვართან შეყოვნდა, გვარის წაკითხვაზეც იწვალა. მე, რა თქმა უნდა, არ წამოვდექი. ამას მოჰყვა გაუგებრობები სკოლაში და ოჯახშიც, აღშფოთებული დავბრუნდი ჩემი სახელის გამო. მოკლედ ასეა, ამჟამად ნამდვილი სახელი და გვარი ჩემი ლიტერატურული ფსევდონიმია. რაც შეეხება წარმოშობასა და ჩემი ჩრდილოური გენის საინტერესო მოგზაურობას, მხოლოდ მადლიერი ვარ, სამხრეთისკენ რომ დაიძრა, საბოლოოდ აქ დამკვიდრდა და ფეხი მოიკიდა.
– როგორ აირჩიე პროფესია, რომელიც ფაქტობრივად შეიცვალე. რატომ მოხდა ასე?
– პროფესიით ჟურნალისტი ვარ, არ შემიცვლია. დროდადრო პერიოდიკაში ვმუშაობ. წიგნებზე რეცენზიებს ვწერ და ა.შ. მქონდა და მაქვს ჰობი ვხატავდი და კვლავ ვხატავ. თუ გულისხმობ, რომ მწერლობა დავიწყე და ამით პროფესია შევიცვალე, მე მწერლობას პროფესიად სულაც არ ვთვლი.
რაც შეეხება პროფესიის არჩევას, ჩემს მშობლებს ძალიან უნდოდათ, ექიმი გამოვსულიყავი. მაგრამ, ექიმობა ნამდვილად არ იყო ჩემი საქმე. პრინციპში, პატივი სცეს ჩემს არჩევანს – იოლად დამთანხმდნენ. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ არაბული ენის შესწავლას მეტი სერიოზულობით არ მოვეკიდე (სკოლაში საკმაოდ კარგად გვასწავლიდნენ).
-როგორ დაიწერა პირველი მოთხრობა და, საერთოდ, როგორ დაიწყო შემოქმედებითი გზა?
– პირველი მოთხრობა, ალბათ, სკოლაში დავწერე, მერე უნივერსიტეტშიც ვწერდი. თუმცა, პირველი, რომლის გამოქვეყნებაც გავბედე, „საახალწლო საკითხავი“ იყო. 2000 წელს, გაზეთში „წიგნები“ (24 საათის – ლიტერატურული დამატება) დაიბეჭდა. მისი რედაქტორი მალხაზ ხარბედია გახლდათ, რეკომენდაცია კი ჩემმა მეგობარმა, მწერალმა ინა არჩუაშვილმა გამიწია. ეს იყო ამბავი (მოქმედი გმირები ჩემი ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანები იყვნენ) ჩემი ვაჟის, ლუკას ახლად ჩასახულ ეჭვზე, რომ შესაძლოა, თოვლის ბაბუა არ არსებობს. ყველანაირად ვეცადე, გამექარწყლებინა ეს ეჭვი.
დიდი სიხარული იყო, როდესაც საკუთარი დაბეჭდილი მოთხრობა ვიხილე. თითქოს რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. მერე „ჩვენს მწერლობაში“ მწერალი ირმა მალაციძე გამომყვა, „ლიტერატურულ პალიტრაში“ – მწერალი თეონა დოლენჯაშვილი და ასე, მეგობრების მხარში დგომით, წახალისებით გავთამამდი. მოთხრობები დამიბეჭდეს, ამას მოჰყვა ლიტერატურული კონკურსები, მცირე გამარჯვებები, სადებიუტო წიგნი „ქიშმიშიანი ამბები“ – საბას პრემია დებიუტის ნომინაციაში, მოთხრობების კიდევ ორი კრებული („ლიტერატურული პროექტი“ და ელექტრონული წიგნი „ბიშეს ბალიშები“), ახლა სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსში ჟიურის წევრადაც მიწვევენ.
– ვინ არიან შენი პერსონაჟები?
– ადამიანები ჩვენს გარშემო. „ქიშმიშიანი ამბების“ გმირები, ძირითადად, სოლოლაკის ბინადრები იყვნენ. ზოგს ვიგონებ – მეხსიერებიდან, ან ფანტაზიიდან ვიხმობ.
– რა მოგიტანეს შენმა მოთხრობებმა (წიგნებმა) ცხოვრებაში, რა შეცვალეს?
– არ ვიცი, მე იგივე ვარ, მარად და მარად… რა უნდა შეეცვალა, რაც კოკაში იყო, გადმოიღვარა – ეგ არის და ეგ!
– ყველაზე რთული და ყველაზე საყვარელი…
– ყველაზე რთულია, ერთდროულად ოჯახს გაუძღვე და ინტელექტუალური სამუშაოთიც დაკავდე. ერთმანეთს შეუთავსო პროდუქტის სიები, სამზარეულოს საქმე, ყოფითი პრობლემების გადაჭრა და თავში აბობოქრებული აზრები მოთხრობად გადაქცევას რომ ცდილობენ, ყალიბს რომ დაეძებენ და მოსვენებას არ გაძლევენ. ზოგჯერ ძნელია, აუხსნა, გააგებინო და დააჯერო ოჯახის წევრები, რომ წერაც საქმეა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსგან დაწესებული, ნორმირებული სამუშაო საათებით არ არის დაკანონებული.
ყველაზე საყვარელი? ისევ ოჯახი, ანუ რაც ყველაზე რთულია (სწორად დასმული კითხავაა) და არჩევანიც მარტივად გამომდინარეობს, ჯერ ოჯახი და მერე დანარჩენი – ჩემთან ასეა!
– თუ გიწევს საკუთარ თავთან ბრძოლა და რის გამო?
– რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება სიზარმაცეს ვებრძვი. სიზარმაცეს, რომელიც უცნაური მოვლენაა: ყველას გვჭირს, გვებრძვის, მთავარია აღიარო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრძოლას აზრი არ ექნება.
მშვენიერი გამოთქმაა – სიზარმაცე მანკიერების დედაა!
– ადამიანები შენს ცხოვრებაში…
– მთელ თბილისს ვიცნობ! – ხომ არსებობენ ადამიანები, ასე რომ ამბობენ. მეცინება ხოლმე. მე ცოტა მეგობარი მყავს. ცოტა კარგი მეგობარი და თვალისჩინივით ვუფრთხილდები მათ. ჩვენთვის დრო და სივრცე პირობითი სუბსტანციებია. მეგობრობის მცნება სოციალურმა ქსელებმა გადაასხვაფერა. ისევე, როგორც მოწონების განცდა გაუფასურდა (ამაზე, სხვათა შორის, ბოლო მოთხრობაში ვწერ კიდეც)…
ჩემი მთავარი ადამიანები ოჯახის წევრები არიან (კახა, ლუკა და მარი). მიყვარს მათთან ერთად სახლში ყოფნა, ფილმების არჩევა და ყურება, ქალქგარეთ გასვლა. მათთან ერთად სიცილი, გეგმების დაწყობა, თუნდაც ეს გეგმები სულაც არ შესრულდეს.
დედა და მამა – აღარ მყავს. შვიდი წელია დავობლდი. რა გითხრათ, აბა – ნამდვილად დარდობს ის, ვინც მოწმის გარეშე დარდობსო, ამიტომ არაფერს ვიტყვი.
ორი შვილიშვილი მყავს (დეიდაშვლის შვილიშვილები) – ელენე და ლიზი, საოცარი გოგონები არიან, წიგნის გმირები, აი ისინი, შენს სახელს მომავალ საუკუნეში რომ ახსენებენ.
როცა ვფიქრობ ადამიანებზე ჩემს გარშემო, ვაფიქსირებ, რომ ბოლო დროს კიდევ ერთი, პატარა ოჯახი შევიძინე. მეექვსე წელია სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდას“ ჟიურის წევრი ვარ. ამ ძალზე საინტერესო და საჭირო საქმეში ჩართული ადამიანები და მონაწილე სტუდენტები ჩემთვის ძალზე ახლობელ ადამიანებად იქცნენ. ყოველ შემოდგომაზე კახეთში მივემგზავრებით. საინტერესო, შემოქმედებითად დატვირთულ დღეებს ვატარებთ. სტუდენტებთან ურთიერთობა გამორჩეული ემოციის მატარებელია ჩემთვის. მიყვარს და მეამაყებიან ეს ბავშვები.
საინტერესო ადამიანები ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ბაბუები – დავითი და საშა (ალექსანდრე). დავითი არქიტექტორი იყო და სიტყვების საუკეთესო გამომგონებელი – სამყაროს გეომეტრიული აღქმა და სიტყვების გამომგონებლობა სწორედ, მისგან მივიღე მემკვიდრეობით. მეორესთან კი მისტიფიკაციები მაკავშირებს და ოდესმე დავწერ ამაზე, მთავარი კი ის იყო, რომ ლიტერატურა შემაყვარა, მიკითხავდა, მიკითხავდა, მაკითხებდა და მაკითხებდა.
– ყველაზე დასამახსოვრებელი ლიტერატურული კონკურსი…
– დასამახსოვრებელი იყო პირველი პენ-მარათონი, როდესაც საწყის ეტაპზე გამარჯვებულ მონაწილეებს ტელეეთერში ვახუშტი კოტეტიშვილი ასახელებდა. ჩემს გვარს რომ მიუახლოვდა, შეყოვნდა, გულმა რეჩხი მიყო. ჩემი გვარი რომ წაიკითხა – რა გითხრათ, ძნელია სიტყვებით გადმოვცე, ეს ხომ მეოთხე თუ მეხუთე მოთხრობა იყო, რომელიც დავწერე. მერე, კონკურსზე 10 საუკეთესოშიც მოვხვდი, პრემია „საბა“ ავიღე, სხვა გამარჯვებებიც მქონდა, მაგრამ ის იყო გამორჩეული თავისი გემოთი და ჟღერადობით.
– მინდა, რომ…
– ვიცოდე, რა ხდება მერე… ან მანმადე, სანამ ჟანგბადის პირველ ულუფას ჩავისუნთქავთ. მგონი, ორივე შემთხვევაში ერთი პასუხი არსებობს.
მზევინარ ხუციშვილი