ცხინვალიდან მეგობრები მწერენ: ზაირა დაბრუნდი, ქორებისა და მტაცებლების დრო წავიდა…
მაშინ 38 წლის იყო. ფიქრობდა, რომ ყველაფერი მალე, ერთ წელში დაწყნარდებოდა. დაიწყებოდა მოლაპარაკებები და სიტუაცია განიმუხტებოდა. „სულ ამის მოლოდინში ვიყავი. მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგად, მხოლოდ, ძალიან ბევრი დაკარგული წელი მივიღე“, – ამბობს ადვოკატი ზაირა მარანელი.
90-იან წლებში, როდესაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ომი დაიწყო, ბევრმა ქართველმა ცხინვალი დატოვა. „მაგრამ, მე დავრჩი. ვერ წარმომედგინა, რატომ უნდა დამეტოვებინა საკუთარი სახლი. ავადმყოფი მშობლებიც მეხვეწებოდნენ: – ნუ წაგვიყვან და სადღაც, სასტუმრობეში ნუ გვაწანწალებო…“
– შეუძლებელია დავიწყება…
– განუკითხაობა ორივე მხრიდან – ქართველებისგანაც და ოსებისგანაც იყო. შეუძლებელია დაივიწყო, როგორ აშინებდნენ და ძარცვავდნენ ადამიანებს. მახსოვს, ერთხელ მომადგნენ: ამ სახლში ქართველები ცხოვრობთ და უნდა დატოვოთ აქაურობაო. იყო ანონიმური ზარებიც. შეუძლებელი იყო ბანდფორმირებების ატანა. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც მიცავდა. დღეს რომ ცოცხალი ვარ, ჩემი ოსი მეგობრის დამსახურებაა, რომელიც ერთ ღამეს მოვიდა და მთხოვა, სანამ დრო იყო, ცხინვალი დამეტოვებინა. იცით, თითქოს მასა აჟიტირებული იყო. აღარ ჩანდა ინტელიგენცია. რთულია, რომელიმე პრობლემა დავასახელო. მე ყველაფერი მახსოვს და ვერასდროს ვერ დავივიწყებ.
2006 წელს კი ქურთაში სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია რომ შეიქმნა, მე იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ვიყავი. 2009 წელს დიმიტრი სანაკოევმა რეორგანიზაცია მოიმიზეზა და, პირველ რიგში, ყველა განათლებული ადამიანი გაათავისუფლა სამსახურიდან. იგი ვერ იტანდა, არა მხოლოდ ჭკვიან ადამიანებს, საერთოდ განსხვავებულ აზრსაც.
– ვინმეს დანაშაულზე შეიძლება ვილაპარაკოთ?
– დამნაშავე არც მხოლოდ ოსია და არც მხოლოდ ქართველი. სამწუხაროდ, თავის დროზე არაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ კონფლიქტი არ გაღვივებულიყო. მე ბრალს ქართულ და ოსურ ინტელიგენციას ვდებ. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მაშინ პროტესტით გამოვიდა და ამბობდა: მე მრცხვენია, რომ ოსი ვარ – გინეკოლოგი ელენა კალოევა იყო და ისიც გიჟად მონათლეს. ქართველებიდან ასეთი არავინ არ გამოჩენილა. სამწუხაროდ, დღესაც იგივე პოლიტიკა გრძელდება.
20 წლის ისტორიამ დაგვანახა და მოგვცა იმის ანალიზი, რომ კონფლიქტის გაღვივებაში ორივე მხარე არის დამნაშავე. არც ერთი მხარე არ აღუდგა იმ ნეგატიურ ძალებს, რომლებსაც ამ ძმობის და ურთიერთობის დარღვევა უნდოდათ. ორივე მხარის, ვითომდა ეს ეროვნული ძალები ძალიან აგრესიულები, მიუღებელნი და დაუნდობლები იყვნენ. მათი ისტერია მზარავდა. ჩემი აზრით, ჩვენი თაობა არა მხოლოდ დამნაშავეა, ჩვენ დაბნეულებიც ვიყავით. მაგრამ სამწუხაროა, რომ არც მაშინ და არც დღეს არავინ არაფერს გვეკითხებოდა და გვეკითხება.
– ცხინვალი როდის დატოვეთ?
– ცხინვალი 2006 წელს დავტოვე, როცა თითქმის უკვე სულ მარტო დავრჩი. მშობლები გარდაიცვალნენ. აღარ მესმოდა ქართული საუბარი, ქართული ქორწილი… ვგრძნობდი, რომ ცხინვალი შეიცვალა და გაუცხოვება დავიწყე. ჩემი ოსი მეგობრებიც კი ვლადიკავკაზში წავიდნენ საცხოვრებლად. ისინი ამბობდნენ: ჩვენ აქ ვერ დავრჩებითო. ჩვენ გვყავს როგორც ოსი, ისე ქართველი მეგობრები და ნათესავები. ამ სიტუაციაში ვის მხარეს უნდა ვიყოთ. მაქსიმალურს ითხოვენ. შუალედი არ არსებობს. ამ ვითარებას დაემატა ისიც, რომ სამხრეთ ოსეთის პასპორტების დარიგება დაიწყეს. მაიძულებდნენ, განცხადება დამეწერა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი მეთქვა.
– ახალი თაობა…
– ახალი თაობა ნეგატიურ ასპექტში, სრულ იზოლაციაში, ზიზღით და სიძულვილით გაიზარდა. ქართული კულტურისა და ისტორიის ცოდნაზე ზედმეტია ლაპარაკი. ალბათ, ისევ ჩემი თაობა თუ მოძებნის საერთო წერტილებს, თორემ არა მგონია ახალ თაობაში ამის რესურსი არსებობდეს. პარიტეტულ საწყისებზე ერთნაირად უნდა წავიდეთ, არც ოსი უნდა დაიჩაგროს და არც ქართველი. ტყუილია არასამთავრობო ორგანიზაციების ფარისევლური დამოკიდებულებაც. მათთვის მთავარია, გრანტი აიღონ.
– თქვენი ცხოვრება როგორ გრძელდება?
– ბოლო ხუთი წელი ცოცხლად ვიმარხები. ახლანდელი მდგომარეობა ჩემთვის პატიმრობაა. მე ჩემი პროფესიით ვცოცხლობდი. ყველაზე რთული კი ის არის, როცა ხედავ, რომ მოთხოვნადია ადამიანი, რომელსაც სამი კლასის განათლება აქვს. ცხინვალში არ მატყუებდნენ მაინც, პირდაპირ ამბობდნენ: ქართველი ხარ და არ მიგიღებთ სამსახურში, ქართველი ხარ და წადი ამ სახლიდან. აქ ტყუილებმა დამღალეს. აქ, საერთოდ, არავინ არ ვარ. დევნილთა შემწეობის 45 ლარზე ვცხოვრობ რუსთავში, დისშვილის ბინაში. არასდროს არანაირი კომპენსაცია არ მიმიღია. დაზღვევაც კი არ მაქვს. დღემდე ჩემი ოსი ნათესავი მეხმარება ფინანსურად. ამას ოსები ცხინვალში არ მაკადრებდნენ. პატივს მცემდნენ. ვერ ვხვდები ჩემს მიწა-წყალზე რატომ ვშიმშილობ.
– ცხინვალთან ურთიერთობა გაქვთ?
– ინტერნეტით მაქვს ურთიერთობა ჩემს მეგობრებთან და ახლობლებთან. ამბობენ, რომ ახლა სიტუაცია შეიცვალა. ჩემი ოსი მეგობრები მწერენ: ზაირა დაბრუნდი, ქორებისა და მტაცებლების დრო წავიდაო…
– დაბრუნდებით?
– რა თქმა უნდა, დავბრუნდები, მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალში, ჩემს სახლში ახლა სხვა ოჯახი ცხოვრობს. მე ხომ მშობლების საფლავები იქ მაქვს, სოფელ ავნევში კი მამისეული სახლი. დავბრუნდები, მაგრამ ვიცოცხლებ კი იმ დღემდე?..
მზევინარ ხუციშვილი