მარიამ კოზმანიშვილი– „ქვის პოეზია“
წერდა ყველგან: ქუჩაში, მინდორში, ვენახში, სახლში, ჭურჭლის, თუ სარეცხის რეცხვის დროს. გულიდან წამოსულ სიყვარულს აგვირისტებდა, რითმას ადებდა და საკუთარ პოეზიას ქმნიდა. მართალია, ფიქრობდა, რომ ეს არავის სჭირდებოდა, მაგრამ მაინც, ეწერებინებოდა და წერდა. ნიჭიერმა ადამიანმა მოგვიანებით ქვის მხატვრულ ღირებულებებს მიაგნო. უბრალო, დაუმუშავებელი ქვებით ულამაზესი მინიატურული „ქანდაკებები“ შექმნა და საკუთარ შემოქმედებას “ქვის პოეზია” უწოდა. მის ცხოვრებას სევდაც ახლავს და სიხარულიც. ოთხი შვილის დედა და ექვსი შვილიშვილის ბებია თვლის, რომ ხელოვნების დანიშნულება ადამიანთა გაკეთილშობილება, მათთვის სიხარულის და ბედნიერების მინიჭებაა. ვინ არის მარიამ კოზმანიშვილი?
– თელავის რ-ნი სოფ. კისისხევში დავიბადე. ბავშვობის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ სოფელში მაქვს გატარებული. თუმცა, ადრეულ ასაკში , ხან სოფ. ფშაველში მოგვიწია ცხოვრება, ხან ქალაქ რუსთავში. მყავდა ბებია-ბაბუა თბილისში და ჩემი ბავშვობის გარკვეული წლები იქ მაქვს გატარებული. მგონი ფეხიც თბილისში ავიდგი. სწორედ ამიტომ, ვწერ ერთ ლექსში:
“იყო წვა და ძიება, მირაჟებში წანწალი.
სოფელი და ქალაქი,
როგორც ქოში, ცალ-ცალი.”
– რთული და სევდიანი ბავშვობა მქონდა. ამავე დროს, საინტერესოც. სულის გაუსაძლისი ტკივილიც სწორედ იმ დროიდან იღებს სათავეს. ტკივილის მიზეზი მამის აუტანელი ხასიათი და გაუთავებელი ოჯახური სკანდალები იყო… საშუალო განათლება ჩემს მშობლიურ სოფელში მივიღე. სკოლის დამთავრების მერე, მალევე დავოჯახდი. მოგვიანებით, როდესაც უკვე მყავდა ორი და ველოდებოდი მესამე შვილს, სწავლა განვაგრძე თელავის ი. გოგებაშვილის სახ. სახელმწიფო ინსტიტუტში, ისტორია- ფილოლოგი ფაკულტეტზე, დაუსწრებელ განყოფილებაზე.
– როდის გაჩნდა წერის სურვილი?
– ლექსებს ბავშვობიდან, სკოლის ასაკიდან ვწერდი. ჩემი ნაწერები იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. ჯერ საბავშვო, შემდგომ უფრო სერიოზულ გამოცემებში. მეათე კლასში ვიყავი, როდესაც ჩემი სკოლის ბიბლიოთეკის გამგის მცდელობით მოვხვდი საქ. ტელევიზიის 1 არხის გადაცემა “საპოვნელაში”. განსაკუთრებული მოვლენებით გამორჩეული წლები არ მქონია. ვცხოვრობდით რუტინულად, ვზრდიდი ბავშვებს და სხვადასხვა, შემთხვევით აღმოჩენილ სამსახურებში მიწევდა “მოღვაწეობა”. მახსოვს, პირველი ლექსი 11 წლისამ დავწერე, სამშობლოს თემაზე. მას მერე სულ ვწერდი. თუმცა ძალიან სუსტი ლექსები იყო. მოგვიანებით გამრავალფეროვნდა ლექსების თემები და უფრო უკეთესი საკითხავიც გახდა.
– როგორი ხასიათის არის თქვენი პოეზია?
– ჩემი პოეზია უფრო ლირიკული ხასიათისაა: ადამიანური სევდის, სიხარულის, ტკივილების და განცდების ამსახველი. ვწერ უბრალოდ. ასეთი სტილი ავირჩიე თავიდანვე. მსურდა ჩემი ნაწერები ყველასთვის გასაგები და ახლობელი ყოფილიყო. რამდენად კარგად გამომივიდა ეს, არ ვიცი.
– ერთი ხელის მოსმით დაწერილი ლექსი…
– ჩემი ლექსების უმეტესი ნაწილი, სწორედ “ერთი ხელის მოსმით”, ანუ, ამოსუნთქვის გარეშე დაწერილი ლექსებია. ვწერდი ყველგან: ქუჩაში, მინდორში, ვენახში, სახლში – ჭურჭლის, თუ სარეცხის რეცხვის დროს. არ მიყვარს ნაწვალები ლექსები. შეიძლება არ არის რითმა ისე გამართული ჩემთან, როგორც სხვების, რამდენჯერმე გადახედილ-გასწორებულ ლექსებშია. მაგრამ ვწერ იმას, რასაც განვიცდი გულით და მერე მიჭირს შესწორება. გამორჩეულად რომელი მოსწონს საზოგადოებას, ჩემგან ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, უფრო ბარათების სახით დაწერილი ლექსები მიდის ჩემი ფაქიზი და გულისხმიერი მკითხველის გულამდე.
– როგორც პოეტს რაზე გწყდებათ გული?
– ბევრ რამეზე მწყდება გული, როგორც ადამიანს და როგორც პოეტს. თუმცა ეს მხოლოდ საკუთარი ცხოვრებიდან არ მოდის. ჩემს ირგვლივ უამრავი გაჭირვებული, ავადმყოფი, სულიერი ტკივილების მატარებელი ადამიანია. მე კი მათ ვერაფრით ვეხმარები.
– „ისე ვბერდები, ვერ გავამრავლე
საკუთარ ბაღში დაფნა და ვარდი.
ვერ აგიხსენი, ვერ მიგახვედრე,
ვერ დაგაჯერე, როგორ მიყვარდი“.– ვის მიმართავთ აქ?
– არიან ადამიანები, რომლებსაც მთელი ცხოვრება ეფერები. გულს და სულს უძღვნი და მაინც ვერ პოულობ მათ გულში ადგილს. ვერ აჩვენებ შენს სულიერ ფასეულობებს. უმადურობა – ყველაზე დიდი სენია, რაც ძალიან მწყინს. ვიყავი ძალიან მეოცნებე, რომანტიული ბუნების გოგონა. ვოცნებოდი მომავალზე, სადაც მე ძალიან წარმატებული, ძალიან შეყვარებული, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ვინ არ ოცნებობს ამ ყველაფერზე?.. თუმცა ოჯახი, რომელიც არ არის ძლიერი, ქვეყანაში არსებული საყოველთაო გაჭირვების და ეკონომიური კრიზისების გამო, არ იძლევა საშუალებას, განავითარო შენი სულიერი და ინტელექტუალური შესაძლებლობები. თუ ყოველწუთს იმაზე ფიქრი გიწევს, როგორ გამოკვებო, რა ჩააცვა, როგორ ასწავლო შვილებს, წიგნის ხელში ასაღებად, შენი თვალსაწიერის გასაფართოვებლად, სამშობლოს სანახავად და გასაცნობად, არც დრო გყოფნის და არც ენერგია… ეს წუწუნი არ არის, ეს რეალობაა. სამწუხარო, მაგრამ მაინც რეალობა. იყო დრო, როცა რისთვის, ან ვისთვის ვწერდი, არ ვიცოდი. უბრალოდ, მეწერებოდა და ვწერდი. გული მწყდებოდა, რომ ჩემს ირგვლივ არ იყო გარემო, სადაც ფასეული იქნებოდა ის, რასაც მე ვემსახურებოდი. რამდენიმე ჭკვიანი, გონიერი, კეთილი ადამიანის გარდა, არავის სჭირდებოდა ჩემი პოეზია.
– როგორ გაგიცნოთ მკითხველმა? რამდენი პოეტური კრებულის ავტორი ხართ?
– ჩემს ყოველდღიურობაში ქარიშხალივით შემოიჭრა სოციალური ქსელი. “ფრენდები”, რომლებიც სულ მალე ჩემს უკეთილეს, უჭკვიანეს, უერთგულეს მეგობრებად იქცნენ! მათ მიმახვედრეს და დამაჯერეს, რომ არც ისე უსარგებლო იყო ჩემი არსებობა და შემოქმედება. გულწრფელად ვარ მადლიერი და შეყვარებული, ამ ადამიანებზე! ორი კრებული მაქვს გამოცემული. მზად მაქვს მესამე წიგნის მასალა, მაგრამ ჯერ არ ვიცი, როდის იხილავს დღის სინათლეს.
– კრიტიკაზე როგორ რეაგირებთ?
– ჯანსაღი, ობიექტური და პირუთვნელი კრიტიკა ძალიან საჭირო და აუცილებელია შემოქმედი ადამიანებისთვის!.. არ მწყინს კრიტიკა, თუ ის კეთილი ზრახვებითაა დაწერილი, ან ნათქვამი. მქონდა ორიოდე შემთხვევა, როცა არაობიექტურად, ღვარძლიანად, არაპროფესიონალურად მიმითითეს ლექსზე, რომელიც შეიძლება არ იყო შედევრი, მაგრამ არც “შტერის” დაწერილს ჰგავდა. შეურაცხყოფა არასოდეს არ უნდა მივაყენოთ არავის. როგორც არ უნდა სუსტად ვთვლიდეთ მის შემოქმედებას, ან საქციელს!…
– უფროსი თაობის მეგობარი პოეტები, რომელთა აზრიც მნიშვნელოვანია თქვენთვის...
– არიან, ვიცი, საბედნიეროდ, პოეტები უფროსი და უმცროსი თაობიდანაც, რომელთა აზრიც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია!… მხოლოდ ერთ ქალბატონს დავასახელებ მაგალითისთვის – მარინა თექთუმანიძე, რომლის პიროვნული, თუ ინტელექტუალური ღირებეულებები ჩემთვის მისაბაძი და საამაყოა !… სხვების ჩამოთვლისაგან თავს შევიკავებ, რომ არავინ გამომრჩეს. საქართველოში უამრავი ნიჭიერი, გამორჩეულად გონიერი ადამიანია. მათი შემოქმედება და ხელოვნება ნებისმიერ დიდ ქვეყანას შეშურდება. ისინი გაცილებით მეტს მიაღწვდნენ სხვაგან, სადაც იციან პიროვნების ფასი. ჩვენთან სამწუხაროდ, მოიკოჭლებს ერთმანეთით აღფრთოვანების, ერთმანეთის დაფასების, სიცოცხლეშივე აღზევების ნიჭი და უნარი. შემოქმედება, ხელოვნება, თავის სათქმელს მაინც იტყვის ადრე, თუ გვიან. ეს ის ფასეულობებია, რაც ქვეყანას, ხალხს, ეპოქას გამოარჩევს და წარმოაჩენს.
– რა არის ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის დანიშნულება?
– ხელოვნების დანიშნულება ადამიანთა გაკეთილშობილებაა სწორედ. მათთვის სიხარულის და ბედნიერების მინიჭება!.. თუ შენი ერთი სიტყვაც კი ვიღაცის სულიერ ტკივილს მოარჩენს, თუ შენი ნახატი, სიმღერა, მუსიკა სიცოცხლის სურვილს დაუბრუნებს, ზეცისკენ მადლიერებით აახედებს, სიკეთის კეთების სურვილით აანთებს სხვას, ამაზე დიდი ბედნიერება არ შეიძლება არსებობდეს შენთვის, როგორც პიროვნებისთვის!.. არ შემიძლია, ცალკე არ აღვნიშნო შემოქმედებითი საღამოები, თბილისში: ჯერ სამების ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში, მერე, მწერალთა სახლში. ორივე საღამოს ინიციატორი და სულისჩამდგმელი გახლდათ ქალბატონი მარინა თექთუმანიძე. რომელიც სოც. ქსელის მეშვეობით გავიცანი. არასდროს დამავიწყდება ის არაჩვეულებრივი, განსაცვიფრებელი, უდიდესი სიყვარულით აღბეჭდილი შთაბეჭდილებები, რაც იმ საღამოებმა დამიტოვა!.. ეს იყო ზეიმი, ადამიანური ურთიერთობების და სიკეთის. თითო საღამო, თითო, განვლილ ცხოვრებას უდრიდა!… მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს ასეთი მეგობრები!
– რა დადებითი და უარყოფითი თვისება აქვს ვირტუალურ ლიტერატურას? რაში გეხმარებათ სოციალური ქსელი?
– სოციალური ქსელი კარგად წარმოადგენს ადამიანის დადებით და უარყოფით თვისებებს. თავიდან არ მჯეროდა, მიკვირდა, როგორ შეიძლება, “კომენტარის” წერისას გამოვლინდეს პიროვნების ხასიათი?.. თურმე, შესაძლებელი ყოფილა. სიტყვების განლაგებასაც კი მნიშვნელობა აქვს. ან სიცივე და ირონია მოდის, ან სიკეთე, სითბო და კეთილგანწყობა. აქ გავიცანი ისეთი შესანიშნავი შემოქმედი ხალხი, რომელთა გაცნობასაც ალბათ ვერასდროს შევძლებდი სოც. ქსელის მიღმა. მაგალითისთვის, ორიოდეს დავასეხელებ: ვასილ ბესელია. კობა ჭუმბურიძე. საშა გველესიანი. ….ჩამონათვალი ძალიან გრძელი გამოვა. ამიტომ, თავს შევიკავებ და ბოდიშს მოვიხდი მათ წინაშე, ვისი შემოქმედებაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია!.. პირადად მე სწორედ ვირტუალური სამყარო დამეხმარა, ჩემი პოეზია გამეზიარებინა ფართო საზოგადოებისთვის და გამეგო მათი აზრი. გამეცნო და შემეძინა უამრავი მეგობარი. კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი იმაში, რომ ქვეყნად არსებობენ საუკეთესო ადამიანები!… სოც. ქსელი ჩემთვის მეორე ოჯახივითაა. თუ რამე მაინტერესებს, ან მაწუხებს, ვეკითხები რჩევას მეგობრებს და ვიცი, აუცილებლად მიპასუხებენ, მირჩევენ, გამამხნევებენ და მზისკენ იმედით ამახედებენ.
– „ფიქრის თეჯირსმიღმა
ხსოვნის კირთები მაქვს,
შენი უტკბილესი სუნით,
დედაჩემო“ … მოგვიყევით დედაზე.
– დედაზე საუბარი ჩემთვის ძალიან მტკივნეული და მტანჯველია. ის ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან. თუმცა, მხრებით უზარმაზარი სევდის და ტკივილის ტვირთი გაიყოლა. დედა – უნაზესი, პატარა ტანის, თეთრი და ღიმილიანი. (მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა) მუდამ იდგა ჩემს გვერდით, როგორც მტკიცე ბურჯი და საყრდენი. მამხნევებდა. მაგულიანებდა. მან შემაყვარა წიგნი. მან ჩანერგა ჩემს სულში ბრიალა მზე, რომელიც მუდამ მზად არის ანათოს, გაათბოს და გაახაროს ადამიანები. რამდენიმე ლექსი მაქვს დაწერილი დედაზე, მაგრამ მათგან გამორჩეული ალბათ ბარათია, რომელიც ლექსად მივწერე სიცოცხლის მერე. ამ ბარათმა უამრავი ადამიანის გული მოინადირა. ბევრს განუახლა ტკივილი და მონატრება საკუთარი დედების მიმართ…. დღესაც მახსოვს დედაჩემის სევდიანი თვალები. მისი ბავშვურად მორცხვი ღიმილი. მისი სუნი – უტკბილესი. იის, ვარდის და კიდევ რაღაც უნაზესის. მეც მინდა ასეთად შევრჩე ჩემი შვილების ხსოვნას.
– როგორი დედა, ბებია ხართ?
– არ ვიცი, როგორი დედა და ბებია ვარ. ამაზე ალბათ ჩემი შვილები და შვილიშვილები ისაუბრებენ ოდესმე. მყავს 4 შვილი და ხუთი შვილიშვილი. ყველა დედას საკუთარი თავი ძალიან კარგი ჰგონია. მე არ ვფიქრობ, რომ კარგი დედა და კარგი ბებია ვარ. რაც მინდა ჩემი შვილებისთვის, იმის მეასედსაც ვერ ვაკეთებ მათთვის. მხოლოდ კეთილი სიტყვა და ალერსი არაფერს შველის….ჩემთვის ყველაზე დიდი ფასეულობა და სიმდიდრე სწორედ ჩემი ოჯახია.
– როგორი შემფასებლები არიან შვილები? რომელიმე შვილს თუ გადაეცა წერის ნიჭი დედისგან მემკვიდრეობით?
– ახალ ლექსს ყოველთვის ოჯახში ვკითხულობ რომელიმესთან, ან ყველა შვილთან ერთად. ისინი კარგი მკითხველები და შემფასებლები არიან. უყვართ და მოსწონთ ის, რასაც მე ვემსახურები. თუ ლექსი არ მოეწონებათ, გულწრფელად მეტყვიან და მეც ვითვალისწინებ მათ აზრს. ვენდობი მათ გემოვნებას. ხელოვნების ნიჭი თვითეულ მათგანს აქვს თანდაყოლილი. თუმცა წერით, ალბათ უმცროსი ვაჟი უფრო დამემსგავსება. მას უკვე აქვს მოსინჯული კალამი და საკმაოდ კარგად გამოსდის ეს საქმე.
– გარდა წერისა სხვა ნიჭიც გაქვთ მომადლებული. რა ჰქვია თქვენს ხელოვნებას ამ კუთხით? როდის დაიწყო ყველაფერი?
– 2007 წელს, სრულიად მოულოდნელად და ჩემდა გასახარად, აღმოვაჩინე ქვის მხატვრული ღირებულებები. უბრალო, დაუმუშავებელი, ქუჩებში და მდინარეების ნაპირებზე ნაპოვნი ქვებით ვქმნიდი ულამაზეს მინიატურულ “ქანდაკებებს”, სუვენირებს. ამან ძალიან საინტერესო გახადა ჩემი ცხოვრება. ჩემს მეორე გატაცებასა, თუ შემთხვევით ნიჭს არ ვიცი რა ჰქვია ამას. არც მხატვარი ვარ, თუმცა უდიდესი სურვილი მაქვს, ვიყო. არც მოქანდაკე…. ბუნებამ მზა სახით დამახვედრა საჭირო მასალა და მეც დიდი ენთუზიაზმით შევუდექი ახალ საქმეს. დღემდე შექმნილი მაქვს 1000-ზე მეტი სუვენირი. ისეთი მეტყველია ყოველი ქვა, იმდენ სილამაზეს იტევს, რომ ჩემი კოლექცია “ქვის პოეზიის” სახელით მოვნათლე. სასიამოვნო უფროა, ვიდრე რთული ქვასთან ურთიერთობა. მე არ ვკვეთ, არ ვამუშავებ მასალას. ყველაზე დიდი ძალისხმევა მათ მოპოვებას სჭირდება. როგორც უკვე აღვნიშნე, მქონდა გამოფენები. გავაჩუქე უამრავი, გავყიდე კიდეც. მაინც იმდენი მაქვს სახლში, რომ დიდი ხანია არაფერს აღარ ვქმნი ადგილის სიმცირის გამო.
– მუშაობის დროს ყველაზე სასიამოვნო რომელი ეტაპია?
– შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ იმ დროს, როდესაც ახალ ნამუშევარს ვუკირკიტებ, არანაირი წყენა, სევდა და საფიქრალი არ მაწუხებს. ვარ ჩემთვის, ჩემს ჩანაფიქრთან ერთად და ვღიღინებ. ამიტომ თვითეულ მათგანს ახლავს სუფთა ენერგეტიკა და მადლი. ყველაზე დიდი ბედნიერება ამ პროცესში გახლავთ უკვე დასრულებული ნამუშევარი. როცა ვუყურებ და თავადვე მიკვირს – როგორ ვიპოვნე ასეთი უცნაურობა?
– გამოფენები თუ გქონდათ?
– მქონდა გამოფენები თელავში, ქ.იაშვილის სახ. სამხატვრო გალერეაში, რომელიც ამჟამად აღგვილია პირისაგან მიწისა. გამოფენებს მოჰყვა ძალიან კარგი გამოხმაურებები. იყო გადაცემები ტელევიზიების საშუალებით. მათ შორის, “რუსთავი 2-ის” დილის კურიერშიც.
– რისი თქმა გსურდათ ამ ნამუშევრებით?
– ბუნება ყველაზე დიდი და ნიჭიერი მხატვარი და შემოქმედია! მე უფალმა მარგუნა წილად, დამენახა და გამეგო ქვის მუნჯი ენა, მინდიასავით. მადლობა ღმერთს, ყველა სიკეთისთვის!
ირმა მირზაშვილი